რა უნდა ვიცოდეთ Apple-ის სმარტსაათების აკრძალვის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ Apple-ის სმარტსაათების აკრძალვის შესახებ?

26 დეკემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალაში შევიდა დადგენილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე Apple-ის სმარტსაათების გარკვეული მოდელების გაყიდვასა და იმპორტს კრძალავს. ტექნოლოგიურ გიგანტს კალიფორნიის სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია Masimo უჩივის, რომლის მტკიცებითაც, მოწყობილობის ალგორითმი, რომელიც მომხმარებელთა სისხლში ჟანგბადის დონეს ზომავს, პატენტზე საკუთრების უფლებას არღვევს.

საერთაშორისო სავაჭრო კომისიამ ჯერ კიდევ ოქტომბერში დაადგინა, რომ Apple-ი ტექნოლოგიური კომპანია Masimo-ს პატენტზე საკუთრების უფლებებს არღვევდა. კომისიამ სადავო მოწყობილობის გაყიდვასა და იმპორტზე აკრძალვის დაწესების გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციას აკრძალვაზე ვეტოს დასადებად 60 დღე ჰქონდა. სმარტსაათების გარკვეული მოდელების გაყიდვის აკრძალვას ვეტო არც ბაიდენმა დაადო, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან 2013 წლის შემდეგ კომისიის გადაწყვეტილება აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს არ შეუცვლია.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობითმა ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ დეტალური განხილვის შემდგომაც აკრძალვის გაუქმების გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, შედეგად, დადგენილება ძალაში შევიდა. განჩინების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალება Apple Watch-ის იმ მოდელების გაყიდვა, რომლებშიც პატენტის დამრღვევი სადავო ტექნოლოგიაა დაინსტალირებული – მათ შორისაა 2020 წლის Apple Watch Series 6, ასევე უახლესი Apple Watch Series 9 და Ultra 2.

მაღაზიათა დახლებიდან კომპანიამ სადავო სმარტსაათების ამოღება ეტაპობრივად გასულ კვირას დაიწყო, თუმცა მოდელების ნაწილი მაინც ხელმისაწვდომია საცალო ონლაინვაჭრობის პლატფორმებზე, მათ შორის Amazon-სა და Best Buy-ზე. აკრძალვა არ იმოქმედებს იმ მოდელებზე, რომელთაც სისხლის მონიტორინგის ტექნოლოგია არ გააჩნიათ, მაგალითად, Apple Watch SE-ის მოწყობილობებზე. Apple-ის განცხადებითვე, აკრძალვა არ შეეხება მომხმარებლებს, რომელთაც Watch Series 9 და Ultra 2 მოდელები დადგენილების ძალაში შესვლამდე აქვთ შეძენილი.

სამშაბათსვე, მოდელების იმპორტსა და გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა Apple-მა ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. კომპანიამ, სამართლებრივი პროცესების დასრულებამდე, საერთაშორისო სავაჭრო კომისიის დადგენილების შეჩერება მოითხოვა. გასულ კვირას Apple-ის იგივე მოთხოვნა თავად სავაჭრო კომისიამ უარყო. თუმცა, სასამართლომ ტექნოლოგიური გიგანტის საჩივარი დააკმაყოფილა და Apple-ის 5-დან 10 იანვრამდე გაყიდვების განახლების უფლება მისცა.

Apple-ის ინფორმაციით, კომპანიამ აშშ-ის საბაჟო სააგენტოში – რომელიც პროდუქტის ბაზარზე დასაბრუნებლად ცვლილებების დამტკიცებაზეა პასუხისმგებელი – Apple Watch Series 9-ისა და Ultra 2-ის რედიზაინიც წარადგინა. მიუხედავად ამისა, თავად Apple-ი პატენტის უფლებების დარღვევაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამტკიცებს, რომ კომპანიას Masimo-ს ტექნოლოგია არ გამოუყენებია.

„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით კომისიის გადაწყვეტილებას და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა ამერიკის შეერთებული შტატების მომხმარებლებისთვის, ძალიან მალე Apple Watch Series 9-სა და Apple Watch Ultra 2-ს მოდელები კვლავ ხელმისაწვდომი გავხადოთ“, – განაცხადა კომპანიამ ამერიკული Forbes-ისთვის მიცემულ განცხადებაში.

Apple-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა და ასევე ერთადერთია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $3-ტრილიონიან ნიშნულს სცდება. სმარტფონების შემდეგ, სმარტსაათეები კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მხოლოდ 2023 წლის მესამე კვარტალში, საათების, სახლისა და სხვა აქსესუარების ბიზნესიდან კომპანიამ $8.28 მილიარდის შემოსავალი მიიღო.