„აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღებით საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამ ნაბიჯით, ხელისუფლებამ გვაჩვენა, რომ მას აქვს იმის სურვილი, რომ უახლოეს მომავალში, უარი თქვას ფორმალურად დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ცალსახად შეუერთოს ქვეყანა რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის სფეროს.
ის, რომ 10 მარტს უმრავლესობამ კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო, მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქე, რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა მეთოდით, დაუღალავად აპროტესტებდა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ თავად „ქართულ ოცნებას“, პრინციპების დონეზე, კანონის მიღებაზე უარი არ უთქვამს.
სკეპტიკოსმა შეიძლება გვკითხოს: საიდან ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაა? იქნებ საქმე გვაქვს, მართალია, მავნე, მაგრამ მაინც მორიგ საკანონმდებლო ინიციატივასთან, რომელმაც, უბრალოდ, არ გაამართლა? საქმე ის არის, რომ ამ კვირებში თავად ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებულ ურთიერთობებს. ვიცით ისიც, რომ ამ ინიციატივის მიღების შთაგონების წყარო კრემლი იყო.
ეჭვები საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის შესახებ გამოითქვა არა რომელიმე ევროპარლამენტარის ან კონგრესმენის მიერ, არამედ, არც მეტი და არც ნაკლები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის პირით. 9 მარტს პრაისმა განაცხადა, რომ „კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტების წინ წამოწევა შეუთავსებელია ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების ინტერესთან”. მან დაამატა ისიც, რომ ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება გავლენას მოახდენდა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ის ეჭვი, რომ ამ კანონპროექტის მთავარი მხარდამჭერი რუსეთი იყო, 10 მარტს თავად კრემლმაც დაადასტურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას თბილისის მოვლენებმა კიევის „მაიდანი“ მოაგონა. მისი თქმით, „აგენტების შესახებ“ კანონს მთავრობის მოწინააღმდეგები საბაბად იყენებდნენ იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ. ლავროვის განცხადების მიხედვით, გამოდის, რომ რუსეთის თვალში „ქართული ოცნება“ იანუკოვიჩის პრორუსული მთავრობის ანალოგია, მისი ძალადობრივი გზით შეცვლა კი საქართველოს პროდასავლურ გზაზე დააყენებს.
თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, ჩნდება, მინიმუმ, ორი კითხვა: თუ „ქართული ოცნება“ მზად არის, რომ ქვეყნის პროდასავლურ კურსზე უარი თქვას, მაშინ რატომ გაიწვია მან კანონი უკან? რატომ აგრძელებს საქართველოს ხელისუფლება ფორმალურად მაინც პროდასავლური კურსის მხარდაჭერას (მას შემდეგ, რაც ამ კურსის ამოყირავების მზადყოფნა გამოთქვა)? ამ კითხვებზე თანამიმდევრული პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდები.
დავიწყოთ იმის განხილვით, თუ რატომ დაიხია უკან „ქართულმა ოცნებამ“. თუ ნედ პრაისს დავუჯერებთ და ჩავთვლით, რომ საქმე გვქონდა „კრემლის მიერ შთაგონებულ“ ინიციატივასთან, მაშინ რანაირად მოხდა ასეთი მძლავრი (საგარეო და საშინაო) ინტერესის (დროებით მაინც) განეიტრალება? იმისთვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ ის, რომ რუსეთი არ არის ისეთი საერთაშორისო აქტორი, რომელიც თავისი მიზნის მიღწევას ყოველთვის ძალადობრივი გზებით ცდილობს. პოლიტიკის მკვლევრებს დღეისათვის უკვე კარგად მოეხსენებათ, რომ რუსეთი ბევრ ქვეყანაში – მათ შორის, აშშ-ის მსგავს სუპერსახელმწიფოში – ე.წ. ჰიბრიდული ომის სტრატეგიების გამოყენებით მოქმედებს.
