Peek Performance: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

Peek Performance: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

დღეს Apple-მა წლის პირველი ღონისძიება, Peek Performance-ი გამართა, რომელზეც არაერთი სიახლე, მათ შორის სრულიად ახალი iPhone SE, განახლებული iPad Air-ი, სრულიად ახალი და რევოლუციურად მძლავრი პროცესორი, M1 Ultra და სტუდიური წარმოების გენერატორი – Mac Studio და Studio Display-ი  წარმოადგინა, რომელთაც ამ ვრცელ სტატიაში მოვუყარეთ თავი.

ახალი თაობის iPhone SE

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განახლება, რომელიც კალიფორნიულმა გიგანტმა დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოადგინა – Apple-ის ახალი თაობის ბიუჯეტური სმარტფონი, iPhone SE გახდა, რომელსაც, ამიერიდან, iPhone 13-ის ძალიან მძლავრი A15 Bioni პროცესორი ექნება. აღსანიშნავია, რომ iPhone 8-სთან შედარებით, ახალი iPhone SE-ის CPU 1.8-ჯერ, ხოლო GPU – 2.2-ჯერ უფრო სწრაფია.

ახალი თაობის iPhone SE-ს 4.8-ინჩიანი რეტინა დისპლეი, 12-მეგაპიქსელიანი კამერა და უსწრაფესი პროცესორი აქვს, რომელსაც წამში 15.8 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია – ამასთანავე, სმარტფონს 5G-ის მხარდაჭერა აქვს. რაც შეეხება სმარტფონის გამძლეობას, ახალი iPhone SE-ის წინა და უკანა შუშები iPhone 13-ის იდენტურია.

Apple-ის ბიუჯეტური ტელეფონის წინასწარი შეკვეთა პარასკევს, 11 მარტს დაიწყება – iPhone SE-ის საწყისი ფასი $429-ია.

აღსანიშნავია, რომ განახლდა Apple-ის ერთ-ერთი საუკეთესო სმარტფონი, iPhone 13-იც: მას ახალი ფერი – ალპური მწვანე დაემატა. საინტერესოა, რომ კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, iPhone 13-ის დახმარებით Apple-მა იმაზე მეტი ახალი მომხამრებელი შეიძინა, ვიდრე ეს წინა ხუთი თაობის სმარტფონის შემთხვევაში იყო.

iPad Air

ახალი სმარტფონის პარალელურად, Apple-მა მისი კიდევ ერთი საკულტო პროდუქტი iPad Air-ი განაახლა – ამიერიდან, ის M1-პროცესორით იქნება აღჭურვილი. ამრიგად, მის საუკეთესო კონკურენტთან შედარებით, განახლებული iPad Air-ი 60%-ით უფრო მძლავრი და 2-ჯერ უფრო სწრაფია.

განახლებული iPad Air-ის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი, მისი 10.9-ინჩიანი Liquid Retina დისპლეია, რომელსაც True Tone-ის მხარდაჭერა, ფერთა ძალიან დიდი გამა და არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს. ამასთანავე, განახლებულ პლანშეტს Touch ID-ის, 5G-ისა და მეორე თაობის Apple Pencil-ის მხარდაჭერა აქვს.

განახლებული iPad Air-ის წინასწარი შეკვეთა პარასკევს, 11 მარტს დაიწყება – მისი საწყისი ფასი $599-ია. ხელმისაწვდომია iPad Air-ის ორი, 64-გიგაბაიტიანი და 256-გიგაბაიტიანი მოდელები.

M1 Ultra

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, საკუთარი ნახევარგამტარების წარმოება Apple-მა საოცრად განავითარა – ეს ჩანდა მაშინაც, როცა კომპანიამ პირველი M1 პროცესორი წარმოადგინა. მას მერე, Apple-მა ორი კიდევ უფრო მძლავრი პროცესორი M1 Pro და M1 Max-ი წარმოადგინა. დღეს კი, კალიფორნიული კომპანიის ამ საოცარ სიას კიდევ ერთი ძალიან მძლავრი პროცესორი M1 Ultra შეემატა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესორის შესაქმნელად, რომელიც, რეალურად, M1 Max-ის ორ პროცესორისგან შედგება, Apple-მა სრულიად ახალი არქიტექტურა, Ultra Fusion-ი შეიმუშავა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას საშუალებას აძლევს, რომ ორი ჩიპი – ერთად აღიქვას.

M1 Ultra 114 მილიარდი ტრანზისტორიგან შედგება, რაც M1-ში გამოყენებული ტრანზისტორების რაოდენობაზე 7-ჯერ მეტია. ამასთანავე, მას 20-ბირთვიანი CPU და 64-ბირთვიანი GPU აქვს, რას საერთო ჯამში, M1-თან შედარებით, მას 8-ჯერ უფრო სწრაფ პროცესორად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ სრულიად ახალი პროცესორი, M1 Ultra Mac პირველად Studio-ში გამოჩნდება – რევოლუციურ პერსონალურ კომპიუტერში, რომელიც Apple-მა დღეს წარმოადგინა.

Mac Studio და Studio Display-ი

Mac Studio კიდევ ერთი რევოლუციური პროდუქტია, რომელიც Apple-მა დღეს წარმოადგინა – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის თავდაყირა დააყენებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელსაც ნებისმიერი ტიპის სტუდიაში უწევს მუშაობა. ახალი პროცესორი ელეგანტური და კომპაქტურია – ის ტიპური პერსონალური მონიტორის ქვემოთ ეტევა.

აღსანიშნავია, რომ Mac Studio ძალიან მძლავრია – 16-ბირთვიანი Xeon პროცესორის მქონე Mac Pro-სთან შედარებით, M1 Max-ის მქონე Mac Studio 50%-ით უფრო სწრაფია, ხოლო 10-ბირთვიანი i9 პროცესორის მქონე 27-ინჩიან iMac-თან შედარებით, 2.5-ჯერ უფრო სწრაფია. თუმცა, ეს ყველაფერი როდია: Apple-ის უახლესი პროცესორის, M1 Ultra-ს არჩევის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური კომპიუტერი 27-ინჩიან iMac-ზე 3.8-ჯერ უფრო სწრაფი, ხოლო 16-ბირთვიან Mac Pro-ზე 90%-ით უფრო სწრაფი იქნება.

Mac Studio-ს წინასწარი შეკვეთა პარასკევს, 11 მარტს დაიწყება – M1 Max-ის მქონე მოდელის საწყისი ფასი $1999-ია, ხოლო M1 Ultra-ს მქონე მოდელისა – $3999.

რაც შეეხება Studio Display-ს, ის 27-ინჩიანი 5K დისპლეია – მას 14.7 მილიონი პიქსელი, 600 ნიტი სიკაშკაე და მილიარდზე მეტი ფერის მხარდაჭერა აქვს. საინტერესოა, რომ ის Apple-ის A13 Bionic-ის მიკროჩიპითაა აღჭურვილი, რაც მას კიდევ უფრო მძლავრს და ყოვლისმომცველს ხდის. საინტერესოა ისიც, რომ მონიტორში ჩაშენებულია 12-მეგაპიქსელიანი კამერა, Center Stage-ის ფუნქციით და ძალიან მძლავრი მიკროფონები და დინამიკები, რომელთა დახმარებით, მონიტორს სივრცითი აუდიოს მხარდაჭერა აქვს.

Studio Display-ის წინასწარი შეკვეთა პარასკევს, 11 მარტს დაიწყება – პროდუქტის საწყისი ფასი $1599-ია.

Apple TV+

გასული წლის სექტემბრის მსგავსად, Apple-მა საკუთარი სტრიმინგ-პლატფორმის ექსკლუზიური ფილმები და სერიალები წელსაც წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში Apple-ი შედარებით ახალი მოთამაშეა, ამერიკულმა გიგანტმა უკვე არაერთგზის დაგვანახა, რომ ფილმებისა და სერიალების შექმნა მშვენივრად გამოდის – ამაზე პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდოების არაერთი ნომინაცია მიუთითებს.

ამასთანავე, ამიერიდან, Apple-ის სტრიმინგ-პლატფორმის მომხმარებლები Friday Night Baseball-ის ყურებასაც შეძლებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *