გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძალისხმევით ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და, ბევრის აზრით, ისტორიული კანონპროექტი დამტკიცდა. მიუხედავად წინააღმდეგობებისა და კრიტიკისა, ბაიდენი მიიჩნევს, რომ აქტი „კლიმატის ეგზისტენციალურ კრიზისთან საბრძოლველად უდიდესი ინვესტიციაა“, რომელიც პრეზიდენტის ამბიციური კლიმატური გეგმების მიღწევას შეუწყობს ხელს. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის საშუალებით, 2030 წლისთვის, აშშ-ის ემისიების დაახლოებით 40%-ით შემცირებაა შესაძლებელი.
მიუხედავად ამისა, ღარიბი ქვეყნების მხრიდან მდიდარი სახელმწიფოების მისამართით კრიტიკა არ წყდება. ეს საკითხი კი განსაკუთრებით მწვავედ დგას მაშინ, როდესაც ნოემბრის კლიმატის სამიტი უფრო და უფრო ახლოვდება. როგორც ახალი ანგარიშით გახდა ცნობილი, აფრიკა კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად საჭირო დაფინანსების მხოლოდ 12%-ს იღებს. ეს კი იმ ფაქტს, რომ მდიდარი ქვეყნები „კლიმატური დაფინანსების“ ვალდებულებას არ ასრულებენ, უფრო მეტად ამძაფრებს და ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენას საფრთხეს უქმნის.
გასული კვირის მთავარ სიახლეებში კი ასევე მოხვდა Estée Lauder-ის კორპორაციული მანქანების ფლოტის სრულად ელექტროფიკაცია და პირველი რესტორანი, რომელიც მომხმარებელს კერძებში „ნახშირბადის კვალის“ შესახებ ინფორმაციას აწვდის.
რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის კანონპროექტიდან
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც კლიმატის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც აერთიანებს.
ჯანდაცვის ვალდებულებებთან ერთად, „ინფლაციის შემცირების აქტი“ $369 მილიარდს გამოყოფს განახლებადი ენერგიისა და სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის. ექსპერტთა ნაწილის აზრით, აშშ-ში, 2030 წლისთვის, ემისიების დაახლოებით 40%-ით შემცირებაა შესაძლებელი.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აქტს უწოდა „კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალურ კრიზისთან საბრძოლველად ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელმაც ყველაზე მდიდარ კორპორაციებს თავიანთი წილის გადახდა აიძულა“. ამან კი, შესაძლოა, ქვეყანა ბაიდენის კლიმატურ მიზანსაც დააახლოოს, რომელიც ათწლეულის ბოლომდე ემისიების განახევრებას ითვალისწინებს.
„ინფლაციის შემცირების აქტი“ აფართოებს საგადასახადო შეღავათებს, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია განახლებადი ენერგიისთვის. აქტი ახალ სტიმულებსაც ქმნის ინვესტიციებისთვის სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებსა და ენერგიის გამომუშავებაში. მილიარდობით დოლარი დაიხარჯება ქარისა და მზის ენერგიის განვითარებაზეც. „ამერიკული სუფთა ენერგიის ასოციაციის“ ანალიზის თანახმად, აშშ-ში სამჯერ მეტი სუფთა ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, რაც საკმარისი იქნება 110 მილიონი სახლის ელექტრომომარაგებისთვის. გარდა ამისა, კანონპროექტი მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისთვის კომპანიების წახალისებასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტი იმ მომხმარებლების სტიმულირებასაც ითვალისწინებს, რომლებიც მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებას გეგმავენ. „სახლის კეთილმოწყობის კრედიტი“, ოჯახებს „გაუმჯობესების ღირებულების“ 30%-იანი შეღავათის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაშიც გათბობის ტუმბოები და იზოლაციაც შედის. ხარჯიდან 30%-იანი გამოქვითვა მზის პანელებსა და ბატარეებსაც შეეხება.
„ინფლაციის შემცირების აქტი“ $60 მილიარდს გასცემს მათთვის, ვინც ყველაზე მეტად ზარალდება საწვავით დაბინძურებისგან. კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს მოსახლეობას დაბინძურების დაძლევაში, რაც კლიმატის კრიზისის შედეგებისადმი მდგრადობასაც გაზრდის.
იქიდან გამომდინარე, რომ „ინფლაციის შემცირების აქტი“ აშშ-ში სუფთა ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის წარმოებას წაახალისებს, სავარაუდოდ, უფრო მეტ „მწვანე სამუშაო ადგილსაც“ შექმნის. Energy Innovation-ის შეფასებით, 2030 წლისთვის 1,5 მილიონი ახალი ფუნქცია შესაძლოა შეიქმნას მშენებლობის, წარმოებისა და მომსახურების სექტორში.
თუმცა, ყველა არაა კმაყოფილი კანონპროექტით. 350-მა კლიმატურმა ჯგუფმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომელიც აშშ-ის მთავრობისგან მოითხოვს ემისიების შემცირების მიზნით არ განხორციელდეს ინვესტირება ე.წ. „წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის თაღლითობებში“. მიმართვის ტექსტის თანახმად, წიაღისეული საწვავის ახალი პროექტების დაშვება კლიმატური პირობის დარღვევაა და ეკონომიკის წიაღისეულისგან გათავისუფლებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში ხელს შეუშლის.
აფრიკა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის საჭირო დაფინანსების მხოლოდ 12%-ს იღებს
Climate Policy Initiative-ის ახალი მოხსენების მიხედვით, აფრიკა კლიმატის ცვლილების გავლენის სამართავად საჭირო დაფინანსების მხოლოდ 12%-ს იღებს, რაც ზრდის ზეწოლას მდიდარ ქვეყნებზე გააძლიერონ ძალისხმევა მსოფლიოს ღარიბი ნაწილის დასახმარებლად. მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენა ნოემბერში გასამართ კლიმატურ მოლაპარაკებამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მწვანე ტექნოლოგიებზე გადასვლისა და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისთვის, აფრიკის ქვეყნებს ყოველწლიურად $250 მილიარდი ესაჭიროებათ. Climate Policy Initiative-ის ანგარიშით კი, 2020 წელს აფრიკისთვის განკუთვნილმა დაფინანსებამ მხოლოდ $29.5 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება მდიდარ ქვეყნებს, ისინი მუდმივი კრიტიკის წინაშე არიან, რადგან ვერ ახერხებენ 2009 წელს აღებული ვალდებულების შესრულებას და ღარიბი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად $100-მილიარდიანი „კლიმატური დახმარების“ გამოყოფას.
მდიდარი ქვეყნების „კლიმატური დახმარება“ დიდი ალბათობით, ეგვიპტეში გასამართი COP27-ის კლიმატის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება. აღსანიშნავია, რომ აფრიკაში მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედი ცხოვრობს, თუმცა ქვეყანა ნახშირორჟანგის გლობალური ემისიების 3%-ზე ნაკლებს გამოყოფს.
მიუხედავად ამისა, აფრიკის ქვეყნებში კლიმატური ინვესტიციებისთვის რიგი ბარიერები არსებობს, მათ შორისაა შესაბამისი უნარებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. ამ ყველაფერს კი, სახელმწიფოების ნაწილში, განსაკუთრებით ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე, პოლიტიკური და მარეგულირებელი საკითხებიც ემატება, რაც აფრიკაში ინვესტიციების ეფექტიანად განხორციელების პროცესს უფრო მეტად ართულებს.
Estée Lauder-ი 2030 წლამდე კორპორაციული მანქანების ფლოტის სრულად ელექტროფიკაციას გეგმავს
გასულ კვირას Estée Lauder Companies-მა ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის კომპანიის გლობალური კორპორაციული მანქანების ფლოტის სრულად ელექტროფიკაციას ითვალისწინებს. ELC კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი პირველი პრესტიჟული კომპანია გახდა, რომელიც Climate Group-ის EV100 ინიციატივას შეუერთდა და ელექტრომობილებზე გადასვლის დაჩქარების ვალდებულება აიღო.
ELC-ის მიერ კორპორაციული ფლოტის 100%-ით ელექტროფიკაცია Scope 1-ის ემისიებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და კომპანიის მიერ 2030 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. „Estée Lauder-ს აქვს ვალდებულება, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს ნახშირბადისგან გათავისუფლებაში, კორპორაციული ფლოტის ელექტროფიკაცია კი კლიმატური მდგრადობის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია“, – აცხადებენ კომპანიაში.
ფლოტის ელექტროფიკაციის გარდა, ELC-ის მიზანი თანამშრომლების წახალისება და მათი ჩართულობის გაზრდაა, რისთვისაც კომპანია ელექტროინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას აგრძელებს. ამისთვის, მთელ მსოფლიოში, ELC-ის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურები განთავსდება. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ მათი ქმედება არამხოლოდ ELC-ის ემისიებს შეამცირებს, არამედ კლიმატურ ვალდებულებაში ჩართავს მათ თანამშრომლებს და სხვა ინდუსტრიებისთვისაც მისაბაძი მაგალითი გახდება.
კოსმეტიკური საშუალებების კომპანია უკვე წლებია კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. 2022 წელს, მიზანსაც მიაღწია და ფირმის პირდაპირი ოპერაციებისთვის 100%-ით განახლებადი ელექტროენერგია მიიღო. ფლოტის შიდა წვის ძრავიანი მანქანებიდან, ჰიბრიდულ და ელექტრომობილებზე გადაყვანა კი Scope 1-ის ემისიებს შეამცირებს, რაც კომპანიის მთლიანი ემისიების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა.
არქტიკული დათბობის ტემპი გლობალური დათბობისას ოთხჯერ აღემატება
ახალი კვლევის თანახმად, უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, არქტიკის პოლარულ რეგიონში დათბობის ტემპი თითქმის ოთხჯერ აღემატება დანარჩენი მსოფლიოსას. ამასთანავე, კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ კლიმატური მოდელები პოლარული დათბობის სიჩქარის სათანადოდ შეფასებას ვერ ახერხებენ.
„ჩვენ წარმოგიდგეთ მტკიცებულებებს იმისა, რომ 1979-2021 წლებში არქტიკა თბებოდა თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად ვიდრე მთელი მსოფლიო“, – აცხადებენ კვლების ავტორები. მკვლევრები ბოლო 43 წლის განმავლობაში წარმოებულ სატელიტურ დაკვირვებებს რეალური მდგომარეობის არაადეკვატურ შეფასებას უწოდებენ და მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ არქტიკული დათბობა გლობალურ დათბობაზე ოთხჯერ სწრაფად მიმდინარეობს.
არქტიკის სწრაფად დათბობის შესახებ შეფასებები ტერიტორიის გეოგრაფიული არეალის შესწავლასთან ერთად ხშირად იცვლებოდა. თუმცა, Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, არქტიკული წრის დათბობის ტემპში მნიშვნელოვანი რეგიონული ცვალებადობა აღმოაჩინა. მაგალითისთვის, არქტიკული ოკეანის ევრაზიის სექტორი, „სვალბარდისა“ და „ნოვაია ზემლიას“ არქიპელაგებთან ახლოს, ათწლეულში 1.25 გრადუსი ცელსიუსით თბება – შვიდჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.
ნორვეგიაში დაფუძნებული არქტიკული საბჭოს სამუშაო ჯგუფი 2021 წლის მაისში აცხადებდა, რომ არქტიკის ზედაპირის ტემპერატურის საშუალო ზრდა 1971-2019 წლებში 3.2 გრადუს ცელსიუსს უდრიდა. ეს დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა გლობალურად ტემპერატურის საშუალო ზრდას. შემდგომში, მსგავსი შეუსაბამობების თავიდან ასაცილებლად, კლიმატოლოგები არსებული მოდელების გადახედვისა და გაუმჯობესების აუცილებლობაზე თანხმდებიან.
გაერთიანებული სამეფოს რესტორანი მომხმარებელს კერძებში „ნახშირბადის კვალის“ შესახებ აცნობებს
The Canteen-ი ინგლისში მდებარე რესტორანია, რომლის მენიუც მომხმარებელს არამხოლოდ კერძის ღირებულების, არამედ მასში „ნახშირბადის კვალის“ შესახებაც აწვდის ინფორმაციას.
„ნახშირბადის კვალი“ ბიზნესისა და მომხმარებლების მზარდი ყურადღების ქვეშ მას შემდგომ მოექცა, რაც ქვეყნებმა მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და კლიმატურ კრიზისთან ბრძოლა დაიწყეს. სახელმწიფოების ნაწილი ცდილობს წმინდად ნულოვან ემისიას 2050 წლამდე მიაღწიოს, რათა გლობალურად ტემპერატურის დათბობა 1,5 გრადუს ცელსიუსამდე შეინარჩუნოს.
The Canteen-ი პირველი რესტორანია, რომელმაც მენიუში „ნახშირბადის კვალის“ შესახებ მონაცემების მითითება დაიწყო. რესტორნის ნაბიჯი ივლისში დაწყებული კამპანიის ნაწილია, რომელსაც ბრიტანეთის ვეგანური საქველმოქმედო ორგანიზაცია Viva ხელმძღვანელობს. The Canteen-ის მენეჯერმა ამ ნაბიჯს „საკუთარი თავის შესწავლა და გაუმჯობესება“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთს საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვს დასახული, რომელიც 1990 წელთან შედარებით, 2035 წლისთვის მავნე გამონაბოლქვის 78%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, გაეროს სამთავრობათაშორისო პანელის განცხადებით, მცენარეულ დიეტაზე გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა ცალკეული ინდივიდისთვის, მისივე მიზეზით წარმოქმნილი მავნე დაბინძურების შესამცირებლად.
გვალვის მიუხედავად, საფრანგეთი ღვინის წარმოების ზრდას პროგნოზირებს
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2021 წლის ყინვებით პროდუქციის დაზარალების შემდგომ, ქვეყნის ღვინის წარმოების აღდგენას პროგნოზირებს. თუმცა, ქვეყანაში გვალვის გამო წარმოების მოცულობის შემცირების საფრთხე კვლავ არსებობს.
მიმდინარე წელს, საფრანგეთის უმეტეს რეგიონში, შარშანდელთან შედარებით ვაზის ყვავილობისთვის ბევრად ხელსაყრელი ამინდები დაფიქსირდა. გამონაკლისია სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, რომელიც ყინვით და სეტყვით დაზარალდა. სამინისტროს პროგნოზით, 2022 წელს ღვინის წარმოება 13-21%-ით, საშუალოდ 42.6 მილიონი ჰექტოლიტრიდან 45.6 მილიონ ჰექტოლიტრამდე გაიზრდება. ცნობისთვის, ჰექტოლიტრი 100 ლიტრის, შესაბამისად 133 სტანდარტული ღვინის ბოთლის ეკვივალენტურია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, არსებული მონაცემებით, ღვინის წარმოება თითქმის ყველა რეგიონში იზრდება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ გვალვები ტერიტორიაზე მოსავლის აღებამდე შენარჩუნდება, წარმოების შემცირებისთვის საფრთხე მაინც გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი სოფლის მეურნეობის სექტორი ევროკავშირში უმსხვილესია.
ანგარიშის თანახმად, მშრალმა და თბილმა ამინდმა, მიმდინარე წელს, ვაზზე დაავადების გავლენა შეამცირა, რამაც ყურძნის რთველის ჩვეულებრივზე ადრე დაწყებაც უნდა განაპირობოს. გვალვის შედეგად უკვე დაზარალდა ისეთი რეგიონები, როგორიცაა აღმოსავლეთით ელზასი, ხოლო ბურგუნდიაში მოსავლის შეზღუდვაც დაიწყეს.