გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს?

გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს?

უკრაინაში შეჭრის შემდგომ ნატოს ლიდერების „აგრესიულ განცხადებებს“ პრეზიდენტ პუტინის მხრიდან ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანა მოჰყვა. ჯერ კიდევ ხუთშაბათს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო გამოსვლისას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (სინამდვილეში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა) დააანონსა, მან საშინელი გაფრთხილება გასცა: „ყველა, ვინც ჩარევას გადაწყვეტს, ისეთ შედეგებს მიიღებს, როგორიც ისტორიას არ ახსოვს“.

როგორც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი დმიტრი მურატოვი თვლის, პუტინის სიტყვები ბირთვული ომის პირდაპირ საფრთხეს ჰგავს. მისივე აღნიშვნით, პუტინი მიმართვისას პლანეტის ლიდერივით იქცეოდა და სამყაროს მის ბირთვულ იარაღზე ყურადღებას ამახვილებინებდა. მას ხშირად უთქვამს: რა საჭიროა პლანეტა, თუ რუსეთი არ არის? თუმცა მას ყურადღებას არავინ აქცევს, რაც ქმნის საფრთხეს, რომ თუ რუსეთს ისე არ მოექცევიან, როგორც სურს, შესაძლოა მან ყველაფერი გაანადგუროს.

პუტინმა ჯერ კიდევ 2018 წლის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ თუ ვინმე გადაწყვეტდა რუსეთის განადგურებას, ისიც საკუთარი კანონიერი უფლებით უპასუხებდა, რაც კატასტროფა იქნებოდა  მსოფლიოსთვის. პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან ძლიერი წინააღმდეგობა მიიღო. კრემლის გასაკვირად კი, დასავლური ქვეყნები  სისტემისთვის პოტენციურად დამღუპველი ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით,  მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

რუსი სამხედრო ანალიტიკოსი პაველ ფელგენჰაუერი თვლის, რომ პუტინი მძიმე მდგომარეობაშია და მას  დიდი არჩევანი აღარ დარჩა. როგორც კი დასავლეთი გაყინავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს, რუსეთის ფინანსური სისტემაც შლას დაიწყებს, რაც ქვეყანაში არსებულ სისტემასაც უმოქმედოდ აქცევს. ერთი ვარიანტი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტაა, მეორე კი ჩრდილოეთ ზღვაზე, ბრიტანეთსა და დანიას შორის, ბირთვული იარაღის აფეთქება, რომლის შედეგებიც რთულად განსასაზღვრია.

არსებობს ვინმე, მისივე ახლო წრიდან, ვინც მის გადარწმუნებას ან შეჩერებას შეეცდება?

დმიტრი მურატოვის განცხადებითვე, რუსეთის პოლიტიკური ელიტა არასდროს არაა ხალხთან, ისინი ყოველთვის მმართველის მხარეს დგანან. ხოლო ვლადიმირ პუტინის რუსეთში სწორედ მმართველია ყოვლისშემძლე. ეს არის ქვეყანა კონტროლით, და არის კრემლი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არავინ არაა მზად, პუტინს წინ აღუდგეს.

შესაბამისად, უკრაინის ომი ვლადიმირ პუტინის ომია. თუ კრემლის ლიდერი დასახულ მიზნებს მიაღწევს, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მომავალი ეჭვქვეშ დადგება. თუმცა წარუმატებლობამ და უზარმაზარი ზარალის შიშმა, შესაძლოა პუტინს უფრო სასოწარკვეთილი ზომების მიღებისკენაც უბიძგოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *