გაერო ახალ ანგარიშში, სინძიანის რეგიონში, ჩინეთის მიერ უიღურებისა და სხვა მუსლიმი ეთნიკური უმცირესობების „თვითნებურ და დისკრიმინაციულ დაკავებას“, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შესაძლო ფაქტად განიხილავს. განცხადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა გააკეთა.
მიშელ ბაჩელეტმა ახალი ანგარიში მისი მმართველობის 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაქვეყნა. ბაჩელეტი, რომელსაც დიპლომატები და უფლებადამცველები ხშირად ჩინეთისადმი რბილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ, აზიურ სახელმწიფოს მაისში ეწვია.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის 48-გვერდიანი ანგარიშის თანახმად, სინძიანში, „მთავრობის მიერ ანტიტერორისტული სტრატეგიების გამოყენების კონტექსტში, ადამიანთა უფლებების სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი“. „უიღურებისა და სხვა, ძირითადად მუსლიმი ეთნიკური უმცირესობების თვითნებური და დისკრიმინაციული დაკავების მასშტაბი, შესაძლოა, საერთაშორისო დარღვევად, კონკრეტულად კი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს“, – აცხადებს გაეროს ოფისი.
ცნობისთვის, სინძიანის დასავლეთ რეგიონში მცხოვრები მუსლიმი უმცირესობების რიცხვი 10 მილიონს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ მათ მიმართ ძალადობის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი გენოციდში უკვე დაადანაშაულა.
თავის მხრივ, ჩინეთი სინძიანში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს უარყოფს და გაეროს ანგარიშის საპასუხოდ 131-გვერდიან მოხსენებასაც აქვეყნებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაეროს ანგარიშს “სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი“ უწოდა.