გაეროს ინფორმაციით, სუდანიდან მეზობელ ქვეყნებში იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო არსებული საკვების დეფიციტი და პირველად სერვისებზე ხელმიუწვდომლობა კი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.
გაეროს განმარტებით, სუდანში სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ქვეყანაში სამედიცინო საშუალებების ძლიერი დეფიციტია. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ფერმერები მოსავლის დათესვასაც ვეღარ შეძლებენ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.
შეგახსენებთ, სუდანის არმიასა და პარამილიტარისტულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის დაპირისპირებამ სუდანის დედაქალაქი ფაქტობრივად გაანადგურა. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები მიმდინარეობს დარფურშიც.
გაეროს ინფორმაციით, ამჟამად 14 მილიონამდე ბავშვს ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება. დაპირისპირებას თავი კი 4 მილიონამდე ადამიანმა დააღწია, ნაწილმა ქვეყნის შიგნით, ნაწილმა კი მეზობელ სახელმწიფოებში.
ყველაზე მეტი ლტოლვილი ჩადში გადავიდა. დაახლოებით 300,000-მდე ადამიანმა გადაკვეთა ეგვიპტის საზღვარი, 220,000-მა კი სამხრეთ სუდანს შეაფარა თავი.
გაერო და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები სუდანის რეგულარულ არმიასა და მათთან დაპირისპირებულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს ადამიანის უფლებების დარღვევებში ადანაშაულებენ. ხარტუმსა და სხვა დიდ ქალაქებში შემორჩენილ მოსახლეობას შეეზღუდა საცხოვრებელ პირობებზე წვდომა. მათ გაეთიშათ ელექტროენერგია, წყალი და კომუნიკაციები.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებით, სამოქალაქო ომმა უკვე 4,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილზე არსებული ექიმებისა და აქტივისტების განცხადებებით კი ეს რიცხვი ბევრად მაღალია.