„საქართველოს ბანკის“ მორიგი გლობალური აღიარება Global Finance-ის მიერ

„საქართველოს ბანკის“ მორიგი გლობალური აღიარება Global Finance-ის მიერ

საქართველოში Wealth Management-ის მიმართულებით საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება „საქართველოს ბანკს“ აქვს. შესაბამისი დასკვნა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა გამოიტანა და „საქართველოს ბანკს“ შესაბამისი ჯილდოც გადასცა.

„ეს ჩვენთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც“, – ასე გამოეხმაურა Forbes Georgia-სთან საუბრისას „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ეთერ ირემაძე მორიგ აღიარებას. ის ორგანიზაციის ბოლო წარმატებას იმ ადამიანების დამსახურებად მიიჩნევს, რომლებიც, მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ ხარისხზე და ინარჩუნებენ მომსახურების მაღალ სტანდარტებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Global Finance-ი, რომელიც 1987 წელს დაარსდა და 50,000-ზე მეტი ტირაჟით მსოფლიოს 193 ქვეყანაში გამოიცემა, პერსონალური საბანკო მომსახურების მხრივ მსოფლიოში საუკეთესო ბანკებად იმ ინსტიტუტებს აღიარებს, რომლებიც აღწევენ დიდ წარმატებას როგორც რიცხვებში, ასევე იმ საჭიროებების მაღალი ხარისხით დაკმაყოფილებაში, რაც მათ მომხმარებლებს აქვთ. ამისთვის გამოცემის სარედაქციო საბჭომ წელს მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესაფასებლად დამოუკიდებელი კვლევაც ჩაატარა და სწორედ ამ მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ „საქართველოს ბანკის“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება (Wealth Management) საუკეთესოა.

„როცა საქმე ეხება კერძო საბანკო მომსახურებას, ბიზნესისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები, რომლებიც გამოცდილი პროფესიონალები, ეკონომიკურად გათვითცნობიერებული ადამიანები არიან და ფლობენ ინფორმაციას ფინანსურ ტენდენციებზე, უფრო მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ კიდევ უფრო რთულია მათი საჭიროებების საკმაოდ ფართო სპექტრის დაკმაყოფილება”, – განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ და გამარჯვებულს შედეგი მიულოცა.

ბუნებრივია, რომ მორიგი აღიარების შემდეგ „საქართველოს ბანკის“ Wealth Management-ის მომხმარებლები მათ მიერ არჩეულ ფინანსურ ინსტიტუტს კიდევ უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებენ. თავად ბანკში კი ამბობენ, რომ აღიარება მათ უფრო მეტ მოტივაციას უჩენს და ამ სეგმენტზე მორგებული სერვისების განვითარების პროცესი გაგრძელდება. – „ასეთი შეფასება გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები და გზები, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი მომსახურება და შეთავაზებები“, – აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და დასძენს, რომ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების მომხმარებელი გრძელვადიან პარტნიორს ეძებს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ოჯახისთვისაც. შესაბამისად, ამ სეგმენტის საჭიროებების დაკმაყოფილება კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. „სწორედ ამიტომ ვცდილობთ, Wealth Management-ის მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რჩევები და გადაწყვეტილებები შევთავაზოთ, რაც საბოლოოდ მათ დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარებათ“, – ამბობს ეთერ ირემაძე.

„საქართველოს ბანკი“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით ათ წელზე მეტია, მომხმარებლებს პერსონალურ საბანკო მომსახურებას წარმატებით უწევს. ამ სეგმენტის მომხმარებლები ბანკისგან პერსონალურ მიდგომას, ფინანსურ თუ არაფინანსურ – ე.წ. Lifestyle-შეთავაზებებს იღებენ. გარდა ამისა, როგორც ბანკში ამბობენ, ზოგადად პერსონალური საბანკო მომსახურების სეგმენტი წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება. მართალია, პანდემიის პერიოდში ზრდა შენელდა, თუმცა გუნდმა ეს გამოწვევა გამოიყენა როგორც შესაძლებლობა, რის შედეგადაც არაერთი პროცესი გააციფრულა.

პერსონალური საბანკო მომსახურება „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სულ ახლახან მომსახურების პაკეტებში გარკვეული პირობების გაუმჯობესების პროცესი დასრულდა. თუმცა, როგორც გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე გვეუბნება, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სასიამოვნო სიახლეების, რასაც მომხმარებელი მათგან წლის ბოლომდე უნდა ელოდოს. სიახლეს ჯერ არ აკონკრეტებს, თუმცა პირობას დებს, რომ Forbes Georgia-ს მკითხველი მას აუცილებლად შეიტყობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *