ტირანოზავრი რექსის თავის ქალა Sotheby’s-ის აუქციონზე $6.1 მილიონად გაიყიდა

ტირანოზავრი რექსის თავის ქალა Sotheby’s-ის აუქციონზე $6.1 მილიონად გაიყიდა

ტირანოზავრი რექსის ყველაზე სრულყოფილად შემონახული თავის ქალა ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე წინასწარ შეფასებულზე გაცილებით ნაკლებ ფასად, 6.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ სააუქციონო სახლი მის გაყიდვას 15-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე იმედოვნებდა.

სპეციალისტების გამოთვლით, თავის ქალა, რომელსაც სახელად „მაქსიმუსი“ შეარქვეს, 76 მილიონი წლის წინ მობინადრე ტირანოზავრ რექსს უნდა ეკუთვნოდეს. Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის განცხადებით, ის 90 კილოგრამზე მეტს იწონის. მისივე ინფორმაციით, თავის ქალა შესანიშნავ მდგომარეობაშია – მის ყბებზე კბილის მატარებელი ყველა ელემენტი, თავის ქალის გარე ძვლების უმეტესობასთან ერთად, შენარჩუნებულია. ეს კი, სააუქციონო სახლის თქმით, „უკიდურესად იშვიათია“ ასეთი ნიმუშებისთვის.

ცოტა ხნის წინ ტირანოზავრი რექსის კიდევ ერთი ნიმუში, „შენის“ სახელწოდებით ცნობილი ჩონჩხი ჰონგკონგში Christie’s-ის სააუქციონო სახლს უნდა გაეყიდა, თუმცა, აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე, ის კატალოგიდან ამოიღო. ამის მიზეზი პალეონტოლოგების განცხადება გახდა, რომელთა ვარაუდით, ჩონჩხი შეიცავდა საავტორო უფლებებით დაცულ ძვლების ასლს სხვა ნიმუშიდან. აღსანიშნავია, რომ „შენი“ 15-დან 25 მილიონ აშშ დოლარამდე იყო შეფასებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ტირანოზავრის ჩონჩხი აუქციონზე პირველად 1997 წელს გაიყიდა. მასში $8.36 მილიონი გადაიხადეს. აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული დინოზავრის ჩონჩხის სტატუსი, მოცემული დროისთვის, სწორედ ტირანოზავრი რექსის სახეობის ბინადრის ნიმუშს ეკუთვნის – „სტენი“ 2020 წელს ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $31.8 მილიონად გაიყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *