„უკრაინა ბიზნესპარტნიორებს თავად ირჩევს“ - ზელენსკი ჩინეთთან თანამშრომლობაზე

„უკრაინა ბიზნესპარტნიორებს თავად ირჩევს“ - ზელენსკი ჩინეთთან თანამშრომლობაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ ის არ გრძნობს შეერთებული შტატების პირდაპირ და ღია გავლენას უკრაინის ჩინეთთან თანამშრომლობის თაობაზე. ეს განცხადება პრეზიდენტმა პარასკევს, 10 სექტემბერს, კიევში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

„მე ვერ ვხედავ პირდაპირ გავლენებს, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი მსმენია. არ ვამბობ, რომ შეერთებული შტატებიდან გარკვეული სახის ნიშნები არ არსებობს ჩვენს სავაჭრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჩინეთთან ან ევროპის რომელიმე სახელმწიფოსთან. არც იმას ვამბობ, რომ ასეთი ნიშნები საერთოდ არ არსებობს. თუმცა ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც თავადვე ირჩევს საკუთარ ბიზნესპარტნიორებს. თუკი ბიზნესი თავისუფალი და სუფთაა და უკრაინაში დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის, მაშინ ის ჩვენი პრიორიტეტია“, – განაცხადა ღონისძიებაზე მისულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს უკრაინას ჩინეთთან უდიდესი სავაჭრო ბრუნვა აქვს და ჩინური კომპანიები სულ უფრო მეტი ინტენსივობით შედიან უკრაინულ ბაზარზე. შესაბამისად, პრეზიდენტი ზელენსკი მოხარული იქნება, თუ უკრაინაში ინვესტიციების განხორციელების სურვილს კიდევ უფრო მეტი ჩინური კომპანია გამოთქვამს.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების გასაფანტად კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინური კომპანიების მფლობელობაში არსებულ უკრაინულ სტრატეგიულ საწარმოებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინული სტრატეგიული საწარმო, MotorSich-ი, რომელსაც ჩინელი ინვესტორები ფლობდნენ, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *