გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ავტოინდუსტრიისათვის. მსხვილმა ავტომწარმოებლებმა არაერთი სიახლე შემოგვთავაზეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შეფასებები და კომენტარები გაკეთდა პოლიტიკოსების მხრიდანაც. როგორც წესი, მსგავსი შეფასებები დიდ გავლენას ახდენს ინდუსტრიის განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, Forbes Georgia მიმდინარე კვირის ავტობლოგში სფეროს შესახებ უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ. დღევანდელ ბლოგში თქვენ გაეცნობით ბაიდენის კომენტარებსა და გეგმებს ელექტრომობილების ინდუსტრიასთან დაკავშირებით, Ferrari-ის ბლოკჩეინ-მომავლის თავისებურებებს, Alfa Romeo-ს ახალი ავტომობილის კონცეპტსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს.

ბაიდენმა შტატებში ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების დაფინანსების $5-მილიარდიანი გეგმა წარადგინა

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაციამ ქვეყნის შტატებში ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების ქსელის განსავითარებლად $5-მილიარდიანი დაფინანსების გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, ხუთი წლის განმავლობაში შტატებში საკმარისი ოდენობის დამტენი პუნქტები უნდა გაიხსნას.

ფოტო: BRENDAN SMIALOWSKI

აღნიშნული ინვესტიცია ჯო ბაიდენის გუნდის უფრო ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია. ზოგადი გეგმა კი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასა და სუფთა ენერგიაზე თანამიმდევრულ გადასვლას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, გასული პერიოდის განმავლობაში ჯო ბაიდენი და მისი გუნდი აქტიურად უწევს ლობირებას ავტოინდუსტრიის გაელექტროების საკითხს. მათი მიზანია, 2030 წლისათვის აშშ-ის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ელექტრო ან დამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილს მართავდეს.

ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განმარტებით, ახალი გაიდლაინი შტატებს უფრო ეფექტიანი დასამუხტი პუნქტების გახსნასა და გამართვაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ელექტრომობილების მზარდი პოპულარობისა, შტატების მიერ გამოყოფილი სასათბურე აირების უდიდეს წილს მაინც სატრანსპორტო სექტორი გამოიმუშავებს. შეერთებულ შტატებში ამ უკანასკნელზე გამონაბოლქვის დაახლოებით მესამედი მოდის.

საინტერესოა ისიც, რომ აშშ ელექტრომობილების სიდიდით მესამე ბაზარია ჩინეთისა და ევროპის შემდეგ. შესაბამისად, მისთვის გამართული დასამუხტი პუნქტების ქსელის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემის მოგვარებაზე მანამ იზრუნოს, სანამ პრობლემა გაჩნდება. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის გეგმას უფრო მეტად პრევენციული ხასიათი აქვს, რაც საბოლოო ჯამში პრობლემის ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტაა.

წინასწარი დათვლებით, ელექტრომობილებზე გადასვლა საშუალოსტატისტიკურ  ამერიკელს ყოველწლიურად საწვავის $1000-დოლარიან ხარჯს დაუზოგავს.

იტალიური Ferrari საკუთარ ავტომობილებში მეტავერსის, NFT-ისა და Web3-ის ინტეგრირებას გეგმავს

მდიდრული ავტომობილების იტალიური მწარმოებელი Ferrari მეტავერსის, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და NFT-ების საკუთარ ბიზნესში ინტეგრირებას გეგმავს. კომპანიის მიერ გასული წლის მეოთხე კვატალის შედეგების გამოცხადებისას, Ferrari-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენედეტო ვინიამ, ინვესტორებს განუცხადა, რომ ავტომწარმოებელი ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციას გეგმავს.

ფოტო: BINANCE

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ Ferrari-მ სულ ახლახან გააფორმა შეთანხმება შვეიცარიულ ბლოკჩეინ-კომპანია Velas Network-თან. Ferrari-ის აღმასრულებელი დირექტორის მტკიცებით, კომპანია იკვლევს, თუ როგორ უნდა დაინერგოს ბლოკჩეინთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი კომპანიის მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კომპანიამ სრულიად ახალი დეპარტამენტი ჩამოაყალიბა, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებზე იმუშავებს. ზემოთ აღნიშნული შვეიცარიული Velas Network-ი კი აქტიურად იმუშავებს კომპანიის მეტავერსში დაფუძნებაზე. თუმცა  ამავდროულად ის Ferrari-ის სარბოლო გუნდის ოფიციალური სპონსორიც იქნება.

როგორც იცით, NFT-ებისადმი ინტერესი ბოლო დროს მრავალმა ძლიერმა კომპანიამ გამოთქვა. ეს კი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ NFT-ტექნოლოგია არა ტრენდი, არამედ გარკვეული ღირებულების მქონე პროდუქტია. ბუნებრივია, გარკვეულ პროექტებზე რეკორდულად მაღალი ფასები დიდი გამოხმაურებისა და ტრენდულობის შედეგია, თუმცა ეს არ წარმოადგენს მთლიანი ინდუსტრიის სახეს. სწორედ ამიტომ, უნდა მოველოდეთ, რომ წელს მეტავერსში, NFT-სა და ბლოკჩეი-სამყაროში კიდევ უფრო მეტ კომპანიას ვიხილავთ.

რაც შეეხება ავტომწარმოებლებს, პირველები ამ ინდუსტრიიდან, რომელთაც საკუთარ ბიზნესში NFT-ის ინტეგრაცია მოისურვეს, Lamborghini, Aston Martini და ახლა უკვე Ferrari არიან.

Alfa Romeo-მ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ელექტროჰიბრიდული SUV წარადგინა

Ferrari-ს ტექნოლოგიურ განვითარებაში არ ჩამორჩა ასევე იტალიური Alfa Romeo-ც. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ გაასწრო კიდეც. განსხვავებით Ferrari-საგან, რომელმაც ტექნოლოგიასთან ადაპტაცია დააანონსა, Alfa Romeo-მ უკვე ქმედითი ნაბიჯებიც გადადგა.

იტალიურმა ავტომწარმოებელმა, Alfa Romeo-მ ახალი ავტომობილი წარადგინა, რომელიც ბლოკჩეინ- და NFT-ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი. როგორც ხედავთ, NFT-ების პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ მათი ხილვა უკვე საავტომობილო ინდუსტრიაშიც შეგვიძლია.

ფოტო: Alfa Romeo

Stellantis-ის მფლობელობაში არსებული იტალიური Alfa Romeo კი მის გამოყენებას საკმაოდ საინტერესოდ გეგმავს. ავტომწარმოებლის ახალი SUV Tonale, თავად მწარმოებლის თანახმად, ინდუსტრიაში პირველი ავტომობილია, რომელსაც NFT ყიდვის პროცესში დაადასტურებს, შემდეგ კი ავტომობილის სიცოცხლის ციკლის მონაცემებს ჩაიწერს და შეინახავს.

Alfa Romeo-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ფრანჩესკო კალკარას განცხადებით, წარმოების გაციფრულება ბრენდის მეტამორფოზის მთავარი გასაღებია. Tonale კი პირველი ავტომობილი იქნება, რომელიც ბლოკჩეინ და არაჩანაცვლებად (Non-Fungible) ტექნოლოგიას გამოიყენებს. „ავტომობილში ინტეგრირებული NFT ტექნოლოგია ყველა ინფორმაციას ბლოკჩეინზე ჩაიწერს“, – განაცხადა მან.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, NFT ავტომობილის მონაცემებს ჩაიწერს და მას სერტიფიკატს მიანიჭებს, რათა ავტომობილის გამართულობა და სერვისის დროული გაწევა დაადასტუროს. ამით კი მისი ღირებულების განსაზღვრა უფრო მარტივი იქნება. თუმცა ამისათვის ერთი პირობა უნდა კმაყოფილდებოდეს – ავტომობილს სერვისი Alfa Romeo-ს სერტიფიცირებულმა დილერმა უნდა გაუწიოს.

ახალი 2023 წლის Alfa Romeo Tonale ბრენდის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების დასასრულის დასაწყისს წარმოადგენს. 110 წლის კომპანია სრულად ელექტროძრავიან ავტომობილებზე გადასვლას 2027 წლისათვის აანონსებს.

რაც შეეხება თავად ავტომობილს, აშშ-ის ბაზრისათვის ავტომწარმოებელი 2.0 ლიტრის მოცულობის ოთხცილინდრიან ტურბო-ძრავას შემოგვთავაზებს, რომელსაც 256 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. დამუხტვადი ვერსია კი 1.3 ლიტრის მოცულობის ოთხცილინდრიანი ტურბო-ძრავით იქნება აღჭურვილი, რომელსაც 272 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება.

ბაიდენმა Tesla-ს ელექტრომობილების უპირატესობა ერთწლიანი დუმილის შემდეგ აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საკუთარი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად აღიარა ამერიკული ავტომწარმოებლის Tesla-ს ელექტრომობილების უპირატესობა სხვა ბრენდებთან შედარებით. ბაიდენმა აღნიშნა, რომ Tesla ქვეყანაში ელექტრომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელია.

ფოტო: David Paul Morris / Bloomberg

ბაიდენის მიერ Tesla-ს ხსენება მისი გეგმის წარდგენას მოჰყვა ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ საკითხის შესახებ დეტალურად ოდნავ ზემოთ ვისაუბრეთ. ახლა კი ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, თუ რამ განაპირობა ბაიდენის მიერ Tesla-ს უპირატესობის აღიარება ერთწლიანი დუმილის შემდეგ.

თუკი აქამდე ჯო ბაიდენი უფრო ტრადიციულ ავტომწარმოებლებს, General Motors-სა და Ford Motor-ს წყალობდა, ამჯერად Tesla-ს ჯერიც დადგა. საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ ბაიდენის მიერ Tesla-ს დამსახურებაზე ყურადღების გაუმახვილებლობა Tesla-ს ღირებულებების „დამსახურება“ იყო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენს Tesla და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი გუნდურ მოთამაშედ არ მიაჩნია.

ამ დამოკიდებულების გამოვლინება იყო ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება შარშანაც, როცა ილონ მასკი თეთრ სახლში ელექტრომობილების მომავალზე სასაუბროდ არ დაპატიჟა. სანაცვლოდ, ღონისძიებას GM-ისა და Ford-ის აღმასრულებელი დირექტორები ესწრებოდნენ.

ბაიდენის პოლიტიკურ ფიგურასა და მის გადაწყვეტილებებს ილონ მასკი Twitter-ზე საჯაროდ დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ურთიერთობების დათბობის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. Tesla-ს გულშემატკივრები სოციალურ მედიაში კამპანიებსაც კი აწარმოებდნენ ბაიდენის მიერ Tesla-ს უპირატესობის აღიარების მიზნით.

თუმცა, როგორც ჩანს, თავად ილონ მასკი ბაიდენის გამოსვლით იმდენად აღფრთოვანებული არ არის. მან პრეზიდენტის გამოსვლის საპასუხოდ სტატია გააზიარა, რომლის მიხედვითაც Tesla 2021 წელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი იყო.

Aston Martin-ის სპორტული მანქანები 2023 წლიდან რადიკალურად განსხვავებული იქნება

Aston Martin-ის თავმჯდომარის, ლოურენს შტროლის, განცხადებით, 2023 წლიდან ავტომწარმოებლის სპორტული მანქანების, Vantage-ის, DB11-ისა და DBS-ის სრული განახლება მოხდება. რადიკალური რეინვენტირება კი იმდენად ყოვლისმომცველი იქნება, რომ, ხელმძღვანელობის მტკიცებით, სრულიად ახალ მანქანებს ვიხილავთ.

ძირითად განახლებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სრულიად განსხვავებული სამუხრუჭე სისტემა, ძრავები, გადაცემათა კოლოფები და ძირეულად შეცვლილი ინტერიერი იქნება. გარდა ამისა, Aston Martin-ის ავტომობილები სენსორული ეკრანებითაც იქნება აღჭურვილი, რაც ავტომწარმოებლისათვის ნამდვილად წინსვლაა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე Aston Martin-ი საკუთარ ავტომობილებში Mercedes-Benz-ის ტექნოლოგიებს იყენებდა. თუმცა ერთი დათქმით, მათი გამოყენების უფლება მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდათ, რაც Mercedes-ის ახალ ავტომობილში ტექნოლოგია მინიმუმ სამი წლით განთავსდებოდა. ეს კი ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებას მომხმარებლებისათვის ძალიან აფერხებდა.

ლოურენს შტროლის განცხადებით, 2023 წლიდან Aston Martin-ი „მერსედესის“ პლატფორმას გამოეყოფა და საკუთარ ტექნოლოგიურ ხაზს იქონიებს. ეს ყველაფერი კი იმისკენაა მიმართული, რომ Aston Martin-ის სპორტული ავტომობილების ყოველწლიური გაყიდვების რაოდენობა 4000 ერთეულამდე გაიზარდოს.

როგორც ჩანს, კომპანია არა მხოლოდ საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, არამედ მენეჯმენტის ცვლილებასაც გეგმავს. თუმცა, მიუხედავად დაანონსებული სიახლეებისა, ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, ავტომწარმოებლის სამივე სპორტული ავტომობილის განახლება ერთდროულად მოხდება თუ ეტაპობრივად. როგორც ჩანს, Aston Martin-მა მსგავსად სხვა მაღალ მარჟაზე მომუშავე ავტომწარმოებლებისა, კონკურენციის საფრთხე მძაფრად იგრძნო და საკუთარი პოლიტიკის შეცვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

მოგეხსენებათ, ინდუსტრია დღითი დღე ვითარდება და ავტომობილებისადმი ხელმისაწვდომობაც თანდათან იზრდება. შესაბამისად, მდიდრულ ბრენდებს თავის გადარჩენისათვის კიდევ უფრო გამალებით ბრძოლა მოუწევთ. თუმცა, სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ Aston Martin-ის მსგავს ბრენდებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება.

Jeep-მა და Razor-მა ერთობლივად Off-Road-ელექტროსკუტერი შექმნეს

ელექტროსკუტერების ინდუსტრია იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ წარმოგვედგინა. წინა ბლოგში დიდი ბრიტანეთის მიერ მათთვის დამოუკიდებელი სატრანსპორტო საშუალების სტატუსის მინიჭების შესახებ ვისაუბრეთ. ამჯერად კი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გავეცნოთ.

ფოტო: Razor

Jeep-მა და Razor-მა ერთობლივი ძალისხმევით Off-Road-ელექტროსკუტერი შექმნეს. ანუ ნაცვლად ასფალტიანი გზებისა და პარკებისა, თქვენ ელექტროსკუტერებით გადაადგილებას უკვე არასწორ რელიეფზე და გრუნტიან გზაზეც შეძლებთ. ახალი RX200 ისეთივე სწრაფი არ იქნება, როგორიც სხვა 20კმ/სთ სიჩქარის მქონე ელექტროსკუტერები, თუმცა მისი პნევმატური, 8-ინჩიანი საბურავები უსწორმასწორო რელიეფზე გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.

ახალი RX200-ის შეძენას მომხმარებლები Amazon-სა და Razor-ის ოფიციალურ ბგვერდზე 499 აშშ დოლარად შეძლებენ.

გალიუმის ნიტრიდის უახლესი ტექნოლოგია შესაძლოა ელექტრომობილებს სამჯერ უფრო სწრაფად დამუხტვაში დაეხმაროს

სწრაფი ტელეფონის დამტენების ტექნოლოგიის მწარმოებელი კომპანიის, Navitas Semiconductor-ის ახალი სამიზნე ელექტრომობილების დამტენი ტექნოლოგია გახლავთ. Navitas-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯინ შერიდანის განცხადებით, კომპანია მსგავს ტექნოლოგიას ელექტრომობილების დასატენად გამოიყენებს. „ის, რასაც ვაკეთებთ 50 ვატის დახმარებით ტელეფონებსა და ტაბლეტებზე, შეგვიძლია გავაკეთოთ 5000 ან 20000 ვატის დახმარებით თქვენი ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტად“.

ფოტო: Mark Blinch | Reuters

Navitas-ის ტექნოლოგიის დახმარებით კი მომხმარებელი საკუთარი ელექტრომობილის დატენვას სახლში სამჯერ უფრო ნაკლებ დროში შეძლებს.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ თუკი ტექნოლოგიას უშუალოდ ავტომობილის შექმნისას გამოიყენებენ, ეს მის რესურსს 30%-ით გაზრდის, ან ელემენტების ზომას 30%-ით შეამცირებს. ორივე შემთხვევაში უპირატესობა აშკარაა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდი ალბათობით მსგავს ტექნოლოგიას ახალ ელექტრომობილებში 2025 წლამდე ვერ ვიხილავთ.

Navitas-ის საიდუმლო მის ტექნოლოგიაში, გალიუმის ნიტრიდშია. გალიუმის გამოყენება ამდენი ხნის განმავლობაში არც ისე ფართო იყო. ამიერიდან კი, ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ეს შესაძლოა შეიცვალოს. გალიუმის აზოტთან დაკავშირებით კი მიიღება ნაერთი, რომელიც ელექტრომობილების დამტენი პუნქტების ნახევარგამტარებში შეიძლება გამოვიყენოთ. მისი დახმარებით შექმნილი ნახევარგამტარი 20-ჯერ უფრო სწრაფად ფუნქციონირებს, ვიდრე სილიკონის, შეუძლია 3-ჯერ მეტი ენერგიის გატარება და 3-ჯერ უფრო სწრაფად დამუხტვა.

ტექნოლოგია ჯერჯერობით ძალიან ახალი და ძვირია, ამიტომ ის ფართოდ გავრცელებული არ არის. გარდა ამისა, მის გამოსაყენებლად  მომხმარებლებს უკვე არსებული დამტენი პუნქტების თავიდან გადაწყობაც მოუწევთ, რაც ასევე დისკომფორტთან არის დაკავშირებული. თუმცა, დანახარჯების შემცირებისა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მისი რესურსის სრულად ათვისებაც შესაძლებელია.