გლობალური დათბობის ფონზე გასული ექვსი თვე ანტარქტიდის ისტორიაში ყველაზე ცივი გამოდგა. თოვლისა და ყინულის მონაცემების ეროვნული ცენტრის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე ანტარქტიდაზე საშუალო ტემპერატურა -60.9 გრადუსი ცელსიუსით იყო.
გარდა ამისა, გასული ექვსი თვე სამხრეთ პოლუსზე ყველაზე ბნელი პერიოდიც აღმოჩნდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ტერმინი პოლარული ღამეებიც.
თოვლისა და ყინულის მონაცემების ეროვნული ცენტრის უახლესი ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის ზამთარი მთლიანი კონტინენტისათვის მეორე ყველაზე ცივი წელიწადის დრო გამოდგა. ივნისის, ივლისისა და აგვისტოს საშუალო ტემპერატურები 1981 და 2010 წლების იმავე პერიოდის საშუალო ტემპერატურაზე 3.4 გრადუსით დაბალი იყო.
სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2004 წლის შემდეგ 60-წლიანი მონაცემების ისტორიაში ამუნდსენ-სკოტის სამხრეთ პოლუსის სადგურზე მეორე ყველაზე ცივი ზამთარი დაფიქსირდა.
საინტერესოა ისიც, რომ კონტინენტზე არც ზაფხულის პერიოდია განსაკუთრებით თბილი. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ პოლუსზე ზაფხულად ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდი ითვლება. ზაფხულში ანტარქტიდაზე საშუალო თვიური ტემპერატურა -29 გრადუს ცელსიუსს უტოლდება.
მეცნიერების ეროვნული ფონდის განცხადებით, კონტინენტზე დაფიქსირებულ რეკორდულად დაბალ ტემპერატურას სამეცნიერო სამუშაოზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ფონდის მტკიცებით, სამეცნიერო ექსპედიციები და საველე სამუშაოები მეტწილად ზაფხულის პერიოდში იმართება ხოლმე, შესაბამისად, მეცნიერებს საქმიანობაში ხელი არ შეშლიათ.
საინტერესოა, თუ რა გახდა ამგვარი საშუალო ტემპერატურის დაფიქსირების მიზეზი გლობალური დათბობის ფონზე.
Cover Photo Source: NASA Goddard Institute for Space Studies | Graphic: John Keefe, CNN