Aramco-მ $12.4 მილიარდიანი ინფრასტრუქტურული საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა

Aramco-მ $12.4 მილიარდიანი ინფრასტრუქტურული საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა

საუდის არაბეთის ნავთობის კომპანია „Aramco“-მ ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული შეთანხმება გააფორმა კონსორციუმთან, რომელსაც EIG GLobal Energy Partners (EIG) ხელმძღვანელობს.

$12.4 მილიარდიანი ინფრასტრუქტურული საინვესტიციო შეთანხმების ფარგლებში, „Aramco“ ახალდაფუძნებულ კომპანიას „Aramco Oil Pipelines Company“ 25-წლიანი სალიზინგო შეთანხმებით გადასცემს ნედლი ნავთობსადენების ქსელს, მისი გამოყენების უფლებით. სანაცვლოდ, „Aramco Oil Pipelines Company“ „Aramco“-სგან მიიღებს სატარიფო გადასახადებს. ახალდაფუძნებულ კომპანიაში არაბულის „Aramco“-ს წილი 51%, ხოლო კონსორციუმის „EIG“ წილი 49% იქნება. ამასთან, აღნიშნული ნავთობსადენების ქსელი კვლავ „Aramco“-ს საკუთრებაში იქნება.

„ეს გარდამტეხი მნიშვნელობის ტრანზაქცია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი პორტფოლიოს ოპტიმიზაციის პროგრამას. ჩვენ კაპიტალიზებას ვახდენთ ახალ შესაძლებლობაზე, რომელიც სრულ სტრატეგიულ თანხვედრაშია სამეფოს (საუდის არაბეთი) Shareek-ის გეგმასთან… ამასთან, ეს დაგვეხმარება მაქსიმალურად გავზარდოთ უკუგება აქციონერების კაპიტალზე“ – განაცხადა გარიგებაზე კომენტირებისას „Aramco“-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ამინ ნასერმა.

„ჩვენთვის პატივია ამ გარდამტეხი შეთანხმების ფარგლებში ვითანამშრომლოთ „Aramco“-სთან, რომელიც ინდუსტრიის უპირობო ლიდერია… მოუთმენლად ველით, როდის დავიწყებთ ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობისაა გლობალური ეკონომიკისთვის. ამასთან, მნიშვნელოვნად გავზრდით ჩვენს ღირებულებას ჩვენი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის მსოფლიოს მასშტაბით“ – შეაფასა არაბულ კომპანიასთან დადებული შეთანხმება კონსორციუმის „EIG“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ ბლერ თომასმა.

ცნობისთვის, „Aramco“ შემოსავლების მიხედვით მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რიგშია. ნავთობის მარაგით — 270 მილიარდ ბარელზე მეტი — ის მსოფლიოში მეორეა, ხოლო ნავთობის დღიური წარმოებით პირველი. კომპანიის წმინდა შემოსავალი 2020 წელს $49 მილიარდი იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *