გალტ & თაგარტის როლი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში - ინტერვიუ ანა კვარაცხელიასთან

გალტ & თაგარტის როლი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში - ინტერვიუ ანა კვარაცხელიასთან

საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გალტ & თაგარტს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ამის ნათელი მაგალითია, რომ ისტორიულადაც და ბოლო წლებშიც, იგი მონაწილეობდა ქვეყანაში განხორციელებულ კაპიტალის ბაზრის უმსხვილეს პროექტებში და სავალუტო ობლიგაციების 90%-ზე მეტი, სწორედ მისი დახმარებითაა გამოშვებული. სფეროს განვითარებაში ქვეყნის წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლზე, ხედვასა და სტრატეგიაზე Forbes Georgia-სთან ანა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრის უფროსის პოზიციას უკვე ორ წელზე მეტია იკავებს.

ანა, რა გამოცდილებით და მოტივაციით შეუერთდით გალტ & თაგარტს?

გალტ & თაგარტის გუნდს 2021 წლის ოქტომბრიდან შემოვუერთდი კაპიტალის ბაზრის უფროსის პოზიციაზე. მანამდე, დაახლოებით შვიდი წელი ვიმუშავე საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა მიმართულებაში. აქედან სამი წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ემიტენტების ზედამხედველობის მიმართულებას, მანამდე კი, რეპორტინგის განყოფილებას. ჩემი სამუშაო გამოცდილება დიდი ოთხეულის აუდიტორულ ფირმა EY საქართველოში დაიწყო და კაპიტალის ბაზრებით დაინტერესებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის CFA პროგრამასაც, რომლის Charterholder-იც გალტ & თაგარტში შემოერთებიდან მალევე გავხდი.

გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ყოველთვის განსაკუთრებულ რეპუტაციასთან და სტატუსთან ასოცირდებოდა ჩემთვის. გუნდში გადმოსვლისთანავე, შესაძლებლობა მომეცა, მონაწილეობა მიმეღო არაერთ საინტერესო, მსხვილ და ბაზრის განვითარებისთვის კრიტიკულ პროექტში. ეს პროექტები, თავის მხრივ, ქვეყნის წამყვან კომპანიებს დაეხმარა ალტერნატიული, დივერსიფიცირებული და კონკურენტული დაფინანსების მოძიებაში. ინვესტორებს კი მისცა შესაძლებლობა, სტანდარტულ საბანკო ინსტრუმენტებთან შედარებით მაღალ განაკვეთებში დაებანდებინათ თავისუფალი სახსრები. ჩემი მთავარი მოტივაცია ამ ორი წლის განმავლობაში სწორედ ამ ყველაფრის ხელის შეწყობა იყო. სამომავლოდაც, პრიორიტეტად გვესახება ბაზრის მონაწილეების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტების შემუშავება და გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერა.

ხომ ვერ გაიხსენებთ კომპანიასთან ერთად გადალახულ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას?

რეგიონულ თუ გლობალურ ჭრილში ნებისმიერი გაურკვევლობა და უარყოფითი მოვლენები, ალბათ ყველაზე სწრაფად კაპიტალის ბაზრის მოლოდინებსა და განწყობებში ისახება. მათ შორის, ესენია რუსეთი-უკრაინის ომი, არასტაბილური მაკროეკონომიკური და საპროცენტო განაკვეთების გარემო და ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი. ბაზრის ასეთი მაღალი სენსიტიურობა განსაკუთრებით აქტუალური და რთული გადასალახია ისეთი მცირე ზომის, განვითარებადი ეკონომიკებისთვის, როგორიც საქართველოა.

