Foxconn-ის მილიარდერი დამფუძნებელი, ტერი კოუ, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატურას აყენებს. არჩევნები 2024 წლის იანვარშია ჩანიშნული.
ტერი კოუ, თვითმმართველი დემოკრატიული კუნძულის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული Forbes-ი ტაივანელს $7.1 მილიარდად აფასებს. კოუს დიდი ხანია პოლიტიკური ამბიციები აქვს. 2019 წელს, ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტია Kuomintang-დან (KMT) კანდიდატურის მისაღებად, მილიარდერმა Foxconn-ში დაკავებული თანამდებობაც დატოვა. ცნობისთვის, Foxconn-ი ელექტრონიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და Apple-ის iPhone-ებისთვის მთავარი მიმწოდებელია.
მიუხედავად ამბიციებისა, გასულ არჩევნებში კოუმ წარმატებას ვერ მიაღწია. მიმდინარე წელს კი, KMT-მა, რომელიც პეკინისადმი მეგობრულად განწყობილ პარტიად მიიჩნევა, საკუთარ კანდიდატად, ნიუ-ტაიპეი სიტის მერი, ჰოუ იუ-ი დაასახელა. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერად კი, მმართველი პარტიის კანდიდატი და ვიცე-პრეზიდენტი ლაი ჩინგ-ტე განიხილება.
მილიარდერს დამოუკიდებელ კანდიდატად დასარეგისტრირებლად 2 ნოემბრამდე 290,000 ხელმოწერის შეგროვება სჭირდება. კოუმ ტაივანის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსი შეხვედრები უკვე დაიწყო.
კოუმ ტაივანის მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტია, რომელმაც გასულ ორ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ქვეყნის ომის საფრთხემდე მიყვანაში დაადანაშაულა და მთავრობის საშინაო პოლიტიკაც გააკრიტიკა. მილიარდერის განცხადებით, არ დაუშვებს, რომ ტაივანი შემდეგი უკრაინა გახდეს.