გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირას საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) პოზიტიური მონაცემები წარადგინა და მომდევნო ხუთ წელიწადში გლობალური განახლებადი ენერგიის საერთო სიმძლავრის ზრდის გაორმაგება დააანონსა. IEA-ის ანგარიშით, განახლებადი ენერგია, 2025 წლის დასაწყისისთვის გადაუსწრებს ქვანახშირს და გლობალური ენერგიის უდიდესი წყარო გახდება. ცნობისთვის, განახლებადი ენერგიის მოცულობის ზრდას უმეტესწილად ენერგეტიკული კრიზისის შედეგად ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასები განაპირობებს.

გასულ კვირას მნიშვნელოვანი კანონმდებლობები წარადგინა ევროკავშირმაც. ახალი წესებით, 2026 წლისთვის ევროკავშირი ავიახაზებისთვის ემისიების უფასო ნებართვებს ეტაპობრივად გააუქმებს, რის შედეგადაც ავიაკომპანიებს გამონაბოლქვისთვის უფრო მეტის გადახდა მოუწევთ. აღნიშნულის გარდა კი 27 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაცია კიდევ ერთ კანონმდებლობაზე შეთანხმდა, რომელიც ტყის ჩეხასთან დაკავშირებული პროდუქტების იმპორტს აკრძალავს. კანონმდებლობით მკაცრი შემოწმება შეეხება საყოფაცხოვრებო საქონელსაც, მათ შორის ყავას, კაკაოსა და ავეჯის ნაწილს.

IEA: მომდევნო ხუთ წელიწადში გლობალური განახლებადი ენერგიის საერთო სიმძლავრის ზრდის გაორმაგებაა მოსალოდნელი

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, მომავალო ხუთი წლის განმავლობაში, გლობალური განახლებადი ენერგიის საერთო სიმძლავრის ზრდა გაორმაგდება. IEA-ის განცხადებით, ზრდა ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებითაა გამოწვეული, რასაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი განაპირობებს.

განახლებადი ენერგიის პერსპექტივის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2027 წლისთვის, გამომუშავებული განახლებადი ენერგია მსოფლიოში 2,400 გიგავატით, 5,640 გიგავატამდე გაიზრდება. აღნიშნული მატება გასული წლის პროგნოზს 30%-ით აღემატება. ცნობისთვის, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შედეგად ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების ფონზე, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები უფრო მიმზიდველი გახდა.

გარდა ამისა, განახლებადი ენერგიის ზრდა განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და ინდოეთის პოლიტიკითა და საბაზრო რეფორმებით, რაც განახლებადი ენერგიის ობიექტების განთავსების პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს. „განახლებადი ენერგია ამ დრომდეც სწრაფად ვითარდებოდა, თუმცა გლობალურმა ენერგოკრიზისმა ის ახალ, კიდევ უფრო სწრაფი ზრდის ფაზაში გადაიყვანა, რადგან ქვეყნები ენერგეტიკული უსაფრთხოების სარგებლის გამოყენებას ცდილობენ“, – განაცხადა IEA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

IEA-ის ანგარიშის პროგნოზით, მომდევნო ხუთ წელიწადში განახლებადი ენერგიის წყაროები გლობალური ელექტროენერგიის ზრდის 90%-ზე მეტს შეადგენს. შედეგად, განახლებადი ენერგია 2025 წლის დასაწყისისთვის გადაუსწრებს ქვანახშირს და გლობალური ენერგიის უდიდესი წყარო გახდება.

თეთრი სახლი 2030 წლისთვის ფედერალური შენობების ემისიებს 30%-ით შეამცირებს

თეთრმა სახლმა ფედერალური შენონების ემისიების შესამცირებლად სტანდარტები პირველად შეიმუშავა. ფედერალური შენობებიდან ემისიების შემცირება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის კლიმატური ცვლილების შეჩერებისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილია.

თეთრი სახლის მიერ შემუშავებული „ფედერალური შენობების სტანდარტი“ ფედერალურ სააგენტოებს, წმინდა ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად, ენერგიის მოხმარების შემცირებასა და ტექნიკის ელექტრიფიკაციას ავალდებულებს. 2030 წლამდე ფედერალური შენობების ემისიები 30%-ით უნდა შემცირდეს. ამასთან ერთად, ბაიდენის მიზანი 2045 წლისთვის ემისიებისგან ფედერალური შენობების სრულად გათავისუფლება და 2050 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის დეკარბონიზაციაა.

მიზნის მისაღწევად, სააგენტოები ამერიკაში წარმოებულ პროდუქტებს, მათ შორის სითბოს ტუმბოებს, წყლის ელექტროგამაცხელებლებსა და სხვა ენერგოეფექტიან ტექნოლოგიებს შეიძენენ.

ახალი სტანდარტი შესაძლოა აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა გააუქმოს, რომლის კლიმატური პოლიტიკაც ბაიდენისგან განსხვავებული იქნება. თუმცა თეთრის სახლის გარემოს ხარისხის საბჭოს ხელმძღვანელის, ბრენდა მელორის განცხადებით, ფედერალური შენობების ემისიების შემცირების მიმართულებით პროგრესი მოსალოდნელია, რადგან ეფექტიანობა ხარჯების შემცირებაზეც აისახება.

ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, წესდება, რომელიც ყველა ახალი ფედერალური შენობიდან, 2025 წლისთვის, ადგილზე გამოყენებული წიაღისეული საწვავის, მათ შორის ბუნებრივი აირის 2003 წელთან შედარებით 90%-ით შემცირებას მოითხოვს, წლიურად ფედერალური შენობების ხარჯებს $8 მილიონით დაზოგავს.

EU-ის ახალი კანონით, ავიაკომპანიებს დაბინძურებისთვის უფრო მეტის გადახდა მოუწევთ

გასულ კვირას ევროკავშირის ქვეყნები ახალ კანონზე შეთანხმდნენ, რომელიც ავიაკომპანიებისთვის ემისიების გამოყოფაზე განკუთვნილი გადასახადის ზრდას ითვალისწინებს. ევროკავშირის შეთანხმება წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სრულად შესამცირებლად, ავიაციის სექტორზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

ავიაკომპანიებს, რომლებიც ფრენებს ევროპის მასშტაბით ახორციელებენ, ამჟამად ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრიდან ემისიების გამოყოფისთვის ნებართვების ყიდვა უწევთ. თუმცა ემისიებზე ნებართვის უმეტეს ნაწილს ევროკავშირი ავიახაზებს უფასოდ გადასცემს. ეს ყველაფერი კი ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროპარლამენტის შუამავლებს შორის შეთანხმებული ახალი კანონმდებლობით ძალიან მალე შეიცვლება.

ახალი წესებით, 2026 წლისთვის ევროკავშირი ავიახაზებისთვის ემისიების უფასო ნებართვებს ეტაპობრივად გააუქმებს. უფასო ნებართვები 2024 წელს 25%-ით, ხოლო 2025 წელს 50%-ით შემცირდება. ეს ნიშნავს, რომ 2026 წლიდან ავიახაზებს CO2-ის გამოყოფისთვის ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრიდან ნებართვების ყიდვა დასჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ 2024-2030 წლებში ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც მდგრად საავიაციო საწვავს იყენებენ, CO2-ის ნებართვების მცირე ნაწილი უფასო იქნება. გამონაკლისი გარკვეულწილად აანაზღაურებს ფასის სხვაობას იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც მდგრად საავიაციო საწვავსა და გაცილებით იაფ წიაღისეულ ნავთს იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ ევროკავშირმა ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებიც დაამატა. 2024 წლიდან საზღვაო გადამზიდავ კომპანიებსაც მოუწევთ ევროკავშირის ნებართვების შეძენა მათი ემისიების 40%-ის დასაფარად, რომლებიც 2025 წელს 70%-მდე, ხოლო 2026 წელს 100%-მდე გაიზრდება.

EU-ის ახალი კანონმდებლობა ხეების განადგურებასთან დაკავშირებულ საქონელს კრძალავს

ევროკავშირმა ახალი კანონი შეათანხმა, რომელიც ტყის ჩეხასთან დაკავშირებული პროდუქტების იმპორტს აკრძალავს. კანონმდებლობით მკაცრი შემოწმება შეეხება საყოფაცხოვრებო საქონელსაც, მათ შორის ყავას, კაკაოსა და ავეჯის ნაწილს.

გარემოსდაცვითი ჯგუფი Greenpeace-ი ევროკავშირის ახალ შეთანხმებას მიესალმა, თუმცა გარკვეული ქვეყნების აზრით, ახალი წესები ზიანს საერთაშორისო ვაჭრობას მიაყენებს. თავად ევროკავშირის განცხადებით, ახალი კანონები მთელ მსოფლიოში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას შეუწყობს ხელს. წესები შეეხება პალმის ზეთს, პირუტყვს, სოიას, კაკაოს, ხეებსა და ჩამოთვლილი საქონლისგან მიღებულ სხვა პროდუქტებს (მაგ. საქონლის ხორცი), რომლებიც იმპორტირებულია ევროკავშირში.

შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მათი პროდუქცია არ არის დაკავშირებული ტყეების გაჩეხასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიები წლიური ბრუნვის 4%-ით დაჯარიმდებიან.

ევროკომისიის გათვლებით, ახალი კანონი წლიურად მინიმუმ 71,920 ჰექტარ ტყეს დაიცავს განადგურებისგან. ნახშირბადის წლიური გლობალური გამონაბოლქვი კი წელიწადში 31.9 მილიონი მეტრული ტონით შემცირდება, რაც დაახლოებით 2021 წელს დანიის ნახშირბადის ემისიების ეკვივალენტურია.

ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს შეთანხმების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენიათ. კანონი ძალაში ოფიციალური მიღებიდან ოცი დღის შემდეგ შედის, რაც სავარაუდოდ მომავალ წელს მოხდება. ძალაში შესვლიდან, ოპერატორებსა და მოვაჭრეებს ახალი რეგულაციების შესასრულებლად 18 თვე, ხოლო შედარებით მცირე კომპანიებს 24 თვე ექნებათ.

ბრიტანეთმა ბოლო ათწლეულებში ქვანახშირის პირველი მაღაროს მშენებლობის ნებართვა გასცა

ბრიტანეთმა, კლიმატური მიზნების მიუხედავად, ბოლო ათწლეულებში ქვანახშირის პირველი მაღაროს მშენებლობის ნებართვა გასცა. ახალი მაღარო, საიდანაც ფოლადის წარმოებაში გამოსაყენებლად მაღალი დაბინძურების მქონე საწვავი იქნება მიღებული, ოპონენტთა კრიტიკის სამიზნე უკვე გახდა.

კომპანია West Cumbria Mining-ის მიზანი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში Woodhouse Colliery-ის მაღაროს ავითარებს, კოქსის ნახშირის მიღებაა, რომელიც შემდგომში არა ელექტროენერგიის წარმოებისთვის, არამედ ფოლადის ინდუსტრიაში იქნება გამოყენებული. West Cumbria Mining-ის ახალი მაღარო რეგიონში სავარაუდოდ 500-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.

პროექტმა, რომელიც პირველად 2014 წელს გამოქვეყნდა, ბრიტანეთის მთავრობის კლიმატური მიმართულების დამოუკიდებელ მრჩეველთა პალატისა და ოპოზიციური პარტიების კრიტიკა დაიმსახურა. ბოლო ათწლეულებში ბრიტანეთში ქვანახშირის პირველი მაღაროს განვითარებას კლიმატის დამცველი ორგანიზაციები და აქტივისტები, მათ შორის გრეტა ტუნბერგი და Greenpeace-ი გამოეხმაურნენ.

„მაღაროდან მიღებული ქვანახშირი ფოლადის წარმოებისთვის იქნება გამოყენებული, რაც ქვეყანას იმპორტის აუცილებლობას ააცილებს თავიდან“, განაცხადა მინისტრმა მაიკლ გოუვმა ნებართვის გაცემის შემდეგ და დასძინა, რომ ქვანახშირს ელექტროენერგიის წარმოებისთვის არ გამოიყენებენ. მინისტრის ინფორმაციით, მაღარო თავის საქმიანობაში წმინდა ნულოვანი დანიშნულების იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივ დასაქმებასა და ეკონომიკაში. წარმოებული ქვანახშირის უმეტესი ნაწილი ევროპაში ექსპორტზე იქნება გატანილი.

$201 მილიონის ღირებულების ქვანახშირის მაღაროს მშენებლობის დასრულებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. მაღაროს ექსპლუატაციის ვადად 50 წელია განსაზღვრული. ახალი ობიექტი წარმოების პიკს ექსპლუატაციაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ მიაღწევს და ფოლადის მწარმოებლებს როგორც ბრიტანეთში, ასევე დასავლეთ ევროპაში ქვანახშირით მოამარაგებს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით, ქვეყანამ სათბური აირის ემისიების წმინდა ნულოვან ნიშნულს 2050 წლისთვის უნდა მიაღწიოს.

ქვანახშირის გამოყენების შესამცირებლად, G7 ვიეტნამს $15 მილიარდს სთავაზობს

G7-ის სახელმწიფოებმა ვიეტნამს, ქვანახშირზე დამოკიდებულების შესამცირებლად, $15 მილიარდი შესთავაზა. თავდაპირველი გეგმით, ვიეტნამსა და G7-ის ქვეყნებს შეთავაზება ეგვიპტეში ჩატარებულ COP27 სამიტზე უნდა განეხილათ თუმცა, სავარაუდოდ, ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში დაგეგმილ სამიტზე გაიმართება.

ვიეტნამი, მსოფლიო მასშტაბით, ქვანახშირის ტოპ-20 გამომყენებელში შედის. ვიეტნამის დასარწმუნებლად, მხარი დაუჭიროს შეთავაზებას, დასავლელმა ლიდერებმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით ქვეყნისთვის უფრო დიდი ფინანსური პაკეტი შეიმუშავეს. ახალი შეთავაზება $7.5 მილიარდის ღირებულების სესხებს – სახელმწიფო სექტორიდან, ხოლო დარჩენილ $7.5 მილიარდს კერძო სექტორიდან უზრუნველყოფს.

დასავლელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ეს იქნება საბოლოო შემოთავაზება ბრიუსელში 14 დეკემბერს გასამართ სამიტამდე, სადაც მონაწილეობას ევროკავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ საწყისი დაპირება სახელმწიფო სახსრებიდან სულ რაღაც $2 მილიარდის მიღებას გულისხმობდა, დაუზუსტებელი დამატებითი კერძო მხარდაჭერით.

გაურკვეველია, იქნება თუ არა მზად ვიეტნამი გაზრდილი შეთავაზების მისაღებად. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა ტრადიციულად დიდი სესხების აღებას ეწინააღმდეგება, რისთვისაც უფრო მეტი გრანტის მიღებას ითხოვს. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, მომავალ კვირას შეთანხმების მიღწევის შანსი „50/50“-ზეა.