პრეზიდენტ ობამას პრობლემა, რომელიც ამჟამად ხელმოცარულია, იმაში მდგომარეობს, რომ მას სულ უფრო ხშირად ადარებენ ვლადიმირ პუტინს და ასკვნიან, რომ მას ნაკლოვანებები გააჩნია.
თეორიულად ბ-ნ ობამას ყველა უპირატესობა უნდა ჰქონდეს. რუსეთი ჩამორჩენილი სახელმწიფოა, რომლის არყის მსმელი მოსახლეობა ვარდნის ზღვარზე ბალანსირებს. მას არა აქვს თანამედროვე სამრეწველო ბაზა, თუმცა მისი უზარმაზარი ტერიტორია შეიცავს მდიდარ ბუნებრივ რესურსებს, კერძოდ ისეთებს, რომლებიც გამოიყენება ენერგიის მისაღებად. ამ რესურსებით ფინანსდება ქვეყანა და მისი უზარმაზარი შეიარაღებული ძალები, მაგრამ რუსეთს არ გააჩნია საშუალება და უნარი თავისი ხალხის ცხოვრების დონის ასამაღლებლად. მათი და აყვავებული დასავლეთის ცხოვრების დონეს შორის განსხვავება ყოველ წელს იზრდება.
ობამა მოგებიან მდგომარეობაში უნდა იყოს. აშშ-ის ეკონომიკა თანამედროვე ისტორიაში ყველაზე უარესი კრიზისიდან სწრაფი აღდგენის პროცესშია. უმუშევრობა იკლებს, იქმნება მილიონობით ახალი სამუშაო ადგილი. ჰიდრავლიკური რღვევა უდიდეს ბიძგს აძლევს ენერგომატარებლების მიწოდებას, რამაც ათწლეულის ბოლომდე აშშ-ს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს. მიუხედავად ამისა, ეს სასიხარულო ცვლილებები ობამას არ მიეწერება. როგორც წესი, პრეზიდენტის მხარდაჭერა იზრდება, როდესაც ეკონომიკა ყვავის, მაგრამ ობამას რეიტინგი კვლავ ერთ ადგილზე დგას, ან დროდადრო ეცემა.
რაც უნდა ვიფიქროთ პუტინის მორალურ პრინციპებზე – რომლებიც სავალალოა – ის ითვლება ძლიერ, დამაჯერებელ და ენერგიულ ლიდერად, რომელიც რუსეთის ინტერესებს ყოველთვის მნიშვნელოვანი წარმატებით ატარებს. მისგან განსხვავებით, ობამას აღწერენ, როგორც სუსტსა და მერყევ ლიდერს, რომელსაც არ გააჩნია გარკვეული მოკლე- და გრძელვადიანი მიზნები. ის იღებს მაღალ შეფასებას რიტორიკისთვის, მაგრამ იღებს ნულოვან შეფასებას მოქმედებისთვის – მოკლედ რომ ვთქვათ, ის უბრალოდ ყბედია.
ამ ორ ლიდერს შორის განსხვავებებს ხაზს უსვამს ორი კრიტიკული სფერო. სირიაში პუტინი მხარს უჭერდა ადამიანს, რომელიც აშკარად იგებს – პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. ეს ცინიკური და დაუნდობელი მმართველი, სავარაუდოდ, პასუხს აგებს 100 000-ზე მეტი სირიელის სიკვდილზე, მაგრამ მისი ჯარები გეგმაზომიერად ამყარებენ თავიანთ პოზიციებს, ის მზარდი თავდაჯერებულობით მოქმედებს. პუტინი ასადს მხარს უჭერდა იარაღით, დიპლომატიური დახმარებით და ძველი საბჭოთა სტილის აგიტაცია-პროპაგანდის მექანიზმების ყველა რესურსებით და თანდათანობით მიზანს მიაღწია.
ობამას მორალური კარტის გათამაშებისთვისაც კი არ მიეწერა დამსახურება, რადგან მისი მოქმედებები იყო მერყევი, ურთიერთსაწინააღმდეგო და არაეფექტიანი. მისი, ანტიასადური ჯგუფებისთვის იარაღის მიწოდების პოლიტიკა, თუკი ის არსებობს, გაურკვეველია. ის ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მას ეს ყველაფერი ისე დიდად არ ადარდებს; რომ მისი ემოციები ამაში ჩართული არ არის.
უკრაინაში არეულობის დროს პუტინმა კვლავ აჩვენა სიძლიერე და თანმიმდევრულობა, თუმცა არასწორი მიმართულებით. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უკრაინა რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილად დატოვოს. უკრაინელების დიდ ნაწილს აშკარად უნდა, რომ ევროპის საზოგადოების ნაწილი გახდეს, რაც მათთვის თავისუფლებასა და პროგრესს ნიშნავს.
უკრაინის მეშვეობით ობამას შესაძლებლობა აქვს მხარი დაუჭიროს პოპულარულ იდეას აღმოსავლეთ ევროპის ძირითად ქვეყანაში. ამის წარმატებით შესრულება მნიშვნელოვნად გააძლიერებდა დემოკრატიის ძალებს ევროპაში და, ამავე დროს, ევროპის საზოგადოებას ასე აუცილებელ იდეალისტურ პრინციპებს მისცემდა, რომელთა გარშემოც გაერთიანება შეიძლებოდა. ეს აგრეთვე სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდა პუტინის საგარეო პოლიტიკას. მაგრამ, როგორც ჩანს, ობამა ვერ იაზრებს განსახილველი საკითხების მნიშვნელოვნებას ან იმას, თუ რატომ არის ამერიკის მხარდაჭერა ასე არსებითად მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული ძალებისთვის. ისიც კი არ არის გარკვეული, გააჩნია თუ არა ობამას რეალურად რაიმე პოლიტიკა.
მეორე ვადის ტრაგედია
პრეზიდენტი ობამა კარგავს ორ გადამწყვეტ შანსს, მხარი დაუჭიროს ღირსებასა და კაცთმოყვარეობას ბოროტი ძალების წინააღმდეგ და პუტინს ადვილ გამარჯვებას გადასცემს. ისტორიამ ობამა ჩააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც მას ეკისრება პასუხისმგებლობა ორი ხალხის თავისუფლებაზე ან მონობაზე. პუტინს გაცილებით ნაკლები რესურსები აქვს, მაგრამ ის მათ საქმის ცოდნით, თანმიმდევრულობითა და სიმტკიცით იყენებს. საშინლად სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე აშშ-ს მართავს ადამიანი, რომელსაც ასე ნაკლებად აწუხებს თავისი ქვეყნის როლი თავისუფლების დაცვასა და გავრცელებაში და რომ ბოროტმა ძალებმა უნდა მოიგონ ბრძოლები ასეთი მცირე ძალისხმევით.
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)