ამის მიუხედავად, გალტ & თაგარტი არაერთ კომპანიას დაეხმარა დაფინანსების კონკურენტულ ფასად მოძიებაში კაპიტალის ბაზრების დახმარებით. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს ინვესტორების მოლოდინების სწორად და რეალისტურად მართვა-კომუნიკაციას. აღნიშნული განხორციელდა ბაზარზე ისეთი ინოვაციური და სრულიად ახალი პროდუქტებისა და ელემენტების შემოტანით, როგორიცაა:

  • ობლიგაციების პროგრამები. პირველი ობლიგაციების პროგრამა გალტ & თაგარტის მიერ აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან ერთად გაკეთდა და გააჩინა შესაძლებლობა ძალიან მარტივი პროცედურის დაცვით მოხდეს ერთზე მეტი შეთავაზება 1 წლის განმავლობაში, ნებისმიერ შერჩეულ დროს. აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია, ლისი ლეიქ დეველოპმენტი, თეგეტა მოტორსი, ჯეოსთილი და სილქ რიალ ისთეითი ის კომპანიებია, რომლებმაც 2021 წლიდან მოყოლებული ობლიგაციების პროგრამული ემისიებით შეძლეს საკმაოდ მოცულობითი დაფინანსების კონკურენტულ პირობებში მოძიება უცხოურ ვალუტაში.
  • მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამები და ევროს ობლიგაციები. მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა, აშშ დოლარისა და ევროს მიქსით (სულ 30 მილიონ აშშ დოლარამდე) პირველად ადგილობრივ ბაზარზე 2023 წელს განახორციელა თეგეტა მოტორსმა გალტ & თაგარტის დახმარებით. ხაზგასასმელია, რომ ეს საქართველოში ევროს ობლიგაციების პირველი ემისია იყო კორპორაციული სექტორის მიერ, ხოლო მანამდე, 2021 წლის შედარებით მცირე მოცულობის ევროს შეთავაზებაც ფინანსური ინსტიტუტის მიერ სწორედ გალტ & თაგარტის ორგანიზებით გაკეთდა. გალტ & თაგარტი ერთადერთი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რომელსაც აქვს ევროს ობლიგაციების ემისიის გამოცდილება.
  • მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, გალტ & თაგარტი განთავსების აგენტი იყო ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიებში. აღნიშნული ემისიები განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი ინვესტორებისთვის, როგორებიცაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ცალსახად აფართოებს ობლიგაციების პოტენციურ ინვესტორთა ბაზას.

ამის გარდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, გალტ & თაგარტის დახმარებით და აქტიური მონაწილეობით, ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ კომპლექსურმა და მასშტაბურმა ტრანზაქციებმა გადმოინაცვლა საერთაშორისო საფონდო ბირჟებიდან. უფრო კონკრეტულად, საუბარია UK-listed კომპანიის, Georgia Capital PLC-ის ქართული ჰოლდინგის – საქართველოს კაპიტალის $150 მილიონის მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებზე. ასევე, მისი შვილობილი – საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის (GRPO) $80 მილიონის მწვანე ობლიგაციებზე. აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (EBRD, ADB, IFC, FMO, AIIB და სხვ.), რომლებიც ამ გარიგებებში სტრატეგიული ინვესტორების როლს ითავსებენ და ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროექტების განხორციელებას ხდიან შესაძლებელს.

მოდით, გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრის მიმართულებაზე ვისაუბროთ – რას სთავაზობთ კომპანიებსა და ინვესტორებს?

გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრის მიმართულება კომპანიებს ეხმარება დაფინანსების ფასიანი ქაღალდების მეშვეობით მოძიებაში, რაც თავის მხრივ, ინვესტორებისთვის უმეტესად მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის. დღეისათვის, ადგილობრივ ბაზარზე შედარებით მოთხოვნადი ინსტრუმენტია ობლიგაციები, როგორც უცხოურ ვალუტაში, ისე ლარში.

გალტ & თაგარტის გუნდი ორიენტირებულია კომპანიებს მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვაში დაეხმაროს. ასევე, შესთავაზოს ფაქტებზე და კვლევებზე დაფუძნებული, პრაქტიკული რეკომენდაციები. აღნიშნული შესაძლებელი ხდება კომპანიის სხვადასხვა წამყვან მიმართულებაში არსებული ფართო, უნიკალური ცოდნისა და ინფორმაციის მეშვეობით. მაგალითად, როგორიცაა გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულება ადგილობრივი თუ რეგიონული კვლევების ჭრილში.

დამატებით, უნდა აღინიშნოს, რომ გალტ & თაგარტს უპირობოდ დომინანტური პოზიცია უკავია სავალუტო ობლიგაციების გამოშვებებში. ეს კი დიდწილად განპირობებულია მისი შთამბეჭდავი დისტრიბუციის არხებით – გალტ & თაგარტის საბროკერო გუნდი და საქართველოს ბანკის პარტნიორი დისტრიბუციის არხები (Wealth Management, Solo). 2018 წლიდან მოყოლებული, მათ შორის, ბოლო 2 წლის განმავლობაშიც, ადგილობრივი ბაზარზე განხორციელებული სავალუტო ემისიების 90%-ზე მეტი გალტ & თაგარტის დახმარებით მოხდა. ამ ყველაფერს ძალიან ეხმარება საქართველოს ბანკის ლიდერული პოზიცია საცალო სამომხმარებლო ბაზარზე.

გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ კლიენტებს არა მხოლოდ ობლიგაციებს, არამედ დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებებსაც ვთავაზობთ. ესენია მაგალითად ოპტიმალური კაპიტალური და სასესხო სტრუქტურის შემუშავება, საკრედიტო რეიტინგის მინიჭების პროცესში დახმარება, ე.წ. მდგრადობასთან დაკავშირებული ჩარჩოს შემუშავება და სხვა. საკრედიტო რეიტინგის მინიჭების პროცესში დახმარება განსაკუთრებით კრიტიკულია ლარის ობლიგაციების ემიტენტებისთვის, რადგან მიღებულ რეიტინგზეა დამოკიდებული როგორც ფასწარმოქმნა, ისე ამ ობლიგაციებზე მოთხოვნა კომერციული ბანკების მხრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგირავების (ე.წ. რეპოს) მიზნით. სარეიტინგო სააგენტოებთან წლების განმავლობაში ურთიერთობის და კომუნიკაციის გამოცდილებით, გალტ & თაგარტი აქაც წამყვან პოზიციას იკავებს, რომლის დახმარებითაც, არაერთი კომპანია თავიდანვე მისთვის სასურველ მაღალ რეიტინგს იღებს.

ბოლო წლების განმავლობაში როგორი ტენდენციები გამოიკვეთა ადგილობრივ ობლიგაციების ბაზარზე? როგორი იყო გალტ & თაგარტის როლი ამ პროცესებში?

ბოლო 2 წლის განმავლობაში, რეკორდულად გაიზარდა ობლიგაციების ბაზარი, მათ შორის, გამოვყოფდი სავალუტო ბაზრის ზრდას 25 მილიონიდან 425 მილიონ აშშ დოლარამდე. გამოშვებებმა სულ შეადგინა 415 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც, როგორც აღვნიშნეთ, 90%-ზე განხორციელებულია გალტ & თაგარტის მონაწილეობით.

განვითარების ხელშემწყობი მიზეზი არაერთია, მათ შორის საგადასახადო შეღავათები და ეროვნული ბანკის წამახალისებელ პოლიტიკა (რეპო მექანიზმი). ასევე აღსანიშნავია კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა (CMS), რომელიც ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით და გალტ & თაგარტის აქტიური ჩართულობით განხორციელდა 2021-2022 წლებში. ეს პროგრამა მოიცავდა საკმაოდ დეტალური და საინტერესო კვლევის საფუძველზე, საგანმანათლებლო და თანადაფინანსების კომპონენტების ერთობლიობას, რამაც მკვეთრად დაასტიმულირა ობლიგაციების ბაზრის ზრდა.

ობლიგაციების ძირითად მახასიათებლებზე ვისაუბროთ – რა უპირატესობა აქვს მას სტანდარტულ სავალო დაფინანსებასთან შედარებით?

ობლიგაციები, სტანდარტულ სესხებთან შედარებით, გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

  • ბულეტ გადახდის სტრუქტურა – კომპანია, შერჩეული პერიოდულობით, (ნახევარწლიური ან კვარტალური) მხოლოდ საპროცენტო ხარჯს/კუპონს იხდის. ვინაიდან, ამ პერიოდში ძირის გადახდა არ უწევს, ეს კომპანიას უზრდის თავისუფალ ფულად სახსრებს;
  • დაფინანსების დივერსიფიკაცია – კომპანიას უჩნდება ინვესტორთა ალტერნატიული სეგმენტი (ფიზიკური და იურიდიული პირები) და სესხისგან განსხვავებული დაფინანსების ინსტრუმენტი; აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია უცხოურ ვალუტის ობლიგაციებისთვის;
  • ნაკლებად მკაცრი დათქმები & მონიტორინგი – დაფინანსების დივერსიფიკაციასთან ერთად, ობლიგაციების პირობები, როგორც წესი სესხებთან შედარებით ნაკლებად მკაცრია.
  • უზრუნველყოფის გამოთავისუფლება – ობლიგაციები, სტანდარტულად არაუზრუნველყოფილ ვალდებულებას წარმოადგენს. ამის მიუხედავად, მიღებული პრაქტიკაა გამოთავისუფლებული აქტივების უფლებრივად დატვირთვის შეზღუდვის დაწესება ობლიგაციების დათქმებით;

ბუნებრივია, ობლიგაციებს უპირატესობებთან ერთად გააჩნია დამატებითი პასუხისმგებლობებიც, როგორიცაა გაზრდილი ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

ახლა კი გამოშვების ვალუტებზეც გვესაუბრეთ – რა განსხვავებაა, მაგალითად, ბაზარზე ლარსა და დოლარში ობლიგაციების გამოშვებას შორის?

ობლიგაციების მახასიათებლები საგრძნობლად განსხვავდება ადგილობრივ ბაზარზე ვალუტების მიხედვით. ამის ძირითადი განმაპირობებელია სამიზნე ინვესტორების კატეგორია, რომელიც გაცილებით ფართოა ვალუტის ობლიგაციების შემთხვევაში და მოიცავს ფიზიკურ პირებს, კომპანიებს, ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს და რიგ შემთხვევებში, საერთაშორისო და სხვა ტიპის საფინანსო ინსტიტუტებს. ლარის ობლიგაციების შემთხვევაში კი, ინვესტორთა წრე შეზღუდულია საბანკო პროდუქტებთან შედარებით ნაკლებად კონკურენტული ფასწარმოქმნის გამო. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე საპენსიო სააგენტოს როლი, რაც აფართოებს ინვესტორთა ბაზას როგორც უცხოური ვალუტის, ისე ლარის ემისიების შემთხვევაში.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, სავალუტო ობლიგაციები ლარის ობლიგაციებთან შედარებით შემდეგი უპირატესობებით გამოირჩევა:

  • კონკურენტული ფასწარმოქმნა უცხოური ვალუტის სხვა დაფინანსების წყაროებთან, მათ შორის სესხებთან შედარებით (მიმდინარე ეტაპზე საშუალოდ, 1-2%-ით ნაკლები);
  • ინვესტორთა გაცილებით ფართო წრე ადგილობრივი თუ უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირების დაინტერესების გათვალისწინებით;
  • შედარებით მაღალი ლიკვიდურობა და აქტიური მეორადი ბაზარი;
  • საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნის არ არსებობა, რადგან ლარის ობლიგაციებისგან განსხვავებით, რეიტინგის აღების საჭიროება სავალუტო ობლიგაციების გამოსაშვებად კომპანიებს არ აქვთ.

გასათვალისწინებელია, რომ ლარში შემოსავლების მქონე ემიტენტებისთვის, უცხოურ ვალუტაში ემისია გაზრდილ სავალუტო რისკებთან იქნება დაკავშირებული და მათთვის, ლარის ობლიგაციები შესაძლოა უფრო ოპტიმალური დაფინანსების წყარო იყოს.

ვის შეუძლია ობლიგაციების გამოშვება და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული იგი?

ობლიგაციების გამოშვება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანს მის მიდგომებს პერიოდულ და მიმდინარე ანგარიშებთან, კორპორაციული მართვასა და დაკავშირებულ საკითხებთან. რეპუტაციული რისკების გათვალისწინებით გალტ & თაგარტი, ობლიგაციების ინვესტორებთან შეთავაზებამდე, ყოველთვის აკეთებს ე.წ. საბაზრო ტესტს, რაც ერთი მხრივ, გულისხმობს ობლიგაციების გამოშვების პოტენციალის შეფასებას, კომპანიის დეტალურ ფინანსურ ანალიზს და მეორე მხრივ, ინვესტორებისგან მიღებულ უკუკავშირს.

კომპანიის შედარებით დიდი ზომა და სწორი განვითარება წარმატებული ემისიის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კაპიტალის ბაზარი, მათ შორის საერთაშორისოდ, უფრო მსხვილი კომპანიებისთვის არის მიმზიდველი. თუმცა, შედარებით პატარა კომპანიების დაფინანსების უზრუნველყოფისთვის არაერთი ხელისშემწყობი მექანიზმი არსებობს.

ემისიასთან დაკავშირებული ყველაზე მსხვილი ხარჯები სტანდარტულად მოიცავს განთავსების აგენტის საკომისიოს, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს (ძირითადად, რელევანტურია ლარის ობლიგაციების შემთხვევაში) და საჭიროების შემთხვევაში, გარიგებაში ჩართული სხვა ექსპერტების ანაზღაურებას.

რა საფეხურებს მოიცავს შეთავაზების პროცესი?

ობლიგაციების შეთავაზების პროცესი შეგვიძლია დავყოთ 3 ძირითად ფაზად:

  • საწყისი შეფასება და სტრუქტურირება: მოიცავს კომპანიის ფინანსურ ანალიზს, ფინანსური შედეგებზე და კომპანიის საჭიროებზე დაყრდნობით ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრას, საბაზრო გამოკითხვას და დადებითი პასუხების შემთხვევაში, განთავსების აგენტსა და კომპანიას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებას. ამ ეტაპზევე ხდება გარიგების საორიენტაციო სტრუქტურის და მახასიათებლების დადგენა;
  • შეთავაზების დოკუმენტაციის მომზადება და დამტკიცება: უმეტესწილად, ეს გულისხმობს პროსპექტისა და შეთავაზების პრეზენტაციის მომზადებას, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებას და დამტკიცებას;
  • ობლიგაციების გამოშვება: იწყება ობლიგაციების ე.წ. book-building-ის ინიციირებით და გულისხმობს ინვესტორებისთვის შეთავაზების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და სწორად კომუნიკაციას. Book-building-ისთვის სტანდარტულად გამოყოფილი 2-3-კვირიანი პერიოდის შემდეგ, ხდება ობლიგაციებისთვის კუპონის განსაზღვრა (ფასწარმოქმნა) და ეროვნულ ბანკთან საბოლოო პროსპექტის დასამტკიცებლად წარდგენა. ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე შესაძლებელია ობლიგაციების გამოშვება, განთავსება და შემდეგ უკვე, საფონდო ბირჟაზე დალისტვა.

დაბოლოს, როგორია გალტ & თაგარტის სამომავლო გეგმები კაპიტალის ბაზრის მიმართულებით?

გალტ & თაგარტის მიზანია, განავითაროს ახალი და ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები, რაც კომპანიებს კიდევ უფრო მოქნილ და საინტერესო გადაწყვეტებს შესთავაზებს სწრაფად ცვალებად გარემოში და მათ დაეხმარება მეტად განვითარებაში.

S