Galt&Taggart საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესაძლო სცენარებს ასახელებს

Galt&Taggart საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესაძლო სცენარებს ასახელებს

Galt&Taggart საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესაძლო სცენარებს ასახელებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ომის დაწყებამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის, ინფლაციის დონის და ვალუტის კურსის მოლოდინების გაუარესება გამოიწვია.

საბაზო სცენარით, 2022 წელს ნავარაუდევი იყო: საქართველოს ეკონომიკის 5.0%-ით ზრდა, ინფლაციის საშუალო დონის 4.9%-მდე შემცირება, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის 9.0%-მდე შემცირება და დოლარის საშუალო გაცვლითი კურსის 3.1 ლარის ფარგლებში დასტაბილურება.

გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვამ და რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყებამ Galt&Taggart-ის მოლოდინების გაუარესება გამოიწვია.

ვითარების განვითარების პირველი სცენარით, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის 1-2 თვეში მოგვარებას ითვალისწინებს, ნავარაუდევია: ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნება, ინფლაციის დონის მხოლოდ 7%-მდე შემცირება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 9.5%-მდე ზრდა და დოლარის კურსის 3.25 ლარის ფარგლებში დაფიქსირება.

Galt&Taggart-ის მეორე სცენარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაჭიანურებას და რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსები 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 1%-ით შემცირებას, რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე ზრდას და ქვეყანაში ინფლაციის დონის 9%-ზე შეჩერებას ვარაუდობენ. გარდა ამისა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 10.9%-მდე ზრდა და დოლარის გაცვლითი კურსი 3.4-ლარიან ნიშნულამდე მიღწევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *