ახალი შეთანხმებით, უნგრეთი რუსეთისგან დღიურად უფრო მეტ ბუნებრივ აირს შეიძენს

ახალი შეთანხმებით, უნგრეთი რუსეთისგან დღიურად უფრო მეტ ბუნებრივ აირს შეიძენს

მოსკოვსა და ბუდაპეშტს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმების მიხედვით, უნგრეთი რუსული “გაზპრომისგან” დღეში 5.8 მილიონ კუბურ მეტრზე მეტ ბუნებრივ აირს მიიღებს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანას გაზი სერბეთის გავლით მიეწოდება.

ცნობისთვის, აგვისტოში უნგრეთი დღიურად 2.6 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირს იღებდა, რომლის მოცულობაც, პირველი სექტემბრიდან, დღეში 5.8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწოდების მოცულობა „ტექნიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებზე“ იქნება დამოკიდებული, გაზის მიწოდების ზრდა კი ქვეყანას, დეფიციტის გამო, შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას თავიდან აარიდებს.

უნგრეთსა და რუსეთს შორის გრძელვადიანი, 15-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რუსეთმა ბუდაპეშტისთვის ყოველწლიურად 4.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულება აიღო. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდგომ, ძველი შეთანხმებით განსაზღვრული 1 მილიარდი კუბური მეტრიდან უნგრეთმა, ავსტრიის მილსადენით, მხოლოდ მისი ნახევარი მიიღო. ამჟამად, სერბეთის გავლით, უნგრეთს სწორედ ამ დეფიციტის აღმოფხვრა სურს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ივლისში გაემგზავრა. ვიზიტმა, რომლის მიზანსაც რუსეთიდან გაზის მიწოდების ზრდა წარმოადგენდა, ევროპელი ლიდერების კრიტიკა დაიმსახურა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *