განათლებისა და მეცნიერების ახალი სტრატეგია ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არის ხელმისაწვდომი. ეჭვგარეშეა, რომ სტრატეგია დამტკიცდება და სისტემაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში თუ არა, სულ მცირე, ხელისუფლების ცვლილებამდე ამ მიმართულებით განვითარდება. თუმცა ეს ტექსტი სტრატეგიის პოლიტიკური მდგრადობის შეფასებას სულაც არ ისახავს მიზნად – საინტერესოა, რა არის ის საკვანძო საკითხები, რომელთა იდენტიფიცირებაც განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მოხერხდა და საერთოდაც, რამდენად რელევანტური იქნება ეს სამიზნე ნიშნულები ათი წლის შემდეგ – 2032 წელს.
ახალი სტრატეგიის გაცნობამდე რამდენიმე დღით ადრე იუვალ ნოა ჰარარის საჯარო გამოსვლას ვუსმინე – განათლების მომავალზე ისაუბრა თანამედროვეობის ერთ-ერთმა საინტერესო ავტორმა და განათლების პარადიგმის ცვლილებაზე, მისი მნიშვნელობის გააზრების პრობლემაზე, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების მხრიდან ამ ცვლილების უგულებელყოფაზე მიუთითა. კითხვაზე, ცვლილებებით სავსე ტექნოლოგიური რევოლუციის ხანაში როგორი უნდა იყოს განათლების პოლიტიკა, ჰარარი პასუხობს, რომ, თუკი წლებით ადრე ჩვენ არ გვაქვს ხედვა, როგორ ვამზადებთ მომავლისთვის განათლების სისტემას, მაშინ ეს დრო და შანსი დაკარგულია.
ჰარარის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ლექციაზე ვუსმინეთ. პროფესორი ყოველი ლექციის ბოლოს გვეუბნება, იქნებ ერთხელ მაინც გახდეს შესაძლებელი, პოზიტიური პროგნოზებით დავასრულოთ ჩვენი შეხვედრაო. მე ამჯერად პირიქით ვგეგმავ – მინდა, პოზიტიურად დავიწყო და მკითხველთან ერთად გავყვე დოკუმენტს.
განსხვავებით ყველა სხვა წინა პოლიტიკის თუ სტრატეგიული დოკუმენტისგან, განათლების და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია ღიად აღიარებს პრობლემებსა და გამოწვევებს. თითქოს გადავლახეთ ის სენი, პრობლემაზე საუბარი და მისი აღიარება რომ თითქმის არავის გვსურდა. თუ სტრატეგიას გადახედავთ, შენიშნავთ, რომ სისტემა პრობლემებს ხედავს ყველგან – ბაღებში, სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში, მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით. ამასთან, აღიარებს, რომ ხშირად რეფორმის შედეგებს ვერ ზომავს და, შესაბამისად, ვერ აფასებს, წარსულში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები პოზიტიურად აისახა სისტემაზე თუ ნეგატიურად.
ამ დათქმით დაიმედებულებმა გავაგრძელოთ სტრატეგიის კითხვა და ამჯერად იმ რეფორმებსა თუ პროექტებს გადავხედოთ, რომელთა „შეფასებასაც“ სისტემა ახერხებს. აქ, სამწუხაროდ, კვლავ წამოგვეწია ბიუროკრატების ტრფიალი მიღწეული შედეგების განდიდებისადმი – რაღაცები კვლავ გაზვიადებულად არის წარმოჩენილი, რაც ალბათ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მაამებლობის სურვილით უფროა ნაკარნახები, ვიდრე რეალობით. მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია, როგორ გახდა უნივერსიტეტი, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა, კვლევისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის სიმბოლო კვლევისა და მეცნიერების კეთების გარეშე.
ძალიან სევდიანი განწყობა რომ არ დაგვეუფლოს, პირდაპირ გადავიდეთ სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებზე. მე ნამდვილად რთულ ამოცანად მესახება, ადამიანთა ჯგუფმა განსაზღვროს, რა უნდა აკეთონ 2030 წლისთვის ბაღებმა, სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა, უნივერსიტეტებმა ანდაც კვლევითმა და სამეცნიერო ცენტრებმა საქართველოში. თუმცა, როგორც ჩანს, სხვებს უფრო შორსმჭვრეტელი ხედვა აქვთ და საკმარისი ინფორმაციაც.
დოკუმენტი სამ სტრატეგიულ მიზანს აღწერს განათლების თითოეული საფეხურის და მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებისთვის: ხარისხი და რელევანტურობა; თანასწორობა, ინკლუზია და მრავალფეროვნება; მართვა, დაფინანსება და ანგარიშვალდებულება.
თუკი სამივე სტრატეგიული მიზნის ქვეშ გაერთიანებული ამოცანები შესრულდება, დაპირება ასეთია – „2032 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაღალი ხარისხის სისტემა ინდივიდებს მისცემს შესაძლებლობას, საუკეთესო არჩევანი გააკეთონ თავიანთი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების განსავითარებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი, ცოდნაზე დაფუძნებული და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას“. იმავე წარმატებით შეუძლია იმავე პირობის მიცემა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის – არაფერი კონკრეტული, არაფერი განსაკუთრებული.
საყოველთაო შეთანხმების საგანია, რომ განათლება ქვეყნის ეკონომიკისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების საფუძველია. ამასთან, განათლების დონეზეა დამოკიდებული ქვეყნის სოციალური მდგომარეობა, ჯანდაცვის ძირითადი მაჩვენებლები, კრიმინალის დონე და, ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობა.
შესაბამისად, საინტერესოა, როგორი უნდა იყოს საქართველოს განათლების სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, რეგიონულ კონტექსტში, გლობალური გამოწვევების კონტექსტში – კითხვას, მიგვიყვანს თუ არა ეს გზა „განათლების ტაძართან“, სტრატეგია მკაფიოდ ვერ პასუხობს. არადა, რა საჭიროა „გზა“, თუ ის სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს?!
და მაინც, ამ დოკუმენტს ორი მთავარი პრობლემა აქვს. პირველი პრობლემა გარემოს ანალიზია – ნებისმიერი სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველი. თუკი სტრატეგიულ გეგმასთან ერთობლიობაში გადახედავთ ლოგიკურ ჩარჩოსაც, აღმოაჩენთ, რომ ბევრი მიმართულებით საბაზისო მონაცემი არ გვაქვს, კონკრეტული ამოცანის შესრულების დადასტურებისთვის საჭირო ინდიკატორი კი შემუშავებული არ არის. ეს ნიშნავს შემდეგს: არ ვიცით, სად ვართ; დაახლოებით ვიცით, რა გვინდა; არ ვიცით, როგორ გავზომოთ შედეგები.
მეორე პრობლემა კი თავად სამიზნე ნიშნულებს და სტრატეგიულ ამოცანებს უკავშირდება – საქართველოს დეკლარირებული სტრატეგიული მიზანია, საერთო ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის ღირსეული წევრი იყოს, თუმცა ათწლიან სტრატეგიაში აღწერილი ამოცანები ამგვარი ამბიციის მიღწევის საფუძველს ვერ გვაძლევს. დოკუმენტში მთლიანი ორიენტირი საბაზისო შედეგების მიღწევას ემსახურება – განა ვინ არ იცის, საბავშვო ბაღებს რომ სასწავლო მასალა სჭირდება, ან სკოლებს – კვალიფიციური მასწავლებელი… ყველამ, თუმცა სტრატეგიაში სწორედ რომ მსგავს ჭეშმარიტებებს მოუყარეს თავი.
შედეგად, დავბრუნდით იქ, სადაც პოზიტიურად დაწყება ვცადე – პრობლემების ღიად აღიარება. დიახ, სისტემა ხედავს პრობლემებს და აღიარებს კიდეც მათ. თუმცა ვერ ზომავს პრობლემის მასშტაბს, არა აქვს საჭირო საბაზისო ინფორმაცია, საკმარისი კვლევა ან სტატისტიკური მონაცემი, რომ ზუსტად იცოდეს ამოცანის შესასრულებლად საჭირო რესურსი ან პრობლემის გავლენა და მასშტაბი. შესაბამისად, ჩნდება კითხვები სხვა მიმართულებებითაც – რამდენად შესაფერისია დაგეგმილი აქტივობები, არის თუ არა სწორად და ზუსტად დანახული რისკები, ძალიან ბევრი ხომ არ არის ათი წელი საბაზისო ნიშნულამდე მისასვლელად, მაშინ როდესაც კონკურენტ ან პარტნიორ ქვეყნებში უფრო სწრაფი ტემპებითა და მეტი რესურსით მიიჭრებიან წინ.
მე კი სტრატეგიული დოკუმენტის კითხვისას ჰარარის ხმა ჩამესმის მუდმივად – დაგვიანებულია, დაგვიანებულია ის, რაც მომავალს ვერ უპასუხებს. ვფიქრობ, რომ მომდევნო ათი წელი ამ სტრატეგიით ხელმძღვანელობა ნიშნავს ყველა შესაძლებლობაზე უარის თქმას და კვლავ იმაზე ზრუნვას, როგორ შეიძლება, დავუახლოვდეთ საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელთანაც ძალიან ახლოს არც დღეს ვართ და არც 2032-ში ვიქნებით.