ჩრდილოეთ კორეამ კოვიდზე გამარჯვება გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეამ კოვიდზე გამარჯვება გამოაცხადა

რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო ტელევიზიაში კოვიდპანდემიაზე გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ბუნებრივია, კოვიდის დამარცხებაში მთავარი გმირის როლს ქვეყნის პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი თამაშობს.

პანდემიაზე გამარჯვება პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას თავად აცნობა. კიმ ჩენ ინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მისი დაც ფიგურირებს. ამ უკანასკნელის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა აუცილებლად იძიებს შურს სამხრეთ კორეაზე. ჩრდილოელები ქვეყანაში კოვიდის აფეთქებას სამხრეთ კორეის მთავრობის მიზანმიმართულ ქმედებებს უკავშირებენ.

კიმ ჩენ ინმა სამედიცინო უწყებების წარმომადგენლებს ქვეყანაში კოვიდის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული შეზღუდვების მაქსიმალურად შემსუბუქების ბრძანება მისცა. ქვეყანაში მძიმე შეზღუდვები მიმდინარე წლის მაისში დაწესდა. თუმცა, პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ სახელმწიფო პანდემიის წინააღმდეგ „ფოლადივით მტკიცე ბარიერს“ აღმართავს.

სამწუხაროდ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დაინფიცირდა კოვიდ-19-ით ჩრდილოეთ კორეაში, უცნობია. კიმ ჩენ ინის დის თქმით, კოვიდ-19-ის სიმპტომები ქვეყნის პრეზიდენტსაც აღენიშნებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თავს ცუდად გრძნობდა და მაღალი სიცხე ჰქონდა, მას ლოგინში დარჩენა არ შეეძლო. პრეზიდენტი იმ ადამიანებზე ფიქრობდა, რომლებზეც მანამ უნდა ეზრუნა, სანამ ანტი-პანდემიურ ომს დაამთავრებდა“, – განაცხადა კიმ იო ჯონგმა.

ქვეყნის პრეზიდენტისა და მისი დის ოფიციალური მიმართვა ასობით დამსწრის წინაშე გაჟღერდა. მიწვეული ოფიციალური პირები პრეზიდენტის გამოსვლას პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.