სალომე ჯანელიძე, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი საუბრობს განახლებადი ენერგიის განვითარების შესაძლებლობასა და გამოწვევებზე: „გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში განახლებად ენერგიას გადამწყვეტი როლი განაპირობებს მის პრიორიტეტულობას მსოფლიოსთვის. „პარიზის შეთანხმებასთან“ ერთად, სახელმწიფოების მობილიზებას აგრეთვე ხელი შეუწყო 2022 წელს დაწყებულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა, რამაც დააჩქარა განახლებადი ენერგიის ათვისების მიზნით მოქმედებები. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) პროგნოზით, 2022 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში მოსალოდნელია მსოფლიოში განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრის 75%-იანი ზრდა, რაც თითქმის 2,400 გიგავატი სიმძლავრის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობას გულისხმობს. განახლებადი ენერგიის წილი სტაბილურად იზრდება ევროკავშირშიც, სადაც 2022 წლის მონაცემით, საერთო მოხმარებაში „მწვანე“ ენერგიის წილი 22%-მდე იყო. ამასთანავე, გასულ წელს პირველად, კაპიტალური დანახარჯები ქარისა და მზის გენერაციის აქტივებზე აღემატებოდა გაზისა და ნავთობის ახალ და არსებულ საბადოებზე დახარჯულ ინვესტიციებს.
განახლებადი ენერგიის წარმოების ტექნოლოგიების ფართო გავრცელებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იკლებს მათი ხარჯები და ენერგიის დაყვანილი ღირებულება (Levelized Cost of Energy), რომელიც წარმოებული ელექტროენერგიის თვითღირებულებას განსაზღვრავს. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მონაცემებით, მზის ფოტოვოლტური მოდულის ღირებულება 2009 წელთან შედარებით თითქმის 90%-ით არის შემცირებული, ქარის ტურბინების ფასი კი 2010 წელთან შედარებით 49-78%-ით არის შემცირებული. ამასთანავე, მზის ან ქარის ენერგიის წარმოების ზღვრული დანახარჯი ნულია: მზე უფასოდ ანათებს, ქარი კი უფასოდ ქრის, რაც ინვესტორებისთვის „მწვანე“ ენერგიის წარმოებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თავის მხრივ, სახელმწიფოებიც დაინტერესებული არიან სუფთა და იაფი ენერგიის ხელმისაწვდომობით. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით განახლებადი ენერგიის სუბსიდირება დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. თუმცა, განახლებადი ენერგიის ხელშეწყობისთვის, მათი წარმოების სტაბილურობისა და მდგრადობისთვის აუცილებელია სათანადოდ დაბალანსებული მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა.
განახლებადი ენერგიის პენეტრაციასთან დაკავშირებულია ე.წ. „განახლებადების კანიბალიზაციის“ ეფექტი, რომელიც იწვევს ელექტროენერგიის ფასის შემცირებას როგორც „მწვანე“, ისე – ტრადიციული ენერგიის მწარმოებლებისთვის და განაპირობებს ელექტროენერგიის წარმოებაში დამატებითი ინვესტიციების არაეკონომიკურობას. ევროპული რეგულაციებით, განახლებადი ენერგიის მწარმოებლებს მინიჭებული აქვთ პრიორიტეტული წვდომა ელექტროენერგიის ქსელთან, რაც გულისხმობს გარანტიას, რომ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი შეძლებს წარმოებული ელექტროენერგია ნებისმიერ დროს გაყიდოს და უზრუნველყოს მისი ტრანსპორტირება დადგენილი წესების შესაბამისად. ამასთანავე, ელექტროენერგიის ბირჟებზე ფასი დგინდება მიწოდებისა და მოთხოვნის აგრეგირებული მრუდების გადაკვეთის წერტილის მიხედვით: ბაზრის ფასს განსაზღვრავს ყველაზე მაღალფასიანი ელექტროენერგია, რომელიც საჭიროა შესაბამის საათში არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი, ხშირ შემთხვევაში, ბუნებრივი გაზით წარმოებული ელექტროენერგიაა. მიწოდების მრუდზე განახლებადი ენერგიის მწარმოებლები ანაცვლებენ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მწარმოებლებს, რომლებსაც უფრო მაღალი ზღვრული დანახარჯები აქვთ და, შედეგად, მცირდება ბაზრის ერთიანი, წონასწორული ფასი. „კანიბალიზაციის“ ეფექტი კიდევ უფრო თვალსაჩინოა, როდესაც განახლებადი ენერგიის სისტემაში პენეტრაციის ზრდას თან სდევს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, რაც სახელმწიფოების მიერ ენერგოეფექტურობის ხელშესაწყობად მიღებული სისტემური ზომებისა მოსალოდნელი შედეგია,
მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის შემცირებული საბითუმო ფასი მოკლევადიან პერიოდში შეიძლება დადებით მოვლენად იქნას აღქმული, გრძელვადიან პერიოდში იგი გამოწვევას წარმოადგენს: „განახლებადების კანიბალიზაციის“ შედეგად მცირდება ელექტროენერგიის „ამოღების“ ფასი და განაკვეთი (capture price and rate), მეტრიკები, რომლებიც გამოიყენება მწარმოებლის მიერ ელექტროენერგიის გაყიდვით მისაღები შემოსავლის განსასაზღვრად. ინვესტორების დარგით დასაინტერესებლად, საჭირო ხდება კიდევ უფრო მეტი სუბსიდიის მობილიზება, რაც, როგორც წესი, აისახება საბოლოო მომხმარებლის ქვითარში. ამასთან, განახლებადი ენერგიის ინვესტიციები, როგორც წესი, გადაედინება იმ რეგიონში, სადაც მეტი სუბსიდიაა ხელმისაწვდომი. ელექტრულ ქსელში მზისა და ქარის ენერგიის კონცენტრაციის ზრდასთან ერთად კი, იზრდება საბაზისო სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურების აუცილებლობა, რომლებიც, თავის მხრივ, სიმძლავრის შენარჩუნების კომპენსაციას იღებენ.
„განახლებადების კანიბალიზაციის“ ეფექტი იზრდება განახლებადი ენერგიის გავრცელებასთან ერთად. დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, განახლებადი ენერგიის კონკურენტუნარიანობის ზრდასთან ერთად, უნდა შეწყდეს სახელმწიფოს მიერ მათი ფინანსური მხარდაჭერა. ამ მიზნით, რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში განახლებადი ენერგიის უარყოფითი აუქციონებიც გამოიყენება. მიმდინარე წლის ივლისში გერმანიაში ჩატარებული აუქციონის გამარჯვებულებმა – BP და TotalEnergies – 12.6 მილიარდი ევრო გადაიხადეს ჯამურად 7 გიგავატი ოფშორული ქარის სადგურის ასაშენებლად. თუმცა, პრობლემის აღმოფხვრა ამით ნაკლებად მოსალოდნელია. ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის მოგების მიღების ძირითადი საშუალება ბირჟაზე ვაჭრობაა, ნულოვანი ცვლადი ხარჯების მქონე განახლებადი ენერგიის მაღალი კონცენტრაციით კი ბაზრის ფასი მცირდება. აღნიშნული ასევე მოქმედებს პროექტის რისკის შეფასებაზე, რაც, თავის მხრივ, ზრდის კაპიტალურ დანახარჯებს და ხელს უშლის ინვესტორების მოზიდვას. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ოფშორული ქარის სადგურის ასაშენებლად ახლახან ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – მსხვილმა ინვესტორებმა უარი თქვეს მონაწილეობაზე, რადგან მიიჩნიეს, რომ აუქციონის მაქსიმალური ფასი მეტისმეტად დაბალი იყო მოგების მისაღებად.
„განახლებადების კანიბალიზაციის“ ეფექტის აღმოსაფხვრელად, საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ერთ-ერთი საშუალება არის ელექტროენერგიის შემნახველი სისტემების გამოყენება, რომელიც შეინახავს მზისა და ქარის ენერგიის წარმოებულ ელექტროენერგიას და პიკური მოხმარების პერიოდში მიაწოდებს ელექტროსისტემას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მოთხოვნის მართვის ზომების გამოყენება პიკურ პერიოდებში ელექტროენერგიის მოხმარების შესამცირებლად. ოქსფორდის ენერგეტიკის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, „კანიბალიზაციის“ ეფექტის შესამცირებლად, შესაძლებელია დადგინდეს ნახშირბადის გადასახადი წიაღისეული საწვავით ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის. ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება წიაღისეული საწვავით წარმოებული ელექტროენერგიის ზღვრული დანახარჯი რაც განაპირობებს განახლებადი მწარმოებლების მიერ მეტი შემოსავლის მიღებას პიკურ საათებში. „კანიბალიზაციის“ ეფექტის მიტიგაციის საშუალებად ასევე განიხილება „მწვანე“ წყალბადის ეკონომიკის განვითარება.
საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის პოტენციალის ათვისება ადრეულ ეტაპებზეა, შესაბამისად, დღეს არ არსებობს „განახლებადების კანიბალიზაციის“ ეფექტის რისკი. გასული წლის ბოლოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს მთავრობის მიერ განახლებადი ენერგიის სიმძლავრის აუქციონის წესების შემუშავებით, რის საფუძველზეც უკვე ჩატარდა პირველი წარმატებული აუქციონი. ამასთანავე, „მწვანე“ ენერგიის განვითარებასთან ერთად, „კანიბალიზაციის“ ეფექტის თავიდან ასარიდებლად და ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, აუცილებელი იქნება მოქნილი და მდგრადი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრა, დაბალანსებული და სტაბილური სისტემისა და ენერგეტიკული ბაზრების შესანარჩუნებლად“.