გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

საავტომობილო ინდუსტრიამ ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შემოგვთავაზა. Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში ისეთ სიახლეებს გაეცნობით, როგორიცაა: ჩინური BYD-ის მიერ ახალი ელექტრომობილის წარდგენა, Nikola-ს შეთანხმება ელექტროსატვირთოების ახალ მომხმარებელთან, თურქული ელექტრომობილის, TOGG-ის მზადების ტემპები ევროპულ ბაზარზე გასასვლელად, Ford-ის მიერ F-150-ზე ფასის კიდევ ერთხელ მატების მიზეზები, ილონ მასკის მიერ Tesla-ს 22 მლნ აქციის გაყიდვის მიზეზები და ჩინური Nio-ს მიერ ახლად წარდგენილი მოდელის მახასიათებლები. ამ და სხვა სიახლეებს საავტომობილო მიმოხილვაში გაეცნობით.

ჩინური BYD-ი 2023 წელს ელექტრომობილების მეორე ახალ ბრენდს ჩაუშვებს

აღმასრულებელი დირექტორის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ჩინური მწარმოებელი BYD-ი 2023 წელს ელექტრომობილების მეორე ახალ ბრენდს ჩაუშვებს. ეს კი ავტომწარმოებლის გაყიდვების მზარდი ტემპის დამსახურებაა.

REUTERS/Athit Perawongmetha/Files

საინტერესოა, რომ ახალი ბრენდი დამოუკიდებლად პოზიციონირდება. იგი BYD-ის საკუთრებაში არსებული პრემიუმ-კლასის ბრენდის, Yangwang-ის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ამ უკანასკნელს კი მომხმარებლებს 2023 წლის პირველ კვარტალში წარუდგენენ.

ჩინური ავტომწარმოებელი გაფართოებას არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ გლობალურადაც განაგრძობს. BYD-ის ელექტრომობილები უკვე ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბრაზილიაში, კოსტა-რიკასა და კოლუმბიაშიც იყიდება. როგორც ჩანს, სხვა ჩინური ავტომწარმოებლებისაგან განსხვავებით, BYD-ის მიზანი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება არ გახლავთ. ეს კი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინური საავტომობილო ბაზარი ყველაზე დიდია, ამბიციურ ნაბიჯს წარმოადგენს. კომპანიის აღმასრულებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაისში საკუთარი ავტომობილების ნორვეგიაში ექსპორტირების შემდეგ, BYD-მა ავტომობილები 35-მდე ქვეყანაში გაყიდა.

ამის პარალელურად, BYD-ი ჩინურ ბაზარზეც უფრო ძლიერდება. აღნიშნული ბრენდი ნოემბერში ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ავტომწარმოებელი გახლდათ.

Nikola Plug-ი Power-ს 75 ერთეულ წყალბადზე მომუშავე სატვირთოს მიჰყიდის

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტროსატვირთოების მწარმოებელი Nikola საწვავის ქსელის ტექნოლოგიის მწარმოებელ Plug Power-ს 75 ერთეულ წყალბადის საწვავზე მომუშავე სატვირთოს მიჰყიდის. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, Plug Power-ი Nikola-ს მიერ მიწოდებულ სატვირთოებს თხევადი წყალბადის ავზებს მიამაგრებს. ამ სატვირთოების მიწოდება კი მომდევნო წლიდან დაიწყება. კომპანია მწვანე წყალბადის საწვავის ჩრდილოეთ ამერიკაში ტრანსპორტირებას სწორედ ამ სატვირთოებით დაიწყებს.

REUTERS/Massimo Pinca/File Photo

სანაცვლოდ Plug Power-ი Nikola-ს საკუთარ ტექნოლოგიებს მიაწვდის. კომპანია Nikola-ს გამათხევადებელი სისტემის დახმარებით დღეში 30 მილიონი ტონა აირის წარმოებაში დაეხმარება და პერსპექტივაში ამ მაჩვენებელს 150 მილიონ ტონამდე გაზრდის. Nikola-ს განმარტებით, Plug Power-ის ტექნოლოგია საკუთარი სატვირთოების ხაზის, Tre-ს განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს Nikola აღმასრულებელ დირექტორთან დაკავშირებული სკანდალის გამო დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. კომპანია მას შემდეგ სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობს. შესაბამისად, მისთვის ყოველი მორიგი ბიზნესშეთანხმება დიდი წარმატების ტოლფასია. კომპანია 2026 წლისთვის წყალბადის 60-მდე გამანაწილებელი სადგურის აშენებას გეგმავს.

თურქული ელექტრომობილი TOGG-ი ევროპის ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდება

თურქეთის ელექტრომობილების პირველი ეროვნული ბრენდი, Togg-ი ევროპის ბაზარზე 2024 წლის ბოლოსთვის გამოჩნდება. Togg-ის CEO-ს, გურჯან ქარაქაშის ინფორმაციით, თურქული ელექტრომობილები, სავარაუდოდ, პირველად სკანდინავიის ქვეყნებში იქნება ხელმისაწვდომი.

Anadolu Agency

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერლინში, თურქულ-გერმანულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, სკანდინავიის ქვეყნები უფრო ღია არიან ახალი ბრენდებისა და ელექტრომობილების მიმართ და მათი ინფრასტრუქტურაც შედარებით მრავალფეროვანია. ქარაქაშმა კომენტარი ბერლინში, ორი კვირის წინ Togg-ის ავტომობილის გამოჩენაზეც გააკეთა და განმარტა, რომ მანქანა ქალაქში ტესტირების მიზნით იყო ჩაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში პირველი ეროვნული ელექტრომობილის ბრენდის საწარმოო ქარხანა ოქტომბერში გაიხსნა. ავტომობილებს ხუთი ადგილობრივი კომპანიისგან შემდგარი კონსორციუმი, სახელწოდებით Automobile Initiative Group of Türkiye (Togg) „თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანებასთან“ (TOBB) თანამშრომლობით აწარმოებს.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში ერდოღანმა Togg-ის SUV-ი და სედანის საცდელი ნიმუშები წარადგინა – ორივე სრულად ელექტრო და C-სეგმენტის მოდელები. SUV-ის ბაზარზე  წარდგენა 2023 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. Togg-ი 2030 წლამდე ხუთი სხვადასხვა მოდელის, SUV-ის, სედანის, C-ჰეჩბეკის, B-SUV-ისა და B-MPV-ის წარმოებას გეგმავს. ბრენდის მიზანი ათწლეულის ბოლოსთვის ხუთ სხვადასხვა სეგმენტში 1 მილიონი ავტომობილის წარმოებაა.

Ford-მა F-150 ელექტროპიკაპის ყველაზე დაბალბიუჯეტური ვერსიის ფასი $56,000-მდე გაზარდა

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, Ford Motor-მა საკუთარი ელექტროპიკაპის F-150 Lightning-ის ყველაზე დაბალბიუჯეტური ვერსიის ფასი კიდევ ერთხელ, ამჯერად 9%-ით, $56,000 დოლარამდე გაზარდა.

REUTERS/Wolfgang Rattay/File Photo

საინტერესოა, რომ ავტომწარმოებელმა ელექტროპიკაპების სხვადასხვა კომპლექტაციის ფასები ბოლო სამი თვის განმავლობაში ორჯერ გაზარდა. ეს კი, კომპანიის განმარტებით, მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და ნედლეულის გაძვირებითაა გამოწვეული. თუმცა Ford-ი ერთადერთი ავტომწარმოებელი არ გახლავთ, რომელსაც ფასების შენარჩუნება უჭირს. ამერიკულ ბაზარზე ოპერირებადი სხვა ელექტრომობილების მწარმოებლები, Tesla და Rivian-იც მსგავს პრობლემებზე საუბრობენ. ლითიუმის ფასების მატება კი ელექტრომობილების ფასებს, რომელთა ელემენტების მთავარი ნედლეულიც სწორედ ლითიუმია, მნიშვნელოვნად ზრდის.

კომპანია 2023 წლის შემოდგომისათვის 150,000 ერთეული F-150-ის წარმოებას გეგმავს. თუმცა შეინარჩუნებს თუ არა არსებულ ფასებს ამ დროისათვის, ამასთან დაკავშირებით Ford-ი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. ბუნებრივია, ავტომობილის ღირებულება არ გაძვირებულა იმ მომხმარებლებისათვის, რომელთაც ელექტროპიკაპზე ჯავშანი უკვე გაკეთებული ჰქონდათ.

PepsiCo 2023 წელს 100 ერთეულ ელექტროსატვირთო Tesla Semi-ს მიიღებს

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, PepsiCo 2023 წელს Tesla-საგან კიდევ 100 ერთეულ ელექტროსატვირთო Semi-ს მიიღებს. კომპანია მომავალი წლიდან მიწოდების ჯაჭვის ელექტრიფიკაციის პროცესს იწყებს. Tesla-ს ელექტროსატვირთოები კი ამ პროცესის დაწყების პირველი ნაბიჯებია.

REUTERS/Alexandria Sage/File Photo

შეგახსენებთ, რომ PepsiCo-მ ამერიკულ ავტომწარმოებელს ელექტროსატვირთოები ჯერ კიდევ 2017 წელს შეუკვეთა. რამდენიმე კვირის წინ კი პირველი ეგზემპლარის მიღების ცერემონიალი გაიმართა. Pepsi კალიფორნიაში საკუთარ საწყობებში ოთხი ერთეული 750 კილოვატის სიმძლავრის დამტენი ინფრასტრუქტურის დადგმას გეგმავს. იგი პირველი კომპანიაა, რომელიც Tesla-ს Semi ელექტროსატვირთოებს ტესტავს, თუმცა არ გახლავთ ერთადერთი, რომელიც Tesla-ს ახალი მოდელით დაინტერესდა.

რეზერვაციები Tesla-ს Semi მოდელებზე ამანათების გადამზიდმა UPS-მა და საკვების მიწოდების კომპანია Sysco Corp-მაც განათავსეს. თუმცა ამ ინდუსტრიაში ოპერირებადი მრავალი სხვა კომპანია ბაზარზე ალტერნატივებს ეძებს.

PepsiCo-ს აღმასრულებლებმა აღნიშნული ელექტროსატვირთოების გამოყენების პირველი გეგმებიც წარადგინეს. მათი მტკიცებით, თავდაპირველად კალიფორნიაში არსებულ საწყობებზე 15 და 21 ერთეული Semi განაწილდება. დამატებით მიღებულ სატვირთოებს კი ცენტრალური აშშ-ის ტერიტორიაზე განათავსებენ. ამის შემდეგ კი აღმოსავლეთ სანაპიროსაც აითვისებენ. ბუნებრივია, რომ 100 ერთეული ელექტროსატვირთო PepsiCo-ს მოთხოვნას მთლიანად ვერ დააკმაყოფილებს, თუმცა გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში დიდ როლს ითამაშებს.

ჩინური Nio 100,000+ გირვანქა სტერლინგის ღირებულების მდიდრული ელექტრომობილის წარსადგენად ემზადება

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ჩინურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ავტომწარმოებელი Nio ახალი მდიდრული კლასის ელექტრომობილის წარსადგენად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომწარმოებელი ჯერჯერობით დიზაინისა და ინჟინერიის ეტაპზე იმყოფება. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ახალი მოდელის ფასი 116,000 გირვანქა სტერლინგზე მეტი ეღირება, რაც თითქმის ორჯერ ძვირია Nio-ს ამჟამინდელ ყველაზე ძვირ მოდელზეც კი.

Autocar.co.uk

Autohome-ის ინფორმაციით, Nio-ს ახალი მოდელი ამავე ბრენდის სახელით გაიყიდება და მისი მიზანი Mercedes-Benz S Class-ისათვის კონკურენციის გაწევა იქნება. ახალი მოდელის ინტერიერის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს 2024 წლისთვის მიეწოდებათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *