მაშინ, როდესაც კლიმატური საკითხებით დაინტერესებული სამყაროს ყურადღება ეგვიპტისკენ – გაეროს COP27-ისკენაა მიმართული, გასულ კვირას არანაკლებ მნიშვნელოვანი ინდონეზიაში გამართული G20-ის სამიტი აღმოჩნდა. მსოფლიოს დიდმა ეკონომიკებმა ბალიზე შეხვედრები გამართეს და, სხვა საკითხებთან ერთად, კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობებიც განიხილეს. აღსანიშნავია, რომ COP27-ზე მყოფი დელეგატები შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გულდასმით აკვირდებოდნენ, რათა შეესწავლათ განვითარებული ქვეყნების მზადყოფნა კლიმატური ვალდებულებების გაძლიერებასთან დაკავშირებით.
G20-ის სამიტზე ყველას ყურადღების ცენტრში ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა მოექცა. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი, სხვა საკითხებთან ერთად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის აღდგენაზე შეთანხმდნენ. მსოფლიოს უმსხვილეს დამბინძურებლებს შორის დიალოგის აღდგენას დადებითად შეხვდნენ კლიმატის დამცველები მთელ მსოფლიოში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი ბრაზილიას ეხება. ტროპიკული ტყეების სამი უდიდესი ქვეყანა, ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ტყის შენარჩუნებისთვის თანამშრომლობაზე ოფიციალურად შეთანხმდა. სამმხრივ ალიანსში ბრაზილია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ინდონეზია არიან გაწევრიანებულნი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდგომ, ამაზონის აღსადგენად, ნორვეგიის მიერ მხარდაჭერილი ფონდის განახლება დაანონსდა, რომელიც თავის დროზე ჟაირ ბოლსონარუმ შეაჩერა.
G20-ის ქვეყნები გლობალური ტემპერატურის მატების 1.5°C-მდე შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ
ბალიზე გამართულ G20-ის სამიტზე, სახელმწიფოთა ლიდერებს შორის განსახილველ ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს შორის კლიმატური კრიზისიც მოხვდა. შეხვედრაზე G20-ის ლიდერები გლობალური ტემპერატურის მატების 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნებისა და ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შეჩერების დაჩქარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
G20-ის სამიტი ყურადღების ცენტრში იყო შარმ-ალ-შეიხში, გაეროს კლიმატის ყოველწლიურ სამიტზე. COP27-ზე მყოფი დელეგატები შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გულდასმით აკვირდებოდნენ, რათა შეესწავლათ განვითარებული ქვეყნების მზადყოფნა კლიმატური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოები, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით, გლობალური ტემპერატურული მატების 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნებაზე ჯერ კიდევ 2015 წელს შეთანხმდნენ.
„ჩვენი, როგორც ლიდერის როლის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას „გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩოს კონვენციით“ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და კლიმატური მიზნის მისაღწევად“, ვკითხულობთ G20-ის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. განაცხადი დასახული გეგმის განსახორციელებლად თითოეული ქვეყნის ეფექტიანი ქმედებებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
კლიმატურ საკითხებში, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ჯონ კერის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყნის მხრიდან, COP27-ის ოფიციალურ ტექსტში, 1.5°C-ის მიზნის ხსენებას წინააღმდეგობა მოჰყვა. კერიმ, ეროვნული მდგომარეობის გათვალისწინებით, თითოეული სახელმწიფოს მიერ, ნახშირბადის ემისიის ეტაპობრივი შეწყვეტის დაჩქარების საჭიროებაზეც ისაუბრა.
„ჩვენ სრულყოფილად შევასრულებთ ჩვენს როლს გლაზგოს კლიმატის პაქტის (COP26) განსახორციელებლად“, – განაცხადეს G20-ის ლიდერებმა. განცხადებამ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებული მიზანი წიაღისეული საწვავის სუბსიდიების გაუქმების საკითხზე და მოუწოდა განვითარებად ქვეყნებს, შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულება, რაც კლიმატზე გავლენის შესამცირებლად, ყოველწლიურად, $100 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს.
ბრაზილია, კონგო და ინდონეზია, ჯუნგლების გადასარჩენად, სამმხრივ ალიანსს ქმნიან
ტროპიკული ტყეებით მოცული სამი უდიდესი ქვეყანა, ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ტყის შენარჩუნებისთვის თანამშრომლობაზე ოფიციალურად შეთანხმდა. სამმხრივ ალიანში ბრაზილია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ინდონეზია არიან გაწევრიანებულნი.
ჯერ კიდევ აგვისტოში, Reuters-ი ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლულას გამარჯვების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტის ინიციატივით, სახელმწიფოებთან პარტნიორობის აღდგენას პროგნოზირებდა.
აღსანიშნავია, რომ ტროპიკული ტყეების განადგურების შედეგად წარმოიქმნება ნახშირორჟანგი, რომელიც ჩვენი პლანეტის დათბობას იწვევს და ხელს უშლის გლობალური კლიმატური მიზნების სისრულეში მოყვანას. გაჩეხილი ჯუნგლების ხელახალი გაშენება კი ატმოსფეროს არსებული სათბური აირებისგან გათავისუფლებას უწყობს ხელს.
სამივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ინდონეზიაში გამართული G20-ის სამიტის ფარგლებში, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. ცნობისთვის, მსოფლიოს ტროპიკული ტყეების 52% ბრაზილიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ინდონეზიაში მდებარეობს. როგორც ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, მათ კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში საერთო მიზანი და შესაძლებლობა აერთიანებთ.
როგორც სამმხრივი შეთანხმებიდან ხდება ცნობილი, ქვეყნები „მდგრადი დაფინანსების ახალ მექანიზმზე“ მუშაობას გეგმავენ. ახალი მექანიზმი განვითარებად ქვეყნებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და გაეროს REDD+ პროგრამის საშუალებით, ტყეების გაჩეხის შესამცირებლად, დაფინანსების გაზრდაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ G20-ის შეხვედრები გაეროში გამართული კლიმატური სამიტის ბოლო კვირას დაემთხვა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტ ლულას წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ამაზონის აუზის დაცვის საკითხში სხვა ქვეყნების ჩართვასაც შეეცდებოდა. „მე მჯერა, რომ ამაზონის დაცვის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ კლიმატურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ტეიშეირამ, რომელიც ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას სწორედ ლულას წინა პრეზიდენტობისას იკავებდა.
აქვე გეტყვით, რომ ფონდის მუშაობა, რომელიც ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცვას ითვალისწინებს და ნორვეგიის მიერაა მხარდაჭერილი, პირველი იანვრიდან განახლდება. ინფორმაციას თავად ნორვეგიის გარემოს დაცვის მინისტრი ავრცელებს. აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს მიერ გაყინული ე.წ. „ამაზონის ფონდი“, ტროპიკული ტყეების დასაცავად $542 მილიონს უზრუნველყოფს.
აშშ და ჩინეთი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის განახლებაზე შეთანხმდნენ
G20-ის სამიტზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, 2017 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შედგა. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი, სხვა საკითხებთან ერთად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის აღდგენაზე შეთანხმდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის მექანიზმების განახლების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ორივე მხარემ ქვეყნებს შორის, მაღალი თანამდებობის პირების დონეზე, კომუნიკაციების გაძლიერების სურვილი გამოთქვა. ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიალოგის აღდგენას დადებითად შეხვდნენ კლიმატის დამცველები მთელ მსოფლიოში.
„სათბური ემისიებით მსოფლიოს ორი უმსხვილესი დამბინძურებელი უნდა იყოს კოოპერაციული და ამბიციური“, – განუცხადა Reuters-ს ესპანეთის კლიმატის მიმართულების მინისტრმა ტერესა რიბერამ. კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად ორი უმსხვილესი ეკონომიკის ერთობლივ მუშაობას მიესალმა გარემოსდაცვითი ჯგუფის „ბუნებრივი რესურსების თავდაცვის საბჭოს“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი მანიშ ბაპნა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში, ტაივანში, აშშ-ის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, პეკინმა ვაშინგტონთან ოფიციალური დიალოგის არხები შეაჩერა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები.
აშშ 2040 წლისთვის მძიმე მანქანების გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას ისახავს მიზნად
ამერიკის შეერთებული შტატები, 2040 წლისთვის, მხოლოდ ნულოვანი გამონაბოლქვის საშუალო სიმძიმისა და მძიმე მანქანების, მათ შორის სასკოლო ავტობუსების, წარმოებასა და გაყიდვას გეგმავს. განცხადება აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ეგვიპტეში გამართულ გაეროს კლიმატურ სამიტზე გააკეთა.
„ურთიერთგაგების არასავალდებულო მემორანდუმის“ ფარგლებში შემუშავებული გეგმით, ახალი მანქანების 30%, რომელიც კომერციული მიწოდების მანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთოებს აერთიანებს, 2030 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის უნდა იყოს, 2040 წლამდე კი მათი რაოდენობა სრულად, 100%-მდე გაიზარდოს.
აგვისტოში, ბაიდენის მიერ დამტკიცებული $430-მილიარდიანი „ინფლაციის შემცირების აქტიდან“ $369 მილიარდი კლიმატური მიზნებისთვის განაწილდა. კანონპროექტის ფარგლებში, ელექტრომობილების მფლობელთათვის საგადასახადო შეღავათები შემუშავდა. წყვილები, რომლებიც წლიურად $300,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, ან ცალკეული პირები, $150,000-ზე ნაკლები შემოსავლით, ახალ EV-ზე $7,500-იანი შეღავათის მიღებას შეძლებენ.
მძიმე მანქანებისთვის საგადასახადო შეღავათები $40,000-მდე განისაზღვრა. აშშ-ის ენერგეტიკული საკითხების მდივნის, ჯენიფერ გრენჰოლმის განცხადებით, დაფინანსება გააძლიერებს ტექნოლოგიურ ინოვაციებს, შეამცირებს მანქანებთან დაკავშირებულ ხარჯებს და სატრანსპორტო გამონაბოლქვს.
სენატორ მარტინ ჰაინრიხის ხელმძღვანელობით, თექვსმეტი დეპუტატისგან შემდგარმა ჯგუფმა, მიმდინარე თვის დასაწყისში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეთანხმებაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდა. ჰაინრიხის განცხადებით, საშუალო ზომისა და მძიმე სატვირთო მანქანები, ჯამურად სატრანსპორტო საშუალებების 10%-ს შეადგენენ, თუმცა მათზე სათბური აირების მთლიანი გამონაბოლქვის 28% მოდის.
კანონმდებლების ინფორმაციით, მემორანდუმი „აშშ-ის ფედერალური სააგენტოებისგან ემისიების ახალი სტანდარტების, სამიზნეებისა და მოთხოვნების შემუშავებას არ მოითხოვს“.
კლიმატის დამცველი აქტივისტები ამჯერად თავს გუსტავ კლიმტის ნახატს დაესხნენ
კლიმატის დამცველი აქტივისტები ამჯერად თავს გუსტავ კლიმტის ვენაში გამოფენილ ერთ-ერთ ნახატს დაესხნენ. აქტივისტებმა ნამუშევარს ცხიმიანი სითხე შეასხეს და, ტრადიციულად, თავი შუშის მინაზეც მიიმაგრეს.
როგორც თავად ჯგუფის, Last Generation-ის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოზე ვხედავთ, ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც შემდგომ დაცვა აკავებს, „ლეოპოლდის მუზეუმში“ კლიმტის ნახატს „სიკვდილი და სიცოცხლე“ შავ, ცხიმიან სითხეს ასხამს, მეორე კი მინაზე ხელს იმაგრებს. „ნავთობისა და გაზის მოპოვებითი სამუშაოები კაცობრიობისთვის სასიკვდილო განაჩენია“, – ვკითხულობთ Last Generation-ის ავსტრიული ჯგუფის Twitter-ის ანგარიშზე.
„საბედნიეროდ, 1915 წელს შესრულებული ხელოვნების ნიმუში არ დაზიანებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შოკირებულნი ვართ ფაქტით, რომ ინციდენტი სწორედ ჩვენთან, მუზეუმში მოხდა“, – განაცხადა „ლეოპოლდის“ მუზეუმის დირექტორმა, ჰანს-პეტერ ვიპლინგერმა პრესკონფერენციაზე. დირექტორის ინფორმაციით, სხვა მუზეუმებში დაფიქსირებული შემთხვევების გამო, „ლეოპოლდის“ მუზეუმში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებული იყო.
საინტერესოა, რომ კლიმატის დამცველები ნავთობის მოპოვებით სამუშაოებს აპროტესტებდნენ, მუზეუმში შესვლა კი სწორედ ნავთობის კომპანიის მიერ დასპონსორებულ უფასო ვიზიტის დღეს დაამთხვიეს. წმინდა ლეოპოლდის დღეს მუზეუმში ვიზიტს ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია OMV აფინანსებდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს კლიმატის დამცველი აქტივისტების მხრიდან ხელოვნების ნიმუშებზე თავდასხმის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. გასულ კვირაში ორგანიზაცია „Just Stop Oil“-ის აქტივისტებმა პომიდვრის წვნიანი ვან გოგის „მზესუმზირებს“ შეასხეს. ოქტომბერში კი კლიმატის დამცველი აქტივისტები გერმანიის მუზეუმში გამოფენილ კლოდ მონეს ფერწერულ ტილოს, „თივის ზვინები” დაესხნენ თავს და $110 მილიონად შეფასებულ ნამუშევარს კარტოფილის პიურე შეასხეს.
მუზეუმების ცნობით, აქტივისტების თავდასხმების შედეგად, ხელოვნების არცერთი ნიმუში არ დაზიანებულა.
ეგვიპტე ქვეყანაში მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე გარიგებებს უფრო მეტად უახლოვდება
COP27-ის მასპინძელი ეგვიპტე საბოლოო შეთანხმების ხელმოწერას უახლოვდება, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მზისა და ქარის ორი ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება. ქვეყნის მიზანი განახლებადი ენერგიის წარმოების გაძლიერება და არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრაა.
ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებით, მზის ირადიაციის მაღალი დონე, ძლიერი ქარი და უდაბნოების ფართობი, სადაც ელექტროსადგურების განთავსება იგეგმება, განახლებადი ენერგიის წარმოებაში ეგვიპტის უზარმაზარ პოტენციალზე მიუთითებს. მთავრობის მიზნით, 2030-2035 წლებში ქვეყანა სრული ენერგეტიკული წარმოების 42%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიიღებს.
ორი ახალი ელექტროსადგურის ასაშენებლად, ჯამურად, სავარაუდოდ, $1 მილიარდზე მეტი დაჯდება. პროექტის მხარდამჭერია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელმაც საბჭოს დონეზე ელექტროსადგურების გეგმა უკვე დაამტკიცა. ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში დასრულდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მზის ენერგიის 500-მეგავატიანი ქარხანა ეგვიპტის სამხრეთით, ქალაქ ასუანთან ახლოს განთავსდება. ცნობისთვის, ამ ტერიტორიაზე უკვე დაგეგმილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მზის ელექტროსადგურის აშენება, რომელიც დუბაიში დაფუძნებულ AMEA Power-ის ეკუთვნის. მეორე, ასევე 500-მეგავატიანი ელექტროსადგური, რომელიც ენერგიის წყაროდ ქარს გამოიყენებს, წითელი ზღვის სანაპიროზე განთავსდება. ქარის ელექტროსადგურს კონსორციუმი აშენებს, რომელიც AMEA Power-ისა და იაპონური Sumitomo Corporation-ის საკუთრებაშია.