ComCom-ის 5G აუქციონში გამარჯვებულად „სელფი მობაილი“ გამოცხადდა

ComCom-ის 5G აუქციონში გამარჯვებულად „სელფი მობაილი“ გამოცხადდა

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში 5G-ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში, N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „სელფი მობაილი“ გამოაცხადა. შედეგად, კომპანიას 700 მჰც და 3,400-3,600 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.

ComCom-ის მიერ დადგენილი პირობებით, აღნიშნული სიხშირით სარგებლობისთვის, „სელფი მობაილს“ საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულება გაუჩნდა. კომპანია ლიცენზიაში 2,657,445 ლარს გადაიხდის, რომლის 30%-იც, ერთი თვის ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომპანიამ 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი 4 კომბინირებულ ლოტზე გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ComCom-მა „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მოთხოვნა სრულად გაითვალისწინა და ერთ კომბინირებულ და ორ ცალკემდგომ ლოტზე აუქციონი MVNO ვალდებულების გარეშე გამოაცხადა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელეკომსექტორის 70%-ზე მეტი წილის მფლობელმა ორმა ოპერატორმა, გამოცხადებული პირობის მიუხედავად, აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ქართულ მობილურ ოპერატორ „სელფი მობაილსა“ და ტექნოლოგიურ გიგანტ Nokia-ს შორის, საქართველოში ეროვნული 4G ქსელის მოდერნიზებისა და, სამომავლოდ, ქვეყნის მასშტაბით, 5G ქსელის დანერგვისთვის ხელშეკრულებაც გაფორმდა. პარტნიორობით „სელფის“ მომხმარებლები მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარიხის კავშირგაბმულობითა და სწრაფი ფართოზოლოვანი სერვისების სრული დაფარვით ისარგებლებენ – სამუშაოები ნოემბრიდან დაიწყება.

„სელფი მობაილი“ ქართული ტელესაკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უკაბელო მომსახურებას 1.3 მილიონ მომხმარებელს უწევს.