გასულ კვირას განახლებადი ენერგიის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს შეეხება, რომელმაც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ საზღვაო ძალების მდგრადობის გასაზრდელად, ახალი კლიმატური სტრატეგია წარადგინა. აშშ-ის გარდა, განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით წინ სწრაფად მიიწევს ჩინეთიც, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, ბოლო ოთხ თვეში მზის პროექტებში ინვესტიციები გაასამმაგა.
გარდა ამისა, გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2021 წელს ნახშირბადის გლობალური სქემის მიერ $84 მილიარდი შეგროვდა. ხოლო ინდუსტრიულმა ჯგუფებმა, ემისიების შემცირების გეგმების უფრო ეფექტიანი განხორციელებისთვის დიდი შვიდეულის ქვეყნებს კლიმატური ამბიციების გაერთიანება შესთავაზეს.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, რომელიც პლანეტის უდიდესი ტროპიკული ტყის – ამაზონის ტყის დასაცავად გარემოსდაცვითი ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს.
აშშ-ის საზღვაო ძალების კლიმატის გეგმა მიზნად ემისიების შემცირებას ისახავს
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტმა კლიმატური სტრატეგია წარადგინა, რომელიც კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ, აშშ-ის საზღვაო ძალების მდგრადობის ზრდას ითვალისწინებს. კლიმატის სამოქმედო გეგმა 2030 ბაიდენის ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად 2050 წლისთვის ეკონომიკის დეკარბონიზაციას ისახავს.
საზღვაო ფლოტის კლიმატის ახალი გეგმა შედარებით დაბალი ნახშირბადის შემცველობის მქონე საწვავსა და გემებისა და თვითმფრინავების ჰიბრიდულ ძრავებზე გადასვლას ითვალისწინებს. ამასთან ერთად ახალი სტრატეგია საზღვაო ფლოტს კლიმატის ცვლილების შედეგებისგან, მათ შორის ზღვის დონის აწევისა და სანაპირო ეროზიებისგან უფრო დაცულს გახდის. მართალია, გეგმა ემისიების შემცირებისა და ალტერნატიულ საწვავზე გადასვლის ზუსტ დეტალებს ჯერ არ შეიცავს, მაგრამ ეს უბიძგებს ოფიციალურ პირებს, არაუგვიანეს 90 დღისა, საზღვაო ძალებს კლიმატთან დაკავშირებული მიზნები მიაწოდონ.
სტრატეგიის დოკუმენტში, ეფექტიანობის, მაგალითად, ჯორჯიაში არსებული საზღვაო ქვეითთა კორპუსის ლოგისტიკური ბაზაა მოხსენიებული, რომელიც სამრეწველო, მზისა და გეოთერმული ენერგიიდან, ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი მეთანისა და ორთქლის გამოყენებით, იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მოიხმარს. საზღვაო ძალებს არაერთგვაროვანი წარმატება ჰქონდათ ალტერნატიულ საწვავზე გადასვლის მხრივაც, მათ შორის „დიდი მწვანე ფლოტის“ გეგმა, რომელიც 2020 წლისთვის საწვავისა და ენერგიის ბიოსაწვავით ჩანაცვლებას გულისხმობდა, განხორციელებაში მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება დასახულ მიზანს.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ხარჯები სამხედროებისთვის, აშშ-ში საწვავის ყველაზე დიდი მომხმარებლებისთვის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. პენტაგონის წარმომადგენელმა გასულ თვეში კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს შეიარაღებული ძალების საწვავის ხარჯი დაგეგმილზე $3 მილიარდით მეტი იქნება.
მსოფლიო ბანკი: 2021 წელს ნახშირბადის გლობალური სქემის მიერ $84 მილიარდი შეგროვდა
მსოფლიოს ქვეყნების მიერ გასულ წელს კომპანიების მიერ ნახშირორჟანგის გამოყოფისთვის დაწესებული ჯარიმით $84 მილიარდი შეგროვდა. 2020 წელთან შედარებით, ნახშირბადის გლობალური სქემის მიერ შეგროვებული თანხა 60%-ითაა გაზრდილი, რაც სქემათა უმრავლესობაში ფასების რეკორდულმა მაჩვენებელმა და ნახშირბადის ახალი გადასახადების დანერგვამ განაპირობა.
გადასახადების სახითა და ემისიებით ვაჭრობის (ETS), ასევე cap-and-trade-ის სისტემის დახმარებით კლიმატის მიზნების მისაღწევად, ნახშირბადის გამონაბოლქვის ფასს რამდენიმე ქვეყანა იყენებს. მოხსენების თანახმად, მსგავსი შთამბეჭდავი ზრდა დეკარბონიზაციისაკენ მიმართული სტიმულირებისა და ინვესტიციების შესაცვლელად, ნახშირბადის ფასების მზარდ პოტენციალს უსვამს ხაზს. ამჟამად ნახშირბადის გლობალური ფასების 68 ინსტრუმენტი მოქმედებს, რომლებიც გლობალური სათბური ემისიების 23%-ს მოიცავს, განსხვავებით 2021 წლის მაისის ანგარიშში აღრიცხული 64 ინსტრუმენტისა და 21%-ისა.
ცნობისთვის, ნახშირბადის ახალი გადასახადი 2022 წლის იანვარში ურუგვაიში დაინერგა, ხოლო სამი ახალი სუბეროვნული საბჭო ჩრდილოეთ ამერიკაში, ორეგონსა დ ონტარიოში ამოქმედდა. ETS-ის რეკორდული ფასები კი ევროკავშირში, კალიფორნიაში, ახალ ზელანდიასა და კორეის რესპუბლიკაში დაფიქსირდა. მსოფლიო ბანკის განცხადებით, მიუხედავად რეკორდული მაჩვენებლებისა, ნახშირბადის ფასები მსოფლიოს უმეტეს რეგიონში იმ დონეზე დაბალი დარჩა, რომელიც საჭიროა პარიზის 2015 წლის კლიმატური ხელშეკრულების განსახორციელებლად.
განცხადების თანახმად, ამისთვის ნახშირბადის ფასები 2030 წლისთვის $50-100 ტონის დიაპაზონში უნდა მოექცეს. გარდა ამისა, ნახშირბადის ნებაყოფლობითი ბაზრის ღირებულებამ, სადაც კომპანიები იმ გამონაბოლქვის კომპენსირებისთვის, რომელთა შემცირებაც არ შეუძლიათ, ნახშირბადის კომპენსაციებს ყიდულობენ, გასულ წელს პირველად $1 მილიარდს გადააჭარბა.
ინდუსტრიულ ჯგუფებს G7 ქვეყნების მიერ კლიმატური ამბიციების გაერთიანება სურთ
ინდუსტრიული ჯგუფ Business 7-ის განცხადებით (B7), გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ შემოთავაზებული „კლიმატის კლუბის“ მიხედვით, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ეკონომიკებმა საერთაშორისო კლიმატური ამბიციები უნდა გააერთიანონ.
B7-ის წევრების მიერ G7-ისადმი მიმართული ერთობლივი განცხადება, რომლის ასლიც Reuters-მა მოიპოვა, ინდუსტრიის გერმანულმა ფედერაციამ (BDI) ჯგუფის სახელით გარემოსთან, კლიმატთან და ენერგიასთან დაკავშირებულ G7-ის შეხვედრის გახსნის დღეს წარადგინა. შოლცის განმარტებით, ამბიციების გაერთიანება ქვეყნებს სავაჭრო უთანხმოებისგან ისეთ სფეროებში დაიცავს, როგორიცაა მწვანე ტარიფები, დეკარბონირებული პროდუქტებისთვის ბაზრის განვითარება, ნახშირბადის ფასებისა და შემცირების მეთოდები.
ინდუსტრიული ჯგუფი B7 „ღია და ამბიციური კლიმატის კლუბის“ იდეას მხარს უჭერს, რის განსახორციელებლადაც დიდი შვიდეულის ქვეყნების მხრიდან მათი არსებული და პოტენციური წვლილის ზუსტი განმარტება იქნება საჭირო. ცნობისთვის, B7, რომელიც დიდი შვიდეულის წამყვან ბიზნესებსა და ინდუსტრიულ ფედერაციებს აერთიანებს, BDI-ის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა. ჯგუფის აზრით, G7-ის ქვეყნებისთვის დაბალი ნახშირბადის წყალბადის ეკონომიის კოორდინირებულ ხელშეწყობასა და შესაბამისი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერებაზე დაუყოვნებლივ შეთანხმება აუცილებელია.
ინდუსტრიული ჯგუფების მოწოდება კლიმატური ამბიციების გაერთიანებასთან დაკავშირებით, უკრაინის ომის შესაძლო შედეგების გამოც გამძაფრდა. გარდა ამისა, B7-ის გეგმაში თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული გადაზიდვების დაჩქარება, განახლებადი ენერგიის წყაროების გაფართოება და გაზის შემცვლელად წყალბადის მიწოდებაც შედიოდა.
ჩინეთმა სუფთა ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად მზის ენერგიაში ინვესტიციები გაასამმაგა
ჩინეთმა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, მზის ენერგიის პროექტებში ინვესტირება გაასამმაგა. შედეგად, ქვეყანა ახალი სუფთა ენერგიის სიმძლავრის დამონტაჟების მხრივ რეკორდულ მაჩვენებელზეა.
ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მზის ენერგიაში ჩინეთის ინვესტიციები იანვრიდან აპრილის პერიოდში 29 მილიარდ იენამდე ($4.3 მილიარდი) გაიზარდა, რაც დაახლოებით 204%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შედარებისთვის, გასული წლის პირველ 11 თვეში, მის ენერგიაში განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციამ 51.3 მილიარდი იენი შეადინა.
ჩინეთი, რომელიც უკვე ფლობს მსოფლიოში განახლებადი ენერგიის უდიდეს ფლოტს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სწრაფად ზრდის მზისა და ქარის პროექტებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობებს. ჩინეთის მიზანი უფრო დიდი და მოქნილი ქსელის მშენებლობაა, რომელიც ქვეყანას დასახული კლიმატური მიზნების მიღწევაში შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობის კლიმატური კრიზისის გეგმით, ქვეყანამ ნახშირბადის ემისიების პიკს 2030 წლამდე უნდა მიაღწიოს, რის შემდგომაც 2060 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსს მოიპოვებს.
ენერგეტიკის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანას მიმდინარე წელს რეკორდული, 220 გიგავატი მოცულობის სიმძლავრე დაემატება. მიუხედავად ამისა, ქვანახშირი ჩინეთის ეკონომიკაში კვლავ წამყვან როლს თამაშობს.
ანგარიში: სუფთა ენერგიაზე გადასვლისთვის სამხრეთ აფრიკას სამი ათწლეულის განმავლობაში $250 მილიარდი დასჭირდება
სამხრეთ აფრიკას, ქვანახშირზე დამოკიდებული ეკონომიკის მწვანე ენერგიაზე გადასაყვანად, მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში, მინიმუმ, $250 მილიარდი დასჭირდება. ახალი ანგარიში მსოფლიოს ეკონომიკური ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნდა.
მთლიანი ინვესტიციის დაახლოებით ნახევარი, $125 მილიარდი, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების გასაძლიერებლადაა აუცილებელი. ამჟამად სამხრეთ აფრიკას საჭირო ენერგეტიკით ქვანახშირზე მომუშავე ქარხნები ამარაგებს. მოხსენება სამხრეთ აფრიკის Stellenbosch University-ის მეცნიერების მიერ, „შერეულ ფინანსურ სამუშაო ჯგუფთან“ ერთად მომზადდა. ჯგუფი 2017 წელს, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად კერძო კაპიტალის მობილიზაციისთვის შეიქმნა.
კლიმატური დათბობის მხრივ სამხრეთი აფრიკა დაბინძურებით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, აფრიკაში კი პირველია. ნოემბერში, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ევროკავშირი ქვეყნისთვის $8.5 მილიარდის შეთავაზებაზე შეთანხმდნენ, რაც სამხ. აფრიკას ქვანახშირიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარებოდა. შეთავაზების ზუსტი დეტალები და ვადები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
ანგარიშის ავტორების განცხადებით, მომდევნო სამ ათწლეულში, დეკარბონიზაციის ამბიციური სცენარის განხორციელებას, მინიმუმ, $250 მილიარდის დახარჯვა დასჭირდება. განახლებადი ენერგიის პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, დაფინანსება გაზის ქარხნებისა და ენერგიის დრეკადობისთვის, ახალი გადამცემი ხაზებისა და ქვანახშირთან დაკავშირებული დასაქმებულებისთვის სამსახურის უზრუნველყოფისთვის გამოიყოფა.
ამაზონის ტროპიკული ტყეების დასაცავად, ბოლსონარუ ეკოლოგიურ ჯარიმებს აწესებს
გასულ კვირას, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ გარემოსდაცვითი დანაშაულისთვის ჯარიმის დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი. ბოლსონარუს გადაწყვეტილება ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცვის გაძლიერებისკენაა მიმართული.
ბოლსონარუს ახალი დადგენილების მიხედვით, ხე-ტყის არალეგალური მოჭრის მიზნით დოკუმენტების გაყალბებისთვის დაწესებული ჯარიმების პოტენციური ღირებულება გაიზრდება, განმეორებითი კანონდარღვევისთვის კი უფრო მძიმე სასჯელი განისაზღვრება. გარემოსდაცვითი ჯარიმები, რომლებიც დაწესდება ისეთი დარღვევებისთვის, როგორიცაა არალეგალური ნადირობა, თევზაობა და დაბინძურება, ბრაზილიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ტყეების უკანონო ჭრასთან საბრძოლველად.
განკარგულება, რომელიც დაუყოვნებლივ შევა ძალაში, ერთ-ერთი პირველი კონკრეტული ნაბიჯია ამაზონის ტყეების დასაცავად მას შემდეგ, რაც ბოლსონარუმ COP26 კლიმატურ სამიტზე 2028 წლამდე ტყის უკანონოდ ჭრის შეწყვეტის ვალდებულება აიღო.კლიმატური გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია. ბოლსონარუს განკარგულება, ევროპელი და ამერიკელი ლიდერების ზეწოლის შემდგომ, გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართ პრეზიდენტის ძალისხმევის გაძლიერებას უსვას ხაზს.
მთავრობის სატელიტური მონაცემების მიხედვით, ტყის განადგურებამ 2021 წელს უკანასკნელი 15 წლის მაქსიმუმს მიაღწია. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში ტყის განადგურების მხრივ ახალი რეკორდი დამყარდა.