გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

გასული კვირა კრიპტოინდუსტრიისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. Twitter-ში განაცხადეს, რომ კრეატორებისთვის ანაზღაურების გადახდას კრიპტოვალუტებით გამოცდიან, Binance-მა შეძლო ჰაკერულ თავდასხმაში დაკარგული $5.8 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტების დაბრუნება, ბაჰამის კუნძულები მოქალაქეებს გადასახადების კრიპტოვალუტებით გადახდის საშუალებას მისცემს, ხოლო Fidelity საპენსიო ანგარიშებზე ფულის მაგივრად ბიტკოინის გადარიცხვის შესაძლებლობას ამატებს და ბრაზილიის სენატმა კრიპტოების დასარეგულირებელი კანონის შემოღების ნებართვა გასცა.  ამ და სხვა სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ კრიპტობლოგში მოვუყარეთ თავი.

Twitter-ი კრეატორებისთვის გასამრჯელოს კრიპტოვალუტის საშუალებით გადახდის ფუნქციას გამოცდის

ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანია Stripe-ი ხელს შეუწყობს ფულის გადახდას USDC-ის სტეიბლკოინის მეშვეობით, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინზეა დაფუძნებული.

Stripe-ის ინფორმაციით, მათი დახმარებით, Twitter-ზე კონტენტის შემქმნელები Twitter-იდან გამომუშავებული ფულის გამოტანას კრიპტოვალუტების სახით შეძლებენ, რასაც Stripe Connect-ი უზრუნველყოფს. ეს არის Stripe-ის სისტემა, რომელიც კომპანიებს ონლაინგადარიცხვების საიტებზე ინტეგრირების საშუალებას აძლევს.

Stripe-ი წლის ბოლოსთვის 120 ქვეყანაში გეგმავს მომხმარებლებს სხვადასხვა კრიპტოვალუტის გამოტანის საშუალება მისცეს.

Binance-მა ჰაკერული თავდასხმის შედეგად მოპარული $5.8 მილიონის ღირებულების კრიპტოაქტივების დაბრუნება შეძლო

Binance-მა – მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტობირჟამ, $5.8 მილიონის ღირებულების მოპარული კრიპტოვალუტების აღდგენა/დაბრუნება შეძლო.

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჩანგფემგ ჟაოს განცხადებით, ეს თანხა იყო გადანაწილებული 86 სხვადასხვა ანგარიშზე. ჰაკერების ჯგუფმა, რომელსაც DPRK-ს უწოდებენ, დაიწყო მოპარული თანხის გადაადგილება (აქედან ნაწილი Binance-ზე ჩარიცხეს) და Binance-მა შეძლო $5.8 მილიონის დაბრუნება, ხოლო ჯამში $625 მილიონია მოპარული.

ბაჰამის კუნძულების მოქალაქეები გადასახადების გადახდას კრიპტოვალუტის საშუალებით შეძლებენ

დოკუმენტი, რომელშიც 2026 წლამდე  ბაჰამის კუნძულების ციფრული აქტივების სტრატეგიაა აღწერილი, იმაზე მიანიშნებს, რომ მოქალაქეები მალე გადასახადების გადახდას კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივების საშუალებით შეძლებენ.

ბაჰამის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა – ფილიპ დევისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო იმუშავებდა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გადასახადების კრიპტოვალუტებით გადახდის შესაძლებლობის შესაქმნელად. ქვეყნის მთავრობას აქვს გეგმა, კრიპტოაქტივების შეძენა ადგილობრივი ვალუტით უფრო მარტივი გახადონ.

ბაჰამის კუნძულები ასევე შექმნის ციფრული აქტივების კომიტეტს, რომელსაც სათავეში პრემიერ-მინისტრი ჩაუდგება, რაც ქვეყნისთვის ამ სფეროს მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

Fidelity მომხმარებლებს საპენსიო ანგარიშებზე – 401(K)-ზე ფულის ნაცვლად ბიტკოინის გადარიცხვის საშუალებას მისცემს 

აშშ-ში საპენსიო ანგარიშების ყველაზე დიდი დისტრიბუტორი – Fidelity, აცხადებს, რომ კლიენტებს საპენსიო ანგარიშებზე ბიტკოინის ჩარიცხვის საშუალებას მისცემს, თუკი თანამშრომლებს ამის უფლებას ორგანიზაციების ხელმძღვანელები დართავენ. წლის ბოლოსკენ ამ შესაძლებლობის მიცემა უკვე 23,000 კომპანიას შეეძლება.

ეს ნაბიჯი მილიონობით ადამიანს აშშ-ში მისცემს ბიტკოინთან წვდომას და ზოგადად კრიპტოვალუტების ათვისებაში დაეხმარება.  თუმცა მომხმარებელს საპენსიო ანგარიშზე 20%-ზე მეტი ვერ ექნება ბიტკოინში.

ბრაზილიის სენატმა კრიპტოვალუტების მარეგულირებელი კანონი დაამტკიცა

ბრაზილიის სენატმა კრიპტოვალუტების მარეგულირებელი პირველი კანონი დაამტკიცა. სენატის განცხადებით, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, რომელიც საფუძვლად დაედება ყველა მომდევნო კრიპტოკანონის მიღებას.

კანონში ვირტუალური აქტივი არის განმარტებული როგორც “ღირებულების ციფრული რეპრეზენტაცია, რომლითაც შეიძლება ვაჭრობა, ან ელექტრონული გადარიცხვა, რაშიც შედის ინვესტიციის გაკეთება და ვირტუალური აქტივებით საქონლის ყიდვა”.

ბრაზილიის სენატმა დაადასტურა, რომ მარეგულირებელი ორგანო იქნება ან ბრაზილიის ცენტრალური ბანკი, ან ამ მიზნით შეიქმნებოდა სხვა მარეგულირებელი ინსტიტუტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *