პოსტკრიზისულ პერიოდსა და კორონავირუსის მესამე ტალღის მოლოდინში ჩვენთვის მოგზაურობა ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად ჩანს. თუმცა ამ ფონზე, შესადარებლად საინტერესო ხდება პანდემიამდელი ტურისტული მაჩვენებლები, სტატისტიკა ანუ ამბავი იმისა, თუ სად და როგორ ვმოგზაურობდით ქართველები პანდემიამდე.
2019 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით 31-50 წლის ადამიანები მოგზაურობდნენ. ამავე წლისთვის, მათი პროცენტული წილი ჯამურად ქვეყნიდან გასული მოგზაურების 45%-ს შეადგენდა. შედარებით ნაკლები რაოდენობით მოგზაურობდა 15-30 წლამდე ასაკის მოსახლეობა, თუმცა მათი მაჩვენებელი 51-70 კატეგორიისა და 71 წელს გადაცილებულ ვიზიტორთა რაოდენობას მაინც აღემატებოდა.
მოგზაურთა უმრავლესობის ძირითადი მიმართულება თურქეთი იყო. 2019 წელს ქართველების 43% – თურქეთს, 18%- აზერბაიჯანს, 12% – ევროკავშირის ქვეყნებს, 11% – სომხეთს, 7% – რუსეთს, ხოლო 1% უკრაინას სტუმრობდა. 2020 წლის პირველი კვარტლისთვისაც პრიორიტეტული მიმართულებები არ შეცვლილა, თუმცა, პანდემიური ფონის გათვალისწინებით, მოგზაურთა რაოდენობა 165 ათასიდან (2019 წლის I კვარტლის მაჩვენებელი) 157-მდე შემცირდა.
პანდემიამდე ქართველი ვიზიტორები საზღვარგარეთ საშუალოდ 3-4 დღის განმავლობაში რჩებოდნენ. 2019 წელს ყველაზე ხანგრძლივად საზღვრებს მიღმა ივლისი-სექტემბრის მონაკვეთში ამჯობინებდნენ დარჩენას.
ახლა რაც შეეხება ხარჯების განაწილებას — ვიზიტორები თანხას ძირითადად კვებისა და საყიდლებისთვის იყენებდნენ. 2019 წლის განმავლობაში საკვებზე ქართველმა ვიზიტორებმა ჯამურად საშუალოდ 40-70 მლნ ლარი დახარჯეს. იგივე მაჩვენებელი საყიდლებისათვის კი 30-69 მლნ ლარი იყო. ვიზიტორები შედარებით ნაკლებ თანხას გამოყოფდნენ განთავსების, გასართობი, კულტურული, სპორტული ღონისძიებებსა და ადგილობრივი ტრანსპორტისთვის.