მოცემულ ეტაპზე, „ქართული ოცნება“ არის შინაარსით ანტიდასავლური, ხოლო ფორმალურად – პროდასავლური რეჟიმი. ამის გათვალისწინებით, ის მომავალშიც განაგრძობს მოღვაწეობას ორ ფრონტზე: ერთი მხრივ, ფორმალურად ილაპარაკებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე, ხოლო მეორე მხრივ, რეალურად, ძირს გამოუთხრის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
ჰიბრიდული ომი გულისხმობს სასურველი მიზნის მისაღწევად არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდის ინსტრუმენტების გამოყენებას. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები, სულ მცირე, 2014 წლიდან, ე.წ. „პროექტ ლახტას“ ფარგლებში, ცდილობენ აშშ-ის შიდა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევას. მათი მიზანი აშშ-ში დემოკრატიული პროცესის ჩაშლა და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრაა.
გერმანიაში რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს პროპაგანდისტულ კამპანიას და ის ძირითადად ფედერალური მიწების მთავრობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. ამ ხნის განმავლობაში გერმანიაში კრემლის რეჟიმის მიზნებს შეადგენს: რუსეთის ენერგოინტერესების ლობირება და, საბოლოოდ, დასავლური ქვეყნების ბლოკში განხეთქილების შეტანა. ამ მიმართულებით რუსეთი, ერთი მხრივ, პირდაპირ იყენებს თავის აგენტურულ ქსელს, ხოლო მეორე მხრივ ის გერმანიაში ულტრამემარჯვენე, ულტრამემარცხენე და პაციფისტურ განწყობებს ახალისებს.
ამ ფონზე სრულიად არ არის გასაკვირი ის, რომ საქართველოშიც რუსეთი ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას. კრემლს კარგად მოეხსენება, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობას (მათ შორის, მმართველი პარტიის მხარდამჭერებს) პროდასავლური განწყობები აქვს. იმისთვის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ჭეშმარიტად შეიცვალოს, პირველ რიგში, საჭიროა, პროდასავლური განწყობები იმ დონეზე შემცირდეს, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს ფორმალურ დონეზეც ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორის შემოტრიალება.
ჰიბრიდული ომის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადვილად ასახსნელია, თუ რატომ შეიძლება რუსეთის გავლენებმა დროებით დაიხიონ უკან. ვინაიდან კრემლის მიზანი საქართველოში მოსახლეობის განწყობების შეცვლაა, ის შეეცდება, რომ არაპოპულარულ ნაბიჯებზე რაც შეიძლება ნაკლებად დადოს ფსონი და მხოლოდ ისეთ თემებს გაუკეთოს პედალირება, რომლებიც ქართველების უმრავლესობას გააერთიანებს (ასეთი საკითხები, მაგალითად, შეიძლება დაკავშირებული იყოს რელიგიურ, ანტი-ლგბტ და ნაციონალისტურ თემებთან).
თუ ეს მსჯელობა სწორია, მაშინ ადვილი ასახსნელია ისიც, თუ რატომ აგრძელებს ფორმალურ დონეზე „ქართული ოცნება“ პროდასავლურ კურსს. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით უნდა გვესმოდეს, რომ აშკარადაა გამოკვეთილი ოპორტუნისტული რეჟიმი, რომელსაც არასდროს ჰქონია პრინციპულად პროდასავლური კურსი. შესაბამისად, ის ადვილად ექცევა მტრული სახელმწიფოს გავლენის ქვეშ და არ ეწინააღმდეგება მას ყველაზე უფრო ეგზისტენციალურ თემებზეც კი (მაგალითად, როგორიც იყო „აგენტების კანონის“ მიღება).
მოცემულ ეტაპზე, „ქართული ოცნება“ არის შინაარსით ანტიდასავლური, ხოლო ფორმალურად – პროდასავლური რეჟიმი. ამის გათვალისწინებით, ის მომავალშიც განაგრძობს მოღვაწეობას ორ ფრონტზე: ერთი მხრივ, ფორმალურად ილაპარაკებს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე, ხოლო მეორე მხრივ, რეალურად, ძირს გამოუთხრის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.
იმისთვის, რომ მომავალში სწორად ჩავწვდეთ „ქართული ოცნების“ მოქმედების ლოგიკას, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ მთავრობის ქმედებების შინაარსობრივ მხარეზე. „აგენტების კანონის“ გატანამ ეს შინაარსი იმდენად გააშიშვლა და სააშკარაოზე გამოიტანა, რომ, წესით, ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯების გაშიფვრა პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არსებითად დაუბრუნდეს პროდასავლურ კურსს და რუსეთის გავლენები როგორც სამთავრობო, ისე საზოგადოებრივ დონეზე საფუძვლიანად მოისპოს.