რუსეთის „ვაგნერის ჯგუფი“ ბახმუტს დატოვებს

რუსეთის „ვაგნერის ჯგუფი“ ბახმუტს დატოვებს

რუსეთის „ვაგნერის ჯგუფის“ დაქირავებული მებრძოლების ლიდერმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ჯგუფი უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებს, რომლის დაკავებასაც გასული ზაფხულიდან მოყოლებული ამაოდ ცდილობდა.

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, „ვაგნერის ჯგუფი“ ბახმუტს 10 მაისს დატოვებს და ომში მონაწილეობას დიდი დანაკარგებისა და არასაკმარისი საბრძოლო მასალის გამო დაასრულებს. ჯგუფის ლიდერმა თავდაცვის მეთაურებს სთხოვა, მათ ადგილზე რეგულარული ჯარი შეიყვანონ.

„„ვაგნერის“ ქვედანაყოფები გამომყავს ბახმუტიდან, რადგან საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში ისინი განწირულნი არიან დასაღუპად“, – განაცხადა ევგენი პრიგოჟინმა.

ომის დაწყებამდე 70,000-მცხოვრებიან ბახმუტს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც მის ხელში ჩასაგდებად ხანგრძლივი ბრძოლა და საომარი მოქმედებების ინტენსივობაც მოწმობს. სწორედ „ვაგნერი“ ხელმძღვანელობდა რუსეთის მიერ ქალაქის ხელში ჩაგდების მცდელობას და, როგორც პრიგოჟინმა სამი კვირის წინ განაცხადა, მისი მებრძოლები ბახმუტის 80%-ზე მეტს აკონტროლებდნენ. ჯგუფის ლიდერი პოზიციების შესუსტებას რუსეთის თავდაცვის უწყების მხარდაჭერის ნაკლებობას აბრალებს.