გაკოტრებული SVB-ის პორტფელს First Citizens Bank-ი გამოისყიდის

გაკოტრებული SVB-ის პორტფელს First Citizens Bank-ი გამოისყიდის

First Citizens Bank-მა გაკოტრებული SVB-ის პორტფელის გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. გარიგება მოიცავს 72 მილიარდი დოლარის ღირებულების სადეპოზიტო და სასესხო პორტფელს, რომლის სანაცვლოდაც First Citizens-ს დაახლოებით 16.5 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს, რაც 77%-იანი ფასდაკლებაა.

აღსანიშნავია, რომ ეს გარიგება არ გულისხმობს Silicon Valley Bank-ის სრულ შესყიდვას, რადგან ცენტრალური მარეგულირებლის კონტროლ ქვეშ კიდევ რჩება დაახლოებით 90 მილიარდი დოლარის აქტივები, რომელიც, შესაძლოა, სხვა ბანკმა ან საინვესტიციო ფონდმა შეიძინოს.

SVB ბანკის კოლაფსი 2008 წელს Lehman Brothers-ის გაკოტრების შემდეგ მომხდარი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო, რომელიც სწორედ მიმდინარე თვეს მოხდა.

SVB-ის გაკოტრების მთავარი მიზეზი არასათანადო რისკ-მენეჯმენტი და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მკვეთრად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა იყო. ზემოხსენებული ბანკი ძირითადად ტექნოლოგიურ და სტარტაპ კომპანიებზე იყო ფოკუსირებული, მათგან მიღებულ დეპოზიტებს კი ის სესხად გასცემდა, თანხის დიდ ნაწილს კი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში აბანდებდა. 5%-მდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის პირობებში, ობლიგაციების პროცენტული ამონაგები თითქმის გასამმაგდა, თუმცა მათი ღირებულება შემცირდა, რის გამოც SVB-ის მენეჯმენტს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა წაგებაში მოუწიათ.

ბანკის გადახდისუუნარობის რისკის ზრდის ფონზე კი, დეპოზიტარებმა რეკორდული მოცულობის თანხის განაღდება მოითხოვეს, რამაც ბანკის საბოლოოდ გაკოტრებამდე მიიყვანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *