რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ჩამონათვალი

რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ჩამონათვალი

რუსეთის სამხედრო ნაწილების უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლურმა სამყარომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ბანკებს, ოლიგარქებსა და ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებს პერსონალური სანქციები დაუწესა. როგორც დასავლელი ლიდერები განმარტავენ, სანქციებს გრძელვადიანი ეფექტი ექნება და ის რუსული ეკონომიკის შესუსტებისკენ არის მიმართული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების ეფექტი უკვე აშკარაა და ეს ღია წყაროებითაც დასტურდება.

Forbes Georgia გთავაზობთ სახელმწიფოების მიერ დაწესებული მნიშვნელოვანი სანქციების სრულ ჩამონათვალს:

  • შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა რამდენიმე რუსული ბანკი SWIFT-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან გარიცხა
  • აშშ-მ რუსეთის რამდენიმე მსხვილ ბანკს, VTB-ის, Sberbank-ს, Otkritie-ს, Sovcombank-სა და Novikombank-ს სანქციები დაუწესა
  • ზემოთ აღნიშნული ბანკები შეერთებულმა შტატებმა სიაში შეიყვანა, რომელში ყოფნაც მათ აშშ-ის ფინანსური სისტემიდან რიცხავს, ამერიკელებთან ვაჭრობას უკრძალავს და აშშ-ში მათ აქტივებს ყინავს
  • აშშ-ის განცხადებით, სანქციები შეეხება რუსეთში ნახევარგამტარების, ტელეკომუნიკაციების, უსაფრთხოების სისტემების, ლაზერების, სენსორების, სანავიგაციო სისტემებისა და საზღვაო ტექნოლოგიების ექსპორტსაც
  • ამერიკული სანქციების სიაში პირადად რუსეთის თავდაცვის მინისტრი, შოიგუც მოხვდა
  • ამერიკული სანქციების სიაში 24 ბელარუსი მოხვდა, მათ შორის ორი სახელმწიფო ბანკი, ცხრა თავდაცვის ფირმა და შვიდი რეჟიმთან დაკავშირებული ინდივიდი
  • ევროკავშირმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ყველა ევროპული აქტივი გაუყინა
  • ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ რუსეთისათვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იაპონია გააძლიერებს სანქციებს რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისა და სამხედრო შეიარაღების ექსპორტთან მიმართებით
  • სამხრეთმა კორეამ რუსეთში სტრატეგიული კომპონენტების ექსპორტი აკრძალა
  • სამხრეთ კორეის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ენერგობაზრის დასასტაბილურებლად დამატებით გაათავისუფლოს სტრატეგიული ნავთობის რეზერვები
  • დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისტორიაში ყველაზე დიდი სანქციათა პაკეტი წარადგინა რუსული ბანკების, პუტინის უახლოესი გარემოცვისა და რუსი მილიარდერების წინააღმდეგ
  • დიდმა ბრიტანეთმა ასევე აკრძალა მაღალტექნოლოგიური საქონლის რუსეთში ექსპორტი. რუსულ Aeroflot-ს კი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაჯდომა აუკრძალა
  • კანადის სანქციათა სიაში 62 რუსი ინდივიდი მოხვდა. მათ შორის უკვე სანქცირებულთა ოჯახის წევრებიც. გარდა ამისა, კანადამ ყველა საექსპორტო ნებართვა შეაჩერა
  • ტაივანი, რომელიც რუსეთისათვის ნახევარგამტარების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებელს წარმოადგენს, საკუთარი პროდუქციის რუსეთში ექსპორტს კრძალავს.
  • სანქციათა ჩამონათვალს შეუერთდა ავსტრალიაც, რომელმაც პარტნიორების ხედვა გაიზიარა და ის რუსეთის პარლამენტის, დუმის 300 დეპუტატზე გაავრცელა. გარდა ამისა, ავსტრალია შეერთებულ შტატებთან კონსულტაციის შემდეგ სანქციათა სიაში ბელარუს ლიდერებსაც შეიყვანს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სანქციები მხოლოდ სახელმწიფოთა მთავრობების გადაწყვეტილებებს წარმოადგენს. შესაბამისად, გარდა ამისა, რუსეთთან ოპერაციების შეჩერების გადაწყვეტილება არაერთმა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე და კიდევ უფრო დააჩქარებს მისი რღვევის პროცესს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *