გასული კვირა განსაკუთრებით დატვირთული და დაძაბული აღმოჩნდა და მიმდინარე გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ გავლენა მწვანე ენერგიის განვითარებაზეც მოახდინა. ბევრი მიიჩნევს, რომ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებული ევროპა, უკრაინაში შეჭრის შემდგომ, უფრო სწრაფი ტემპით ეცდება რუსული გაზისგან თავის დაღწევას, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი გერმანიაა, რომელმაც რუსული აგრესიის შემდგომ განახლებადი ენერგიის წარმოება დააჩქარა.
არანაკლებ საინტერესო სიახლეებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უზენაესმა სასამართლომ EPA-სთვის სათბური აირების ემისიების შეზღუდვაზე უფლებამოსილების ჩამორთმევა გადაწყვიტა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი G20-ის ქვეყნებს ეხებათ, რომელთაც პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი მოახმარეს ემისიების შემცირებას.
ამ და სხვა სიახლეებთან ერთად, Forbes Green-ი წარმოგიდგენთ ახალ კომპანიებს, რომლებმაც ემისიების შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს და გეტყვით, თუ რატომ დაკარგა ბოლო პერიოდში ბიტკოინმა „სიმწვანე“.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანია განახლებადი ენერგიის წარმოებას აჩქარებს
Reuters-ის დოკუმენტების თანახმად, გერმანია ქარისა და მზის ენერგიის პროექტების განვითარების დაჩქარებას გეგმავს. მიზეზი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბუნებრივი აირის იმპორტის კლება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე. განსაკუთრებით კი ამ სიტუაციაში, რადგან მიმდინარე წელს გერმანიამ უარი თქვა ბირთვული ენერგიის განვითარებაზე და 2030 წლისთვის ქვანახშირზე მომუშავე ენერგიის მინიმუმადე შემცირების პირობაც დადო.
ამჟამად, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ პარლამენტში კანონპროექტის მიღების დაჩქარებას და 2022 წლის პირველი ივლისისთვის ძალაში შესვლას ითხოვს. ეკონომიკის მინისტრმა და მწვანეების ლიდერმა რობერტ ჰაბეკმა რუსულ წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულების შემცირების მთავარ იარაღად სწორედ განახლებად ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლა დაასახელა.
განსახილველი კანონპროექტის მიხედვით, გერმანია, არსებული 5 გიგავატიდან, 2028 წლისთვის 20 გიგავატამდე გაზრდის მზის ტენდერებს, და ამ დონეს 2035 წლამდე შეინარჩუნებს. ხმელეთზე ქარის ენერგიისთვის ტენდერის მოცულობაც ყოველწლიურად, 2027 წლამდე, 10 გიგავატამდე გაიზრდება და 2035 წლამდე შენარჩუნდება.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო EPA-ს სათბური აირების ემისიების შეზღუდვაზე უფლებამოსილებას ჩამოართმევს
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს კონსერვატიული მოსამართლეები ფედერალური მთავრობის უფლებამოსილებას ელექტროსადგურებიდან ემისიების შემამცირებელი რეგულაციების გამოცემასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად უყურებენ.
სასამართლომ განიხილა გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) უფლებამოსილება, რომელიც ნახშირსა და გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან, სუფთა ჰაერის დადგენილების ფარგლებში, სათბური აირების ემისიების დარეგულირებას ითვალისწინებს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამ EPA-ის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ადმინისტრაციას, დაარეგულიროს და შეამციროს ენერგეტიკის სექტორის ემისიები, რაც აშშ-ის სათბური გაზების დაახლოებით მეოთხედს წარმოადგენს.
უზენაესი სასამართლო აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს კოლუმბიის ოლქის 2021 წლის გადაწყვეტილებას განიხილავს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Affordable Clean Energy-ის კანონმდებლობას არღვევს. ეს რეგულაცია სუფთა ჰაერის აქტის დებულებაზე შეზღუდვებს აწესებს და უზრუნველყოფს EPA-ის უფლებამოსილებას ემისიების დარეგულირებაში.
ტრამპის მიერ შემოთავაზებული ქვანახშირის მრეწველობის მხარდამჭერი კანონმდებლობა მიზნად ისახავდა ობამას სუფთა ენერგიის გეგმის ჩანაცვლებას, რომელიც ემისიებს ელექტროენერგიის სექტორიდან მნიშვნელოვნად შეამცირებდა. 2016 წელს უზენაესმა სასამართლომ „სუფთა ენერგიის გეგმის“ განხორციელება შეაჩერა.
ბაიდენის გადაწყვეტილებას მხარს დემოკრატიული შტატები და მსხვილი ენერგოკომპანიები, მათ შორის Consolidated Edison-ი, Exelon Corp-ი და PG&E Corp-ი უჭერენ. სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციას კლიმატთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი რეგულაციების შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება დასჭირდება.
G20-მა პანდემიის აღდგენის პაკეტიდან მწვანე მიმართულებით მხოლოდ 6% დახარჯა
G20-ის ქვეყნების მიერ, პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის სტიმულირებისთვის გაღებული $14-ტრილიონიანი პაკეტის მხოლოდ 6% დაიხარჯა მწვანე მიმართულებით. გარდა ამისა, რეკორდული თანხის დაახლოებით 3% მთავრობებმა გლობალური ეკონომიკის პანდემიისგან გადასარჩენად საჭირო აქტივობებზე დახარჯეს, რამაც ემისიების ზრდა გამოიწვია.
G20-ის ფისკალური ხარჯვის ანალიზი გასულ კვირას Nature-ის გამოცემაში გამოქვეყნდა. დიდმა ბრიტანეთმა, რომლის დანახარჯების მხოლოდ 10% გამოიყო ემისიების შესამცირებლად, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. ევროკავშირის შედეგები ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, რომლის თითქმის 30% შეფასდა მწვანედ, ხოლო აშშ-ის შემთხვევაში, სტიმულირების პაკეტის მხოლოდ ნაწილმა შეძლო გეგმის წარმატებით შესრულება.
გამოჩნდნენ ქვეყნებიც, რომლებმაც, პირიქით, უზარმაზარი თანხები წიაღისეული საწვავის განსავითარებლად გამოიყენეს. მათ შორისაა ინდოეთი, რომელმაც ქვანახშირის ინდუსტრიისთვის $14 მილიარდი დახარჯა, და სამხრეთი აფრიკა – ელექტროენერგიის შესაძენად გამოყოფილი $11.4 მილიარდით. ჩინეთმა გაზარდა წარმოება ქვანახშირის მაღაროებიდან, რამაც ნახშირის წარმოების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
Nature-ის კვლევით გამოვლენილი ნახშირბადის დაბალი ხარჯების უმნიშვნელო დონე აჩვენებს, რომ Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსვლა ნაკლებად მწვანე გამოდგა, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან, როდესაც დანახარჯების დაახლოებით 16% მოხმარდა იმ ტიპის საქმიანობებს, რომლებიც სათბური გაზების ემისიას ამცირებს ან გარემოს აუმჯობესებს.
Ford Motor Company, General Electric-ი და Xerox-ი ნახშირბადის ემისიებს ანახევრებენ
Ford Motor Company, General Electric-ი და Xerox-ი იმ 90-ზე მეტ კომპანიას შორის არიან, რომლებმაც გასულ კვირაში, კომპენსაციის გამოყენების გარეშე, ნახშირბადის ემისიების შემცირების პირობა დადეს. ორგანიზაციები, 2030 წლამდე, გამონაბოლქვს 50%-ით შეამცირებენ.
კომპანიების ამბიციური მიზანი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ დაანონსებული პროგრამის, Better Climate Challenge-ის ნაწილია. გარემოს დახმარების გარდა, ახალი ინიციატივით კომპანიები შეძლებენ ფულის დაზოგვას, ინოვაციებისა და ახალი მიმართულებების განვითარებას. Ford Motor Company პირველი ავტომწარმოებელი გახდა, რომელიც Better Climate Challenge-ის პროგრამას შეუერთდა. საავტომობილო ფირმამ ემისიების შემცირების პირობა სამომავლოდაც დადო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანიებისთვის ნახშირბადის ნულოვან ემისიაზე გადასვლა სტრატეგიული კლიმატური გადაწყვეტილებაა, რაც მათ ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით, Better Climate Challenge-ის ფარგლებში გამონაბოლქვის შემცირებით ამერიკული ბიზნესი მილიარდობით დოლარს ზოგავს, ქმნის მაღალანაზღაურებულ სამუშაო ადგილებს და ავითარებს ინოვაციებს, რაც შედეგად აშშ-ის ეკონომიკასაც აძლიერებს.
ახალი პროგრამა შესაძლოა, მისაბაძი მაგალითიც გახდეს სხვებისთვის. სააგენტოს თქმით, „თუ აშშ-ის კომერციული, საჯარო და სამრეწველო სექტორის ყველა ორგანიზაცია შეამცირებს სათბური გაზების ემისიას 50%-ით, ეს დაზოგავს თითქმის 1,5 მილიარდ ტონა CO2-ს ყოველწლიურად, რაც მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული თითოეული სახლის მიერ ჯამურად გამოყოფილი ემისიები“.
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Tencent-ი ნახშირბადნეიტრალური გახდება
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Tencent Holdings-ი 2030 წლისთვის, ოპერაციებისა და მიწოდების ჯაჭვში ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას გეგმავს. კომპანია, რომლის ბიზნესიც სამესიჯო აპლიკაცია WeChat-თან ერთად cloud-სერვისსაც აერთიანებს, მიმდინარე ათწლეულში თავისი ელექტროენერგიისთვის სრულად მწვანე ენერგიის გამოყენების ვალდებულებასაც იღებს.
Tencent-ის მიზანია, შეამციროს ენერგიის მოხმარება გამომუშავების ერთეულზე თავის ოპერაციებში და გააძლიეროს განახლებადი ენერგიის გამოყენება. ტექნოლოგიური გიგანტი მწვანე ენერგიით ვაჭრობაშიც ჩაერთვება, ასევე გააფართოებს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის პროექტებში და გარკვეული ბიზნესსეგმენტისთვის კომპენსაციებსაც მიიღებს.
შიდა მიმოხილვის თანახმად, გასულ წელს, კომპანიის სათბური აირების ემისიის მთლიანმა მოცულობამ 5,111 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტი შეადგინა. სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან შედარებისთვის, Alibaba Group Holding-ის ემისიების მოცულობამ 9,514 მილიონი ტონა მოიცვა.
ჩინეთს სურს, ნახშირბადნეიტრალური 2060 წლისთვის გახდეს, თუმცა ქვეყნის ტექნოლოგიური გიგანტები კვლავ ძლიერ დამოკიდებულნი რჩებიან ქვანახშირის ენერგიის გამოყენებაზე. მხოლოდ მცირე მათგანი გეგმავს სამომავლოდ განახლებად ენერგიაზე გადასვლას. მათ შორის არიან Alibaba და Baidu, რომელთაც ნულოვანი ემისიის მიღწევა ათწლეულის ბოლომდე სურთ.
ჩინეთში აკრძალვის შემდგომ ბიტკოინი „სიმწვანეს“ კარგავს
ჩინეთის მიერ კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის შემდგომ, ბიტკოინი „ნაკლებად მწვანე“ გახდა. განახლებადი ენერგიის მოპოვების წილი 2020 წლის 41.6%-დან გასული აგვისტოს მაჩვენებლით 25.1%-მდე დაეცა. ამის მიზეზი მაღაროელების მიერ ჩინური ჰიდროენერგიის გამოყენების შეწყვეტა და შეერთებულ შტატებში გადასვლაა, სადაც მათ გაზი ენერგიის ყველაზე დიდ ნაწილს აწვდის.
მკვლევრების შეფასებით, ბიტკოინი ახლა იმ რაოდენობის ნახშირბადის ემისიების გამოწვევის მიზეზია, როგორისაც საბერძნეთი. ინდუსტრიული ჯგუფები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბიტკოინის მაინინგის საბჭოს შეფასებით, „გლობალური მაინინგის ინდუსტრიის მდგრადი ელექტროენერგიის მიქსი დაახლოებით 58.5%-მდე გაიზარდა.
ბიტკოინის მაინერები მოგების მაქსიმიზაციისთვის გადადიან ადგილებში, სადაც ბევრად მეტი იაფი ელექტროენერგიაა. სპეციალიზებული კომპიუტერები, რომლებიც ამოწმებენ კრიპტოტრანზაქციებს, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ. კრიპტომოპოვების აკრძალვამდე, ნალექიან სეზონებზე მაინერები, წიაღისეული საწვავიდან გამომუშავებული იაფფასიანი ელექტროენერგიიდან ისეთ პროვინციებში გადადიოდნენ, რომლებიც ჰიდროენერგიის მოცულობით გამოირჩეოდა.
ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი 2021 წლის ივნისამდე ნელ-ნელა აიკრძალა, რის შემდგომაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყაზახეთში გადაინაცვლა. მკვრევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის ცვლილებების შედეგად, ბიტკოინი „ნაკლებად მწვანე“ გახდა.