გადასცემს თუ არა მთავრობა Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიას Outrider Management-ს?

გადასცემს თუ არა მთავრობა Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიას Outrider Management-ს?

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ი საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. საუბარია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე, სადაც კომპანია Frontera საქმიანობდა.

Outrider Management-ის განცხადების თანახმად, კომპანია საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო. კერძოდ, ის Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო, თუმცა Frontera-ს მის მიმართ $35 მილიონი დოლარის ვალდებულებები ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც სასამართლო დავაში იყო ჩართული. Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან.

“აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკული კომპანიის მიერ პრემიერისადმი მიმართვიდან ორი კვირის თავზე bm.ge-მ ფინანსთა მინისტრს ჰკითხა – რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას და რამდენადაა იმის ალბათობა, რომ Outrider Management-ს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, უფასოდ გადაეცეს ის ტერიტორია, რომელიც ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ფრონტერას“ ჩამოერთვა და ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაა.

ფინანსთა მინისტრი კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ “ფრონტერასთან“ საქართველო პირნათელია და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მთავრობა “ინვესტორს ელოლიავებოდა“, მან ვალდებულებები არ შეასრულა.

რაც შეეხება უშუალოდ Outrider Management-ის მოთხოვნაზე მთავრობის პასუხს, ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ „ფრონტერასა“ და Outrider Management-ს შორის დავის შესახებ მათთვისაც ცნობილია და საქართველოს მთავრობის პასუხიც დავის შედეგებზეა დამოკიდებული; თუმცა მინისტრს ეჭვი ეპარება, რომ ქვეყანას რაიმე სახის ვალდებულება დაეკისროს.

“ჩვენ დაველოდებით, მხარეებს შორის დავა როგორ გადაწყდება; თუ საქართველოს რაიმე ვალდებულება დაეკისრა, შევასრულებთ, მაგრამ მგონია, რომ ეს ნაწილი – ვგულისხმობ მე-12 სალიცენზიო ბლოკის Outrider Management-ისთვის გადაცემას, საქართველოს მთავრობის დისკრეციად დარჩება.

ყველა შემთხვევაში, დავის დასრულების შემდეგ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და მთავრობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური და მისაღებია. აქტივების თუ მიწის გადაცემას ვიღაცის საკომპენსაციოდ არ და ვერ გავაკეთებთ – ორი მხარე დავობს, საუბარია იმაზე, რომ ერთმა პარტნიორმა აზარალა მეორე და ჩვენ ტერიტორია საკომპენსაციოდ რატომ უნდა გადავცეთ მას და არა – კარგ და პერსპექტიულ ინვესტორს?! თუ თავად კომპანია Outrider Management-ი აღმოჩნდება ასეთი, სიამოვნებით ვიფიქრებთ ამ საკითხზე, მაგრამ ახლა კონტექსტი სხვაა – “ფრონტერას“ დარღვევაზე თუ სხვა რამეზე კომპენსაცია საქართველომ გასცეს, ასე ვერ იქნება; რომ შევაჯამოთ, ჯერ დავა ჩაიხსნას და შემდეგ აბსოლუტურად სხვა რაკურსით შევხედავთ ამ საკითხს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *