Galt&Taggart: რუსეთი ღვინის წამყვანი საექსპორტო ბაზარია, თუმცა ყველაზე იაფი

Galt&Taggart: რუსეთი ღვინის წამყვანი საექსპორტო ბაზარია, თუმცა ყველაზე იაფი

Galt & Taggart-მა სექტორული კვლევის ფარგლებში პრეზენტაცია გამართა, სადაც საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრის შესახებ იმსჯელეს. პრეზენტაციისას მიმოიხილეს ღვინის გლობალური ბაზარი; საქართველოს ღვინის სექტორი, ჩვენი ქვეყნის ძირითადი საექსპორტო ბაზრები და სამიზნე საექსპორტო ბაზრების მომხმარებლის პროფილი.

მიუხედავად იმისა, რომ ღვინის მოხმარების სიხშირე გლობალურად მცირდება, გაზრდილია საშუალო დანახარჯები ერთ ბოთლ ღვინოზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლები სვამენ ნაკლებ, მაგრამ ხარისხიან ღვინოს. ამასთან, დიდი ყურაღება ეთმობა ღვინის შეფუთვასა და ეტიკეტს. საინტერესოა, რომ სწრაფი ტემპით იზრდება მოთხოვნა ორგანულ ღვინოზე.

2020 წლის მონაცემებით, საქართველო ღვინის წარმოებით მსოფლიოში მე–19 ადგილზეა და თითქმის 27–ჯერ ჩამორჩება ტოპ-მწარმოებელ იტალიას. Galt & Taggart–ის მონაცემებით, საქართველოში 1 ჰექტარზე დაახლოებით 3.5 ტონა ყურძენი იწარმოება, რაც 2–ჯერ  ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს მსოფლიოში. 2020 წელს სექტორის ბრუნვამ მილიარდ ლარს გადააჭარბა, თუმცა, წინა წელთან შედარებით  2.1%–იანი კლება შეინიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიას გაცილებით დიდი გავლენა შიდა ბაზარზე ჰქონდა, სადაც შემოსავლები თითქმის განახევრდა. ღვინის სექტორი საქართველოში საკმაოდ ფრაგმენტულია, რადგანაც წარმოებული სასმელების 59% მცირე და საშუალო მეწარმეებზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ საექსპორტო ბაზრებზე  ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის მოცულობა იზრდება, ჩვენს ძირითად საექსპორტო ბაზრებს მაინც ყოფილი დსთ–ის ქვეყნები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ღვინის წამყვანი საექსპორტო ბაზარია, მაგრამ ყველაზე იაფი. რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ფასი თითქმის ორჯერ ნაკლებია აშშ–ში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულ იმავე ღვინის ფასზე. შესაბამისად, თუ ახალი საექსპორტო ბაზრების წილი მთლიან ექსპორტში გაიზრდება, სექტორის შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კვლევის მიხედვით, სამიზნე ბაზრებზე პოზიციების გამყარებას ოთხი ძირითადი ბარიერი უშლის ხელს. ქართული ღვინო ჯერჯერობით დაბალი ცნობადობით ხასიათდება, რთულია კონკურენცია ტრადიციულ ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებთან, მაღალია ახალ ბაზრებზე მარკეტინგული და ღვინის საცალო ქსელებში განთავსების ხარჯები.

რადგანაც მსოფლიოში ხარისხიანი და ორგანული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება, მოსალოდნელია, რომ მაღალხარისხიანი ღვინის წარმოების მოცულობა საქართველოშიც გაიზრდება. ამასთან, საშუალოვადიან პერიოდში  საქართველოში გაიზრდება ყურძნის მოსავლიანობისა და ხარისხის მაჩვენებელი. Galt & Taggart-ის  მოლოდინი ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურია, მათი გათვლებით, 2025 წლისთვის ღვინის ექსპორტი გაორმაგდება და $350 მილიონს გაუტოლდება. ხარისხის გაუმჯობესებისა და ახალი ბაზრების ათვისების ხარჯზე გაიზრდება ღვინის საშუალო საექსპორტო ფასიც.

სექტორის გრძელვადიანი განვითარებისათვის რეკომენდებულია რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება. ამასთან ახალ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გასამყარებლად მნიშვნელოვანია კომპანიების მხრიდან მარკეტინგისა და საცალო ქსელებში განთავსების ხარჯების ზრდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *