რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთში ოპერირებაზე უარი არაერთმა ცნობილმა თუ ნაკლებად ცნობილმა ავტომწარმოებელმა თქვა. რუსეთისათვის მიყენებული ეკონომიკური დარტყმებისათვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ადგილობრივი ავტომწარმოებლებიც კი ტექნოლოგიურად უცხოურ ავტოკომპანიებზე არიან დამოკიდებულნი. პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები ელექტროინდუსტრიის განვითარებისათვის მორიგ ქმედით ნაბიჯებს დგამენ. რუსეთის ბაზრიდან გასული ავტომწარმოებლების ჩამონათვალი, Sony-სა და Honda-ს თანამშრომლობა, Tesla-ს გერმანული საწარმოს ბედი, Hyundai-ს მორიგი ინვესტიცია ელექტრომობილების ინდუსტრიაში – გაეცანით ამ და სხვა სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ავტობლოგში.
ავტომწარმოებლების ჩამონათვალი, რომელთაც რუსეთში ოპერირება შეწყვიტეს
რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო კომპანიების პროტესტს ავტომწარმოებლებიც შეუერთდნენ. რუსეთში და რუსეთიდან კონტეინერების გადაზიდვა მსოფლიოს გიგანტმა გადამზიდმა და ლოგისტიკურმა კომპანიებმა MSC-მა და Maersk-მაც შეაჩერეს. მიწოდების ჯაჭვის შეწყვეტის გამო კი ავტომწარმოებლებს წარმოების შეფერხებაც მოუწიათ.
ბოლო ინფორმაციით, რუსეთში საკუთარი ბიზნესწარმოება გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა შეაჩერა. Volkswagen-მა კალუგისა და ნიჟნი ნოვგოროდის საწარმოებში ავტომობილების წარმოება დროებით შეწყვიტა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო Toyota Motor Corporation-მაც. ამ უკანასკნელს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ერთადერთი საწარმო აქვს, სადაც რუსეთის ბაზრისათვის Rav4 და Camry მოდელები იწარმოება.
საინტერესოა, რომ რუსეთში ოპერირებაზე უარი Daimler Truck-მაც თქვა. გერმანულ ავტომწარმოებელს რუსულ Kamaz-თან საერთო საწარმოც აკავშირებს. კომპანიის გადაწყვეტილებით კი Daimler-ი ამ ბიზნესიდანაც გადის. Mercedes Benz-ი Kamaz-ში 15%-იან წილს ყიდის.
საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს შვედურმა Volvo-მ და ამერიკულმა Ford-მაც. რუსეთში საკუთარ საწარმოებში ოპერაციებს აჩერებს ბაზრის წილის ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელი ფრანგული Renault-ც. ფრანგულ ავტოწარმოებელზე რუსეთში ავტომწარმოების 40% მოდის.
რაც შეეხება სამხრეთკორეულ Hyundai-ს, ის პეტერბურგის საწარმოში ყოველწლიურად 230 000 ერთეულ ავტომობილს აწარმოებს. კომპანიის განცხადებით კი მან მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო 1-დან 5 მარტამდე წარმოება შეაჩერა, თუმცა ამ კვირიდან კვლავ განაახლა. ამ თემაზე კი ვრცლად ოდნავ ქვემოთაც ვისაუბრებთ.
მიწოდების სიმცირის გამო წარმოებას დროებით ჩეხური Skoda-ც აჩერებს. თუმცა, კომპანიის განცხადებით, რუსეთში არსებული ოპერაციები კვლავ შეუფერხებლად მიმდინარეობს. ცნობისათვის, რუსეთი Skoda-სთვის შარშან მეორე ყველაზე დიდ ბაზარს წარმოადგენდა.
რუსეთში ავტომობილების ექსპორტზე უარი თქვა ამერიკულმა General Motors-მა და შვედურმა Volvo-მ. მსგავს შეზღუდვას შეუერთდა გერმანული BMW-ც. სავაჭრო პრობლემების გამო რუსეთში საკუთარი ტრანსპორტის ექსპორტი ბრიტანულმა Jaguar-მა და Aston Martin-მაც შეაჩერეს.
როგორც ხედავთ, სია საკმაოდ დიდი და შეიძლება ითქვას, ყოვლისმომცველიცაა. თუმცა საინტერესოა, ავტომწარმოებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენად ხანგრძლივი იქნება. ეჭვგარეშეა, რომ გადაწყვეტილება მათ შემოსავლებზე დიდ გავლენას მოახდენს.
Sony და Honda ელექტრომანქანებზე ერთად იმუშავებენ
ორი იაპონური გიგანტი, Sony და Honda ერთობლივი წარმოების ელექტრომანქანებს გამოუშვებენ – პარტნიორობის გასამყარებლად იაპონურმა კომპანიებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელზე დაყრდნობითაც ირკვევა, რომ ელექტრომანქანების ბიზნესში ისინი ერთობლივი საწარმოს ფორმატში შევლენ. როგორც მოსალოდნელია, ახალი კომპანია წელს დარეგისტრირდება, თუმცა პირველი ელექტრომანქანა ბაზარზე მხოლოდ 2025 წელს გამოჩნდება.
პარტნიორობის ფარგლებში, ელექტრომანქანის პირველ მოდელზე, მათ შორის მის დიზაინზე, განვითარებასა და გაყიდვაზე Honda იზრუნებს, ხოლო Sony – მობილურ-სენსორულ პლატფორმას შექმნის. ამგვარად, ერთობლივ საწარმოდ დარეგისტრირებული კომპანია გამოიყენებს, როგორც Honda-ს მანქანათწარმოებასა და მარკეტინგში დაგროვილ ექსპერტულ ცოდნას, ასევე Sony-ის სენსორულ, ტელესაკომუნიკაციო და გართობის ინდუსტრიებში არსებულ შესაძლებლობებს.
„Sony-ის მიზანია, რომ კრეატიულობითა და ტექნოლოგიით, სამყარო ემოციით აღავსოს“, – ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კენიჩირო იოშიდამ განაცხადა. „Honda-სთან შემდგარი ალიანსით – კომპანიასთან, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში, საავტომობილო ინდუსტრიაში გლობალური მასშტაბის უსაზღვრო ექსპერტული ცოდნა დააგროვა და ამ სფეროში რევოლუციურ განვითარებას დღესაც აგრძელებს, გვსურს, რომ ჩვენი ხედვა – მობილობის ემოციურ გამოცდილებად გარდაქმნა – რეალობად ვაქციოთ“.
მსგავსი პათოსის კომენტარი გაავრცელა Honda-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტოშიჰირო მიბემ: „ახალი კომპანიის მიზანი ინოვაციისა და ევოლუციის წინა ხაზზე დგომა და მობილობის გლობალური ექსპანსია იქნება – ამას კი, ამბიციური მიდგომით ვაპირებთ, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებსა და წარმოსახვის უნარს გასცდება“.
აღსანიშნავია, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში შესვლის სურვილი Sony-მ ჯერ კიდევ 2020 წელს დაადასტურა, როცა იმ წლის CES-ზე ელექტრომანქანის კონცეპტუალური მოდელი, Vision-S-ი წარმოადგინა. ორი წლის შემდეგ, Sony-მ კიდევ ერთი ელექტრომანქანა, Vision-S 02-ი წარმოადგინა.
Hyundai-ს ინფორმაცია არა აქვს, როდის გააგრძელებენ რუსული საწარმოები ფუნქციონირებას
სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა, Hyundai Motor Co-მ გასულ კვირას მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო რუსეთში საკუთარი საწარმოების ფუნქციონირება შეაჩერა. კომპონენტების მიწოდების პრობლემის გამო პეტერბურგში Hyundai-ს საწარმოები 1 მარტიდან შეჩერდნენ.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Hyundai Motor-ი უკრაინაში შექმნილი ვითარებით ძალიან დამწუხრებულია. „მიმდინარე გლობალური ლოგისტიკური პრობლემების გამო კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებით, კომპანიის ოპერირება რუსულ ბაზარზე ჯერჯერობით შეჩერებულია“, – აცხადებენ კომპანიაში.
„ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და მომხმარებლებზე ზრუნვა Hyundai Motor-ის უმთავრესი მიზანია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გადაიჭრება მშვიდობიანად“.
ცნობისათვის, სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი მსოფლიოს ათ უდიდეს ავტომწარმოებელს შორისაა. ის ყოველწლიურად რუსეთში 200 000 ერთეულ ავტომობილს აწარმოებს. ეს კი მისი გლობალური წარმოების ტევადობის 4%-ს შეადგენს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსხვავებით სხვა უამრავი ავტომწარმოებლისაგან, Hyundai-ს რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კომპანიის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, შეზღუდვებზე მიერთებას სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი არ აპირებს. თუმცა, ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, თუ როდის განაახლებს Hyundai-ს საწარმო პეტერბურგში ფუნქციონირებას.
Tesla-ს გიგაქარხანას გერმანიაში როგორც იქნა მწვანე შუქი აუნთეს
რამდენიმეთვიანი მცდელობის შემდეგ, Tesla-ს ბერლინის გიგაქარხანას ფუნქციონირებისათვის მწვანე შუქი აუნთეს. საწარმოს ღირებულება 5.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობისაა და ის Tesla-ს ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა იქნება. წესით, აღნიშნული საწარმო გასულ ზაფხულს უნდა გახსნილიყო, თუმცა მარეგულირებლების გამო მისი გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ბერლინის ქარხანას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის აზრით, გარდამტეხი როლი ექნება ევროპის ბაზარზე ელექტრომობილების ინდუსტრიაში Volkswagen-თან კონკურენციაში.
გერმანიის უმსხვილეს ავტომწარმოებელს ევროპის ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვების ყველაზე დიდი, 25%-იანი წილი აქვს. Tesla-ს ავტომობილებს კი ამავე ბაზარზე მხოლოდ 13%-იანი წილი აქვთ. ილონ მასკის მიზანია, Volkswagen-ის ჰეგემონია ევროპის ბაზარზე ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებლის უპირატესობით ჩაანაცვლოს.
გერმანიის ოფიციალური პირების მოსაზრებით, ბერლინის გიგაქარხანა გერმანიისთვის და მთლიანად რეგიონისათვის მთავარი ინდუსტრიული და ტექნოლოგიური კატალიზატორი იქნება. ქარხანაში წინასწარი მონაცემებით 12 000 ადამიანი დასაქმდება. მათგან 2 600 თანამშრომელი კი უკვე აიყვანეს. რაც შეეხება რესურსებს, Tesla მასალებისათვის მოლაპარაკებებს ძირითადად ადგილობრივ მომწოდებლებთან აწარმოებს, რათა ტრანსპორტირების დრო და ხარჯები მაქსიმალურად შემცირდეს.
Tesla-ს სიახლეების მოსმენის შემდეგ, საკუთარი ნაბიჯი Volkswagen-მაც გადადგა. გასულ კვირას გერმანულმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ვოლფსბურგში 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქარხანას გახსნის, რომელიც სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე იქნება კონცენტრირებული.
რუსეთის უდიდესი ავტომწარმოებელი წარმოებას დროებით აჩერებს
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის უმსხვილესი ავტომწარმოებელი, Avtovaz-ი, ტოლიატისა და იჟევსკის საწარმოების ფუნქციონირებას 4 დღით აჩერებს. საწარმოს ოპერაციები 5 მარტს უკვე შეჩერდა, შემდეგი დღეები კი 9, 10 და 11 მარტი იქნება. მიზეზი ელექტრონული კომპონენტების მიწოდების პრობლემები გახლავთ.
ცნობისათვის, Avtovaz-ს ფრანგული ავტომწარმოებელი Renault აკონტროლებს, რომელსაც წარმოების პროცესის გაჩერება თავადაც მოუხდა.
ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ იმ ავტომწარმოებლების შესახებ, რომლებიც რუსულ ბაზარს ტოვებენ. თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემები ადგილობრივ წარმოებაშიც იქმნება. რუსეთისათვის დაწესებული სანქციები მათ შორის ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიებისა და ნახევარგამტარების ექსპორტსაც კრძალავს, რაც რუსულ ავტოწარმოებას დიდ პრობლემებს შეუქმნის.
შესაძლოა, ზოგიერთ ადგილობრივ მწარმოებელს მარაგები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეყოს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მათ ფუნქციონირება ძალიან გაუჭირდებათ. სამართლიანობისთვისვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული წარმოების ავტომობილები დიდი ტექნოლოგიური პიონერობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა ახლა იმის გაკეთების შესაძლებლობაც არ ექნებათ, რაც წარსულში შეეძლოთ.
2030 წლისათვის Stellantis-ი საკუთარი შემოსავლების გაორმაგებას გეგმავს
ამერიკული ავტომწარმოებელი Stellantis-ი 2030 წლისათვის საკუთარი შემოსავლების გაორმაგებას გეგმავს. კომპანიას სურს, ამ დროისათვის ყოველწლიურად 335 მილიარდი აშშ დოლარი მიიღოს. გარდა ამისა, კომპანია მარჟის გაზრდასაც გეგმავს. Stellantis-ის გეგმები სრულად ელექტროინდუსტრიულ მომავალთან არის დაკავშირებული.
მსოფლიოს მეოთხე ყველაზე მსხვილმა ავტომწარმოებელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ 2030 წლისათვის კომპანიას 75 ელექტრომობილი ეყოლება და ყოველწლიურად 5 მილიონ ერთეულ ავტომობილს გაყიდის.
რასაკვირველია, ყველა სხვა დიდი ავტომწარმოებლის მსგავსად Stellantis-იც გარდამავალ ფაზაში იმყოფება. კომპანიისათვის შიდაწვის ძრავიდან ელექტროძრავებზე გადასვლა დიდი გამოწვევაა. მოგეხსენებათ, თვითმართვადი ავტომობილების წარმოება და ტექნოლოგიური პროგრესი დიდ სირთულესთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს.
გარდა ამისა, Stellantis-ს უდიდეს კონკურენტებთან მოუწევს დაპირისპირება, რაც კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა. შეიძლება ითქვას, რომ ავტომწარმოებელი ელექტროინდუსტრიაში ახლა აბიჯებს, Tesla-ს, GM-სა და Ford-ს კი აქ თავი უკვე დიდი ხნის დამკვიდრებული აქვთ. შესაბამისად, თუკი Stellantis-ის ხელმძღვანელობას პრეტენზია მოწინავეობაზე აქვს, ბევრი შრომა მოუწევთ.
კომპანია თითოეული ბაზრისათვის ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს. Stellantis-ი დიდ იმედებს ამყარებს ჩინეთის და ზოგადად აზიურ ბაზარზე. ეს უკანასკნელი ყველა მსხვილი ავტომწარმოებლისათვის დიდი პოტენციალის მქონე ბაზარია.