ISET-PI: ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა

ISET-PI: ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა

ISET Policy Institute-ის (ISET-PI) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, მიმდინარე წლის ივნისიდან, ხაჭაპურის ინდექსში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. 2023 წლის ივნისთან შედარებით, ხაჭაპურის ფასი 4.7%-ითაა გაზრდილი. ISET-PI-ის თანახმად, 2023 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.88 ლარი შეადგინა.

ISET-PI ცვლილებას გასულ ოთხ თვეში ყველის ფასის 10.6%-იან ზრდასა და სეზონურობას უკავშირებს, რაც შემოდგომაზე, ცხოველებისთვის საკვები დანამატების სახით მიწოდებასთან ერთად, რძის პროდუქტების ფასების მატებაში გამოიხატება. მიუხედავად ამისა, წლიური მაჩვენებლით, ხაჭაპურის საშუალო ფასი 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, 8.3%-ით დაბალია. ISET-PI-ის მონაცემებით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 13.8%-ითაა შემცირებული ყველის, ხოლო 4.6%-ით ფქვილის ფასები.

გარდა ამისა, 2022 წლის პიკთან შედარებით შემცირებულია ხორბლის ფასებიც. თუმცა, წლიური შეფასებით, გაზრდილია ხაჭაპურის სხვა ინგრედიენტების ღირებულება: რძის 3.8%-ით, საფუვრის – 10.9%-ით კარაქის – 9.9%-ით, ხოლო კვერცხის 4.1%-ით.

ქალაქების მიხედვით, ხაჭაპურის ინგრედიენტების საშუალო ფასი ყველაზე მაღალი ბათუმშია. ზღვისპირა ქალაქში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 7%-ით მაღალია და 6.26 ლარს შეადგენს. დედაქალაქი კი, ერთი ხაჭაპურის მომზადების 5.66-ლარიანი ხარჯით, ყველაზე ხელმისაწვდომი ლოკაციაა.