გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა დარღვევისა და დევნის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ გლობალურად 100 მილიონს პირველად გადააჭარბა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) განცხადებით, 2021 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რაოდენობა 90 მილიონს მიუახლოვდა, რაც ძალადობის ახალმა ტალღებმა ან გახანგრძლივებულმა კონფლიქტებმა გამოიწვია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ეთიოპია, ბურკინა-ფასო, მიანმარი, ნიგერია, ავღანეთი და კონგო. 100-მილიონიანი რიცხვი მსოფლიო მოსახლეობის 1%-ზე მეტს წარმოადგენს და მოიცავს ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებს, ისევე როგორც საკუთარი ქვეყნის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად გადაადგილებულ პირებს.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს უმაღლესი კომისრის განცხადებით, 100-მილიონიანი მაჩვენებელი საგანგაშო რეკორდია, რომელიც არასდროს არ უნდა დამყარებულიყო. ფილიპო გრანდიმ უკრაინის ომს გამოქცეული ადამიანების მიმართ დადებით საერთაშორისო გამოხმაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მობილიზაცია და თანაგრძნობა მსოფლიოს ყველა სხვა კრიზისისთვისაც ესაჭიროება. თუმცა დასძინა, რომ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
ბოლო პერიოდში, კონფლიქტის შედეგად ლტოლვილებად ქცეულთა რაოდენობის ზრდაზე გავლენა უკრაინის ომის გარდა, ავღანეთში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლამაც იქონია. ამ ყველაფერს იემენში სამოქალაქო ომის გამო ადამიანთა სიკვდილით დასჯა და მიანმარის გაჭიანურებული კრიზისიც ერთვის.