გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასულ კვირას, მწვანე ეკონომიკის მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიური ის სახელმწიფოები აღმოჩნდნენ, რომელთაც როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალური გეგმები წარადგინეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმოების სექტორში ემისიების შესამცირებლად ახალი მიდგომა შეიმუშავა, აშშ-ის მარეგულირებლებმა კი, გაზსადენის პროექტების განხორციელებამდე, ემისიების გავლენის შეფასების განსაზღვრა გადაწყვიტეს, რაც შესაძლოა, მის ფასზეც აისახოს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად საერთო მიზნისა, მიღწევის გზები თითოეული ქვეყნისთვის განსხვავებული აღმოჩნდა. მაგალითად მაკრონმა, საფრანგეთში, „მწვანე პროექტების“ განვითარების ფარგლებში, ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა. ქვეყნებს არც პლასტიკით დაბინძურება დავიწყებიათ და მის წინააღმდეგ €4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

სხვა სახელმწიფოებს არ ჩამორჩა საუდის არაბეთიც, ხოლო ინდოეთის Reliance-მა სინთეტიკური საწვავი გაზის ლურჯ წყალბადად გარდაქმნა განიზრახა. ამ და სხვა სიახლეებს, მათ შორის გაეროს, Google-ისა და Coca-Cola-ს „მწვანე მიზნებს“ ამ კვირის Forbes Green-ი წარმოადგენს.

თეთრი სახლი წარმოების სექტორში ემისიების შესამცირებლად გეგმას წარადგენს

თეთრი სახლი წარმოების სექტორში ემისიების შესამცირებლად ახალ გეგმას წარადგენს, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტის დაახლოებით $10-მილიარდიან დაფინანსებასა და „სუფთა წყალბადის“ წარმოებას მოიცავს.

თეთრი სახლის ახალი გეგმის თანახმად, ასევე დაინერგება “Buy Clean Task Force“-ი, რომელიც დაბალი ან ნახშირბადნეიტრალური მასალების გამოყენებას და სუფთა სამშენებლო მასალების ფედერალური შესყიდვების გაძლიერებას ემსახურება. გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ხარისხის საბჭო გამოსცემს „ნახშირბადის შენახვისა“ და გამოყენების მითითებებს სააგენტოებისთვის, „ორპარტიული ინფრასტრუქტურის კანონმდებლობიდან“ მიღებული $12-მილიარდიანი დაფინანსების გამოყენების შესახებ „ნახშირბადის ემისიების შესანახად“.

თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები ორპარტიული კანონის მუდმივ განხორციელებასთან ერთად, შეამცირებს სამრეწველო ობიექტების მიერ  კლიმატის დაბინძურების მაჩვენებელს, გაზრდის ეკონომიკას და სუფთა მასალების წარმოებაში, რასაც მომხმარებლები ბოლო პერიოდში უფრო მეტად ითხოვენ, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

პრეზიდენტ ბაიდენის Build Back Better-დღის წესრიგი, დაბალი ნახშირბადის პროცესების მხარდაჭერით, უფრო მეტად გაზრდის აშშ-ის სუფთა წარმოებას და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მომავალი ათწლეულის განმავლობაში. შედეგად კი გაიზრდება გრძელვადიანი ინვესტიციების მოცულობა სუფთა ფოლადის, ცემენტის, ალუმინის, ასევე ელექტრომობილების, ქარისა და მზის პანელების წარმოებაში.

აშშ-ის მარეგულირებლები გაზსადენების პროექტების დამტკიცებამდე ემისიების ზემოქმედებას შეაფასებენ

აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებლის განცხადებით, ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობის დამტკიცებამდე სათბური გაზების ემისიები შემოწმდება, რაც, დიდი ალბათობით, საწვავზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

REUTERS/Shannon Stapleton

აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ფედერალურმა კომისიამ (FERC) სათბური აირების ემისიის დროებითი გეგმა წარადგინა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურული პროექტების კლიმატზე ზემოქმედების შეფასება, ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ბუნებრივი აირის აქტის მიხედვით.

FERC-მა 1999 წლის შემდეგ პირველად განაახლა გაზსადენებთან დაკავშირებული მითითებები. კომისიის ვარაუდით, შემოთავაზებული პროექტები, ნახშირორჟანგის 100,000 ტონა წლიური ემისიებით, მნიშვნელოვან გავლენს მოახდენს კლიმატის ცვლილებაზე. ახალი პოლიტიკით კი FERC-ი გააკონტროლებს ყველა ფაქტორს, რომლებიც საზოგადოების ინტერესებზე ზემოქმედებს, მათ შორის ნეტგაზის პროექტების გავლენას გარემოზე, მიწის მესაკუთრეებსა და გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების საზოგადოებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წესდება ჯერჯერობით გადახედვასა და შესწორებებს საჭიროებს, აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებელი ფედერალური კომისია დროთა განმავლობაში მის პრაქტიკაში განხორციელებას დაიწყებს.

პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ სახელმწიფოები €4 მილიარდს გამოყოფენ

11 თებერვალს „ერთი ოკეანის სამიტზე“ აღებული ე.წ. „ბრესტის ვალდებულებით“, სახელმწიფოები, პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად, €4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „გლობალური კოალიციის“ შექმნაც დააანონსა, რომელიც ევროკავშირის 27 და ორგანიზაციის არაწევრ 16 ქვეყანას გააერთიანებს. სახელმწიფოებს შორის ღია ზღვის მდგრადი გამოყენებისა და მისი ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება.

9-11 თებერვალს ქალაქ ბრესტში გამართულ სამიტს, რიგი საკითხების განსახილველად, რომლებიც გავლენას ახდენს ოკეანეზე, აქტივისტები ექსპერტები და 42 ქვეყნის (მათ შორის არაევროპული) პოლიტიკოსები დაესწრნენ. „სუფთა ოკეანეების ინიციატივის“ განსავითარებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულება, €4 მილიარდი ევროს მოცულობით, ოკეანეში პლასტმასის ნარჩენების ბრძოლას ერგო. ინვესტიცია საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ეროვნული ბანკებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანამშრომლობით, 2025 წლამდე განხორციელდება.

სამიტზე მიღებულ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორისაა 22 ევროპული სახელმწიფოს შეთანხმება Green Marine Europe-თან დაკავშირებით, წყალქვეშა ეკოსისტემის დასაცავად, მათ შორის სათბური აირების ემისიისა და ზეთოვანი დაბინძურებისგან. ხოლო დამატებით თვრამეტმა ევროპულმა პორტმა „პორტში გემებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაჩქარების“ ვალდებულება აიღო, რაც საპორტო ქალაქებში დაბინძურებას შეამცირებს.

84 წევრამდე გაიზარდა 2021 წლის იანვარში „ერთი პლანეტის სამიტზე“ შექმნილი კოალიციის წევრების რაოდენობა, რომლებიც 2030 წლისთვის „მსოფლიო ხმელეთისა და ზღვის 30%-ის დაცვის“ ვალდებულებას იღებენ.

მწვანე პროექტებისთვის საუდის არაბეთი სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდს გადასცემს

ნორვეგიისა და სინგაპურის სახელმწიფო ფონდებისა და მწვანე პროექტებში ინვესტირებისთვის კონკურენციის გასაწევად, საუდის არაბეთმა დამოუკიდებელი სიმდიდრის ფონდს $80 მილიარდი გადასცა.

დამოუკიდებელი სიმდიდრის ფონდი, სამეფოს დე ფაქტო მმართველის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, მსოფლიოს ნავთობის უდიდესი ექსპორტიორის Saudi Aramco-ს აქციების 4%-ს მიიღებს. საჯარო საინვესტიციო ფონდისთვის პრინცის მიერ წილის გადაცემა  სამეფოს ნავთობის ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის მხარდამჭერი გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია.

პრინც მუჰამედის განცხადებით, სამეფოს სურს, 2025 წლის ბოლოსთვის საინვესტიციო ფონდში $1 ტრილიონის აქტივები ჰქონდეს. საუდის არაბეთის სახელმწიფო კვლავ რჩება Aramco-ს დომინანტ აქციონერად, 94%-იანი წილით. პრინცი კი  დამოუკიდებელი საჯარო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელია.

Aramco-ს აქციები გასულ კვირას 0.6%-ით დაეცა, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ აქციების ფასის ცვლა სუვერენულ ფონდს გააძლიერებს. ნავთობის გიგანტის მოგება 2021 წლის მესამე კვარტალში, ნავთობის ფასების მატებასთან ერთად, წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით  მნიშვნელოვნად გაიზარდა და $18.8 მილიარდიდან $30.4 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება კონკურენტებს, მსოფლიოში უდიდესმა „ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა“ მხოლოდ გასულ თვეში, $14-ტრილიონიანი ინვესტიციიდან 14%-იანი ანაზღაურება მიიღო, უმეტესად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობის მარაგების გაყიდვით. ხოლო სინგაპურის საინვესტიციო ფონდი Temasek-ი $300 მილიარდზე მეტს ფლობს.

საფრანგეთი მინიმუმ ექვს ახალ ბირთვულ რეაქტორს ააშენებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2050 წლისთვის ექვსი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დააანონსა. მაკრონის მიზანი, მეტად დეკარბონიზირებული ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ბირთვული და განახლებადი ენერგიის განვითარებაა.

ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის განცხადებით, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შეწყვეტა ელექტროენერგიაზე არსებულ მოთხოვნას 60%-ით გაზრდის. დეკარბონიზირებული ენერგიის წარმადობა კი ბიპოლარულ მიდგომას, შესაბამისად, ბირთვული და განახლებადი ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. მაკრონი თვლის, რომ 2050 წლამდე ოფშორული ქარის 50 ფერმასთან ერთად, დამატებით ექვსი ბირთვული რეაქტორი უნდა შეიქმნას, რომელთაგან პირველი 2035 წელს ამოქმედდება.

პრეზიდენტ მაკრონის პოზიცია ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ ყოფილა – ერთადერთი, რაც შეიცვალა მისი ხედვაა რეაქტორების „სიცოცხლისუნარიანობის“ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მაკრონს სამომავლოდ არა რეაქტორების „წარმოების მდგომარეობაში“ დახურვა, არამედ „50 წელზე მეტი დროით“ გახანგრძლივებაც კი სურს, თუ მისი გადაწყვეტილება ბირთვული უსაფრთხოების ორგანოს არ ეწინააღმდეგება. France 2030-ის გეგმის ფარგლებში, €1-მილიარდიანი ინვესტირებით, „პატარა მოდალური რეაქტორების“ განვითარება და ბირთვული ენერგიის, განსაკუთრებით დაბინძურების მხრივ, გაუმჯობესება იგეგმება.

მაკრონის განცხადებები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოქმედ ლიდერს ჯერჯერობით ოფიციალურად კანდიდატურა არ წამოუყენებია. მწვანეების საპრეზიდენტო კანდიდატი იანიკ ჟადო კი მაკრონის პოზიციას აკრიტიკებს და „გმობს საფრანგეთს საუკუნოვანი ბირთვული ენერგიის გამო“.

Reliance-ი სინთეტიკური საწვავი გაზის ლურჯ წყალბადად გარდაქმნას გეგმავს

ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის საკუთრებაში არსებული კომპანია Reliance Industries-ი, ლურჯი წყალბადის „კონკურენტული ღირებულებით“ წარმოებას გეგმავს. კონგლომერატის განცხადებით, $4-მილიარდიანი ღირებულების გაზიფიკაციის აქციების გამოყენებით, თითოეული კილოგრამის ხარჯი $1.2-$1.5-ის ფარგლებში განისაზღვრება.

Reliance-ი თავდაპირველად ნავთობის კოქსის გაზიფიცირებით წარმოებულ სინთეტიკური საწვავის გაზს გამოიყენებს და დასავლეთ გუჯარათის შტატში არსებული Jamnagar-ის კომპლექსისთვის, მწვანე წყალბადის ღირებულების შემცირებამდე, ლურჯ წყალბადს შექმნის. Jamnagar-ში ამბანის კომპანია მსოფლიოში უდიდეს გადამმუშავებელ კომპლექს მართავს.

კომპანიის ინფორმაციით, ამ ტიპის წარმოების გამოყენება მწვანე წყალბადის ღირებულების შემცირებამდე იგეგმება, რაც RIL-ს საშუალებას მისცემს, მინიმალური დამატებითი ინვესტიციებით, ინდოეთში წყალბადის ეკოსისტემის დაარსების ინიციატორი გახდეს. ხოლო მას შემდგომ, რაც სინთეტიკური საწვავის გაზიდან მიღებული წყალბადი მწვანე წყალბადით ჩანაცვლდება, სინთეტიკური საწვავი გაზი სრულად ქიმიკატებად გარდაიქმნება. ათწლეულის დასრულებამდე ამბანი მწვანე წყალბადის წარმოებას კილოგრამზე $1-ად გეგმავს.

გასული წლის გეგმის თანახმად, ინდოელ მილიარდერ მუკეშ ამბანის მფლობელობაში არსებული Reliance-ი, მის ძირითად ბიზნესზე, ნავთობსა და ქიმიკატებზე დამოკიდებულების შემცირებას და სუფთა ენერგიის პროექტებში ინვესტირების გაზრდას გეგმავს. ამბანი საკუთარი გუნდის ნახშირბადნეიტრალურად გარდაქმნას 2035 წლისთვის გეგმავს, რისთვისაც მწვანე ენერგიის პროექტებში $79 მილიარდამდე დაიხარჯება.

Coca-Cola-ს შეფუთვა 2030 წლისთვის 25%-ით ხელახალი გამოყენების გახდება  

გარემოსდამცველების მხრიდან პლასტმასით დაბინძურებისთვის გაკრიტიკების შემდგომ, Coca-Cola Company-მ გადაწყვიტა, 2030 წლისთვის მისი შეფუთვის 25% ხელახალი გამოყენების გახდეს.

REUTERS/Mohammad Ponir Hossain

Break Free From Plastic-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, Coca-Cola ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს „ლიდერი“ კომპანია პლასტიკით დაბინძურების მხრივ. კრიტიკოსების განცხადებით, კომპანია იყენებს ნავთობზე დაფუძნებულ ერთჯერადი გამოყენების ბოთლების უზარმაზარ რაოდენობას, რომელიც, სხვა პრობლემებთან ერთად, ოკეანეების დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. Coca-Cola-ს მწარმოებლის განცხადებით, მრავალჯერადი შეფუთვა მოიცავს ჭურჭელს, რომლის ხელახალი შევსება შესაძლებელია  როგორც კომპანიის, ასევე მომხმარებლის მხრიდან. ხელახალი შევსების და გამოყენების პროდუქციაში შედის სასმლის შადრევნის ჭურჭელი, მინის ან პლასტმასის ბოთლები.

2020 წელს Coca-Cola Company-ის მიერ გამოყენებული შეფუთვის 16% მრავალჯერადი გამოყენების იყო. იმავე წელს ხელახლა შევსებადი მინისა და პლასტმასის ჭურჭლის 90% შეგროვდა. გარდა ამისა, Coca-Cola-მ, PepsiCo-მ და სხვა საერთაშორისო ბრენდებმა იანვარში მოითხოვეს გლობალური შეთანხმება პლასტმასის წარმოების შემცირების შესახებ, რაც ნავთობის ინდუსტრიის განვითარების მთავარი სფეროა.

გაეროს საავიაციო ექსპერტები თვითმფრინავების ემისიებისთვის უფრო მკაცრ სტანდარტებს განიხილავენ

გაეროს საავიაციო ექსპერტები კომერციული თვითმფრინავებისთვის ემისიების სტანდარტების გამკაცრებას კვლავ განიხილავენ. ემისიების ახალი სტანდარტების შემოღებამ შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს თვითმფრინავების მწარმოებლებზე, რომლებსაც წლები სჭირდებათ მსგავსი ცვლილებების განსახორციელებლად.

REUTERS/Mike Blake

სამუშაო დოკუმენტებსა და წყაროებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ჯგუფის ვირტუალურ შეხვედრაზე, საავიაციო ექსპერტებმა აშშ-დან და ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან ემისიების სტანდარტების გამკაცრებას მხარი დაუჭირეს. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ICAO-ს საავიაციო გარემოს დაცვის კომიტეტი უკვე შეთანხმდა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის ახალი სტანდარტების შემუშავებაზე, რაც 2025 წლამდე თვითმფრინავების ემისიების და ხმაურის წესების განახლების ფარგლებშია.

თუმცა კომერციული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის Boeing-ისა და Airbus-ისთვის ახალი სტანდარტების შემუშავებისა და განხორციელების თარიღი, ასევე ზომების სიმკაცრე, ჯერჯერობით უცნობია. ხოლო ICAO-ს, ჩინეთსა და ევროპას შორის კლიმატურ მიზნებს შორის ფართო განსხვავებებისა და ავიაციის მზარდი ზეწოლის ფონზე, ემისიების შესამცირებლად ახალი შეთანხმების დადება უკვე დიდი ხანია, სურს.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ (ICAO) უკვე დაუჭირა მხარი ემისიების წესებს, რომლებიც არსებული თვითმფრინავებისთვის 2023 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება, 2028 წლისთვის კი შეჩერდება იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებმაც სტანდარტები არ დააკმაყოფილეს.

Google-ი Cloud ტექნოლოგიის გამოყენებით ემისიების შემცირებას გეგმავს

ახალი ფუნქციის შეთავაზებით, გამოუყენებელი პროექტებიდან გამოყენებული ენერგიის მართვით, Cloud-ის მომხმარებლები ენერგიის დაზოგვასა და ემისიების შემცირებას შეძლებენ.

Carbon Sense-ის კომპლექტი Google-მა ოთხშაბათს წარადგინა. Carbon Sense-ი ფუნქციების კრებულია, რომელიც კომპანიებს, ემისიების რაოდენობრივი შეფასების გარდა, რეპორტინგსა და მათ შემცირებაშიც დაეხმარება. კომპანიის განცხადებით, მისი “Active Assist”-ის დახმარებით, მომხმარებლები ენერგოინტენსიურ, თუმცა უმოქმედო პროექტების იდენტიფიცირებას მოახდენენ და ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად მათ უკეთ გაკონტროლებასაც შეძლებენ.

გასულ წელს Google Cloud-ის მომხმარებლების მონაცემთა გაანალიზებით აღმოჩნდა, რომ 600,000 კგ-ზე მეტი CO2 ერთი შეხედვით უმოქმედო პროექტებზე იხარჯებოდა, რომლებიც გაწმენდასა და აღდგენას ექვემდებარებოდნენ. Cloud-ის ახალი ფუნქციის საშუალებით გაცემული რეკომენდაციები, თვიურად CO2-ის შემცირებული კილოგრამებით შეაფასებს უმოქმედო პროექტების გათიშვის გავლენას.

Google-ი აქტიურად მუშაობს 2030 წლისთვის დასახული მიზნის მისაღწევად, რაც კომპანიის მონაცემთა ცენტრის ოპერაციიდან 24/7-ზე გრაფიკით, ნახშირბადის ენერგიის გარეშე მუშაობას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *