საქართველოს ენერგოსექტორში 2022 წელი ახალი გამოწვევებისა და, ამავე დროს, შესაძლებლობების წლად ფასდება. ქვეყანაში ენერგორესურსების მოხმარება მზარდია, რაც გენერირების წყაროების ათვისების საჭიროებას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. ამას ემატება რეგიონში შექმნილი ახალი ენერგორეალობაც. Forbes Georgia-მ სექტორის ტენდენციები სემეკის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან ერთად მიმოიხილა.
ბატონო დავით, რა შედეგებით ვაჯამებთ 2022 წელს?
2022 წელს კოვიდრეგულაციები სრულად მოიხსნა, სექტორიც და მომხმარებლებიც ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ. შესაბამისად, ენერგორესურსების მოხმარებაც გაიზარდა. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან აღდგა ეკონომიკური აქტივობა, ენერგიის მოხმარება კი ყოველთვის ეკონომიკური აქტივობის პირდაპირპროპორციულად იზრდება. რაც შეეხება მიმდინარე რეფორმებს, სემეკი აქტიურად მუშაობდა, ბაზრის რეფორმის ფარგლებში ახალი წესები და რეგულაციები მივიღეთ.
თუმცა ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადება გახდა საჭირო. ისევ არსებობს საშიშროება, რომ მომავალი წლის 31 მარტიდანაც არ ვიყოთ მზად ბაზრის გასახსნელად?
ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ სექტემბერს პრაქტიკულად მზად იყო ამოქმედებისთვის, ისევე როგორც საბალანსო ბაზრის ოპერატორი. თუმცა ჩვენს რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დიდწილად უკრაინაში მიმდინარე ომთან და ენერგორესურსებზე ფასების ზრდასთან არის დაკავშირებული, შესაბამისი რისკები შეფასდა და ბირჟის გახსნა კიდევ ერთხელ გადავადდა. ეს რისკები ჯერჯერობით რჩება. ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება ბირჟის გახსნის დაანონსებული პერიოდის მოახლოებისას, რამდენად გაუმჯობესდება არსებული მდგომარეობა ფასებთან დაკავშირებით ან როგორი იქნება ეკონომიკური ვითარება. სწორედ ამაზე იქნება მეტწილად დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა ბაზარი.
რა რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ ბაზრის კვლავ არ გახსნის შემთხვევაში?
ევროპული ქვეყნების შემთხვევაშიც, ენერგეტიკული ბირჟა 2-3 წელიწადში არსად გახსნილა. ყველგან ამ ყველაფერს წინ ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები და ტესტირება უძღოდა. ბაზრის მონაწილეები სიმულაციურ ვაჭრობაში უკვე მონაწილეობენ, ანუ უკვე დებენ თავიანთ ფასსა და მოთხოვნას და ბაზარი იტესტება.რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ბაზრის ტესტირება, მით უფრო კარგია, ვინაიდან მით უფრო მეტი საინტერესო ისტორიული მონაცემები შეიქმნება ფასებთან დაკავშირებით. ამდენად, გადავადებით პრობლემა არავის შეექმნება, ამასთანავე, ინვესტორები ელოდებიან ბაზრის გახსნას და სურთ დაინახონ, როგორი იქნება ფასები, რათა იცოდნენ, როდის შეძლებენ ჩადებული ინვესტიციების ამოღებას, როდის გავლენ მოგებაზე.
ამ კუთხითაც არ ხედავთ იმის რისკს, რომ უკვე მეხუთედ გადავადებით ინვესტორებს იმედი გაუცრუვდებათ და ამ პროცესისადმი ნდობა შეუმცირდებათ? ეს ჩვენს იმიჯს არ დააზიანებს?
ინვესტორები ბევრი ქვეყნის გამოცდილებას იცნობენ. მათ იციან, რომ ბირჟა სწრაფად არსად ამოქმედებულა. ამიტომაც თუ კიდევ რამდენიმე თვე გადავადდება, არ მგონია, რომ ამან ინვესტორების ქვეყნიდან გაქცევა გამოიწვიოს. პირიქით, ინვესტორები უფრო მეტად გააქტიურებული არიან მას შემდეგ, რაც მთავრობამ ახალი ხელშემწყობი მექანიზმი (CFD) დააანონსა. ასე რომ, როცა ბაზარი გაიხსნება და საფასო კომპონენტი ეცოდინებათ, ამას ხელშემწყობი კომპონენტიც დაემატება და ეს ყველაფერი ერთად დადებით ეფექტს მოიტანს.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ბირჟის ამოქმედებას – ზუსტი თარიღი კვლავ გაურკვეველია?
ბუნებრივი გაზის სექტორის რეფორმა ერთი წლის დაგვიანებით მოსდევს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეფორმას. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც ელექტროენერგეტიკულ სექტორში ბაზარი გაიხსნება და დაიწყება ვაჭრობა, მომდევნო ეტაპზე გაზის სექტორზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება. თუმცა გაზის სექტორში სემეკს უკვე მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმა, არის კიდევ რამდენიმე აქტი, რომელთაც დამატებით მას შემდეგ მივიღებთ, რაც ამ საკითხებზე უფრო აქტიურად დავიწყებთ მუშაობას.
უკვე გაცხადდა ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელის ე.წ. CFD-ის დეტალები, რომლითაც, პრემიერის განცხადებით, მომდევნო სამ წელში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს?
განვითარების პერსპექტივა რეალურია. გენერირების წყაროებზე წყლის, ქარისა და მზის რესურსების არაერთი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა გაკეთებულია და პოტენციალი არის. შესაბამისად, ახლა ინვესტირებისა და პროექტების განხორციელების დროა.
აქვე გკითხავთ, რამდენი დადგმული სიმძლავრე შეემატა წელს საქართველოს ენერგოსისტემას?
2021 წელს ენერგოსისტემას 23,5 მეგავატი შეემატა. რაც შეეხება 2022 წელს, უფრო მეტ დამატებით გენერაციას ველოდებით, ვინაიდან ნოემბერში შემოგვემატა ახალქალაქის ჰიდროსადგური, რომლის სიმძლავრე 10 მეგავატამდეა, ასევე არის კიდევ რამდენიმე მცირე ჰესი, რომლებიც ექსპლუატაციაში შევიდა.
ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის ვიზიტისას გაჟღერდა, რომ საქართველო იქნება აზერბაიჯანული ელექტროენერგიის სატრანზიტო ქვეყანა ევროპისკენ. გარდა ამისა, გასულ თვეს ევროკომისარ ვარჰეიმ თბილისში ყოფნისას ხაზი გაუსვა ისეთ პროექტებს, როგორიცაა შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანა, რაც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს უქმნის. მეორე მხრივ, გამოწვევაა ის, რომ ვერ ვიყენებთ არსებულ პოტენციალს. რა ნაბიჯებია გადასადგმელი როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან, რათა ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ?
საქართველოს გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის ჭარბი გენერაცია აქვს, რა დროსაც ექსპორტი ხორციელდება. წელსაც სომხეთსა და თურქეთში გავიტანეთ ელექტროენერგია, თუმცა პოტენციალი მეტია და მეტი ენერგიის ექსპორტის გატანის შესაძლებლობა გვაქვს. ამ მხრივ შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამით საქართველო პირდაპირ დაუკავშირდება ევროპას, მაშინ როცა დღეს მხოლოდ თურქეთის გავლით არის შესაძლებელი ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გენერირების წყაროების ათვისების გარეშე არ გამოვა იმ პოტენციალისა და შესაძლებლობის ათვისება, რასაც დაანონსებული პროექტები გვაძლევს.
მიმდინარე ზამთრის გამოწვევებზეც მინდა გკითხოთ, „ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა. მიზეზი კი ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა, განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონში. მისი თქმით, ზამთრის პერიოდში ჰესის სიმძლავრე 100 მეგავატამდე შემცირდება, რის გამოც ძირითადი დატვირთვა თბოსადგურებსა და იმპორტზე გადანაწილდება. რამდენად მოსალოდნელია, რომ მოსახლეობამ ეს იგრძნოს?
ვერ ვიტყოდი, რომ ეს წელი ენგურჰესისთვის რამენაირად გამორჩეულია. წინა წლებშიც ანალოგიური მდგომარეობა იყო ზამთრის დასაწყისში წყლის დონე მინიმუმს აღწევდა, გაზაფხულიდან კი იწყებოდა მისი შევსება. ენგურჰესი ბოლომდე დაცლილი ვერ იქნება. მას აქვს თავისი საპროექტო ნიშნული და სიმძლავრეები, წელს არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, აფხაზეთს უწევს რუსეთიდან ენერგიის იმპორტი. საქართველოს დანარჩენი ტერიტორია კი ზამთარში დანაკლისს თბოსადგურებიდან გამომუშავებული ენერგიით ივსებს და თუ დეფიციტია, შემოაქვს მეზობელი ქვეყნებიდან. ეს ასე იყო ყოველთვის და ვერ ვიტყვი, რომ წელს რაიმე გამონაკლისია.
აქვე სვანეთზე და იქაური მოსახლეობისა და ბიზნესის მრავალწლიან გამოწვევაზეც რომ ვისაუბროთ. კვლავ მოუგვარებელია ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, ამბობენ, ისევ მაინერების გამო, თუმცა გადასახადის დაწესება ფიზიკური პირებისთვის კვლავ არ იგეგმება. რა გამოსავალს ხედავთ?
მოხმარებული ენერგიის გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად რეგიონისა. როგორც პროდუქტების შეძენისას გვიწევს შესაბამისი თანხის გადახდა, ისევე უნდა გადავიხადოთ ენერგიის მოხმარების შემთხვევაშიც. ენერგიის მიწოდება ხარჯების გაწევასთან არის დაკავშირებული, მათ შორის: ქსელის გამართვასთან, ტრანსფორმატორის მომსახურებასთან, პერსონალის ხელფასების გაცემასთან და ა.შ. ამიტომ ის უფასო ვერ იქნება. თუ რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავრობას შეღავათების დაწესება სურს, შესაძლებელია მისი სუბსიდირება, ისევე როგორც აქამდეც არაერთი სხვადასხვა სოციალური ჯგუფის კომუნალური გადასახადი დაფინანსებულა.
სემეკმა ცოტა ხნის წინ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეითანხმა, რომლის მიხედვითაც, ჯამში, კომპანიების მიერ ამ პერიოდში 265 მილიონი ლარის ინვესტიციები განხორციელდება. როგორ შეიძლება, ეს ტარიფებში აისახოს?
ბუნებრივია, საინვესტიციო პროექტები ტარიფზე ასახვას პოვებს, თუმცა, ვალუტის არსებული კურსიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საინვესტიციო ზეწოლა ვალუტის კურსის შემცირებით ბალანსდება, ამდენად სამომხმარებლო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ ადრე სამი წლით განისაზღვრებოდა გაზის ტარიფი, წელს, დეკემბრის ბოლოს, უკვე ხუთი წლით განვსაზღვრავთ.
რაც შეეხება წყალს, რა მოლოდინი გაქვთ ევროპული კომპანია „აქვალიასგან“, რომელმაც GWP-ის აქციების 80% იყიდა? ასევე ერთ წელიწადში GWP-ის ახალი ტარიფის დადგენაც მოგიწევთ. ამ კუთხით რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება?
სემეკს წყალმომარაგების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით დადებითი მოლოდინები აქვს, ვინაიდან „აქვალია“ გამოცდილი კომპანიაა. შესაბამისად, მათი მიდგომები წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებასა და სწორ მენეჯმენტთან დაკავშირებით თავის შედეგს გამოიღებს. თუმცა შედეგი მოკლევადიან პერიოდში ვერ გვექნება, ეს გრძელვადიანი პერიოდის საკითხია, ვინაიდან წყალმომარაგების ქსელი ეტაპობრივად უნდა გამოიცვალოს.
რაც შეეხება ტარიფს, ჩვენ მიერ დადგენილი სამწლიანი ტარიფი 2023 წლის ბოლომდე მოქმედებს, შესაბამისად, ამ პერიოდამდე ტარიფის გადახედვას არ ვფიქრობთ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩადებული ინვესტიციები ტარიფში უნდა აისახოს. სატარიფო პერიოდის ამოწურვამდე 180 დღით ადრე უწევთ კომპანიებს სატარიფო განაცხადების წარმოდგენა, სატარიფო განაცხადებს მომავალი წლის ზაფხულში ველოდებით. მანამდე კი კომისიასთან იქნება კონსულტაციები, განვიხილავთ, რა არის გადაუდებელი აუცილებლობა, სად არის ავარიები და დადგინდება ის უბნები, სადაც აუცილებლად გაკეთდება ახალი წყალმომარაგების სისტემები.
საჩივრებზეც მინდა გკითხოთ, წლის განმავლობაში როგორი იყო ტენდენცია, რა აწუხებს მომხმარებელს? რა სტატისტიკა გაქვთ?
საჩივრების განხილვის თვალსაზრისით, სემეკი წელსაც ძალიან აქტიური იყო. ჩვენ გავამარტივეთ განცხადებებისა და საჩივრების განხილვების წესი. სტანდარტული სადავო საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. რთული დავების დროს განხილვა ზეპირი მოსმენით, საჯარო სხდომაზე მიმდინარეობს. გასულ წელს ჩვენ მომხმარებელს 3,5 მლნ ლარზე მეტი დავალიანება ჩამოვაწერეთ, წელს ჩამოწერილი თანხა ნაკლებია, ვინაიდან უმეტესი სამუშაო უკვე გაწეულია. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ მომხმარებელი თვლის, რომ დარიცხვა არასწორია ან ხანდაზმულია კომუნალური კომპანიების მხრიდან დარიცხვა, უნდა მოგვმართოს განცხადებით. საერთო ჯამში კი წელს ამ მხრივ ვითარება გაუმჯობესებულია.
რა იქნება 2023 წლისთვის სემეკის მთავარი სამუშაო არეალი?
სემეკს ემატება მეოთხე მიმართულება მელიორაცია. ამ სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებით ახალ წესებს დავადგენთ და 2024 წლიდან მელიორაციის მიმართულებასაც დავარეგულირებთ.
გარდა ამისა, 2023 წელი წყალმომარაგების სექტორში აქტიური მუშაობის წელი იქნება. ასევე გაზის რეფორმებზე აქტიურად ვიმუშავებთ. ხოლო ელექტროენერგიის რეფორმის ბოლომდე მისაყვანად საჭირო პროცედურების განხორციელებაში სრულად ვიქნებით ჩართული. აქტიურები ვიქნებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. გარდა ამისა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში ვგეგმავთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში უფლებების დაცვის კუთხით. ასე რომ, მომდევნო წელიც საკმაოდ დინამიკური და დატვირთული იქნება სემეკისთვის.