გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად რუსული ბაზარი უკვე თითქმის ყველა მსხვილმა ავტომწარმოებელმა დატოვა. ამ სიას გასულ კვირას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტობრენდი, Renault-ც შეუერთდა. რუსული ადგილობრივი ავტოწარმოება ამ უკანასკნელზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული. ამიტომ ქვეყანას პრობლემები ამ ინდუსტრიაშიც შეექმნება. პარალელურად, Tesla-ს ბერლინის გიგაქარხანაც გაიხსნა, რაც ავტოინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენის ტოლფასი სიახლეა. გარდა ამისა, რამდენიმე ავტომწარმოებელმა ახალი ავტომობილებიც წარადგინეს. ამ და სხვა სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ავტობლოგში გაეცნობით.

Lamborghini-ს CEO: კომპანიას რუსეთში დაკარგული გაყიდვების კომპენსაცია სხვა ბაზრებზეც შეუძლია

იტალიური მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი Lamborghini-ს აღმასრულებელი დირექტორის, სტივენ ვინკელმანის, განცხადებით, კომპანია მარტივად აინაზღაურებს რუსეთის ბაზრიდან გასვლით გამოწვეულ გაყიდვების კლებას. ვინკელმანის მონაცემებით, გასულ წელს კომპანიამ რუსეთში რეკორდული რაოდენობის – 200 ავტომობილი გაყიდა. მსოფლიო მასშტაბით კი გასულ წელს ასევე რეკორდული 8 405 ერთეული მდიდრული ავტომობილი გაიყიდა.

REUTERS/Michael Fiala/File Photo

„იმ ავტომობილებს, რომლებიც წელს რუსული ბაზრისთვის უნდა გვეწარმოებინა, სხვა ბაზრები აითვისებენ“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

კომპანიის CEO-ს განცხადებით, Lamborghini დააკვირდება უკრაინაში მოვლენების განვითარებას. თუმცა, თუკი უახლოს პერიოდში არაფერი შეიცვლება, დიდი მოთხოვნის გამო კომპანიას არ გაუჭირდება პრობლემის აღმოფხვრა.

შეგახსენებთ, რომ Lamborgini საკუთარი მომხმარებლებისათვის ჰიბრიდული მოდელების შეთავაზებას მომავალი წლიდან გეგმავს. საკუთარი მთლიანი საწარმოო ხაზის – Huracan-ის, Aventador-ისა და Urus-ის დამუხტვად ჰიბრიდულ მოდელებად ქცევას კი კომპანია 2024-2025 წლებში აპირებს.

რაც შეეხება სრულად ელექტრო მოდელს, კომპანია პირველი ელექტრომობილის გამოშვებას ათწლეულის მეორე ნახევარში აანონსებს. ვინკელმანის ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი კომპანიის ისტორიულ სათავო ოფისში, ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლონიასთან ახლოს აიწყობა.

გარდა ამისა, წელს ავტომწარმოებელი Huracan-ისა და Urus-ის ახალ მოდელებსაც წარადგენს. გასულ წელს კომპანიის მოგების მარჟამ 20% შეადგინა. სამიზნე მარჟა კი 22-25%-ს წარმოადგენდა.

Maserati-მ ახალი SUV, Grecale-ი წარადგინა | მის ელექტროვერსიას მომავალ წელს ვიხილავთ

გასულ ხუთშაბათს იტალიურმა მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა, Maserati-მ ახალი SUV-ი, Grecale წარადგინა. კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი საწარმოო ხაზის გამრავალფეროვნებისაკენ, რაც ავტომწარმოებლის ახალ სტრატეგიას წარმოადგენს. აღნიშნული ახალი მოდელი ავტომწარმოებელს ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა წარედგინა, თუმცა ჩიპების დეფიციტის გამო პროცესი ამ დრომდე გადაიდო.

Maserati/Handout via REUTERS

Stellantis-ის მფლობელობაში მყოფი Maserati-ს განცხადებით, ახალი Grecale  მიმდინარე წლის მეორე ნახევარში სამი სხვადასხვა ოფციით იქნება ხელმისაწვდომი. აქედან ორი – 300 და 330 ცხენის ძალის მქონე 4-ცილინდრიანი ჰიბრიდული მოდელი, ერთი კი 530 ცხენის ძალის მქონე 6-ცილინდრიანი მოდელი იქნება. ამ უკანასკნელის მაქსიმალური სიჩქარე 285 კმ/სთ-ს წარმოადგენს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დავიდე გრასოს ინფორმაციით, ავტომობილების მიწოდება ზაფხულიდან დაიწყება. პირველად კომპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ბაზარს აითვისებს, შემდეგ კი ახალი Grecale-ს შეძენა შეერთებულ შტატებშიც შეეძლებათ.

ახალი SUV-ის ფასი 81 000 აშშ დოლარიდან დაიწყება და სხვადასხვა კომპლექტაციის მიხედვით 122 000 აშშ დოლამდე მიაღწევს. Grecale ისეთ ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას, როგორიც Porsche Cayenne-ი და Macan-ი, Mercedes GLE, BMW X5-ი და Land Rover Discovery-ია.

ავტომობილის სრულად ელექტრო ვერსია ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან იქნება, რითაც კონკურენტების სიას Tesla-ც შეემატება. ცნობისათვის, კომპანია 2025 წლისათვის საკუთარი MC20 მოდელის გაელექტროებასაც გეგმავს. სრულად ელექტრო საწარმოო ხაზზე კი ავტომწარმოებელი 2030 წელს გადავა.

Ford-ის F-150 პიკაპს ერთი დამუხტვით Rivian-ის ელექტროპიკაპზე მეტი მანძილის გავლა შეეძლება

გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის Ford-ის F-150 Lightning მოდელს ერთი სრული დამუხტვით 515 კილომეტრის გავლა შეეძლება. Ford-ის ახალი პიკაპის შესაძლებლობა თავად კომპანიის პროგნოზსაც გასცდა. ის 32 კილომეტრით უფრო მეტის გავლას შეძლებს, ვიდრე ავტომწარმოებელი მოელოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ F-150-მა მისი პირდაპირი კონკურენტი Rivian-ის R1T ელექტროპიკაპი ჩამოიტოვა. თუმცა მან GMC-ის ელექტროჰამერის შესაძლებლობებს მაინც ვერ აჯობა.

Ford

შეგახსენებთ, რომ Rivian-ის ელექტროპიკაპს ერთი სრული დამუხტვით 505 კილომეტრის გავლა შეუძლია,  GMC-ის ელექტრო Hummer-ს კი – 530 კილომეტრისა. საინტერესოა ისიც, რომ  კომპანიამ უახლოეს პერიოდში ამ ორი უკანასკნელის კიდევ უფრო გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ელექტრომობილების წარდგენა დააანონსა.

მიუხედავად იმისა, რომ F-150 ელექტროპიკაპი ჰამერზე რამდენიმე კილომეტრით ნაკლების გავლას შეძლებს, ის ბევრად უფრო ენერგოეფექტიანია თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ როგორი ელექტროძრავის გამოყენებას გადაწყვეტს მწარმოებელი საბოლოო ვარიანტში.

Ford-ი ახალი ელექტროპიკაპების წარმოებას მალე დაიწყებს. მისი ღირებულების დიაპაზონი კი 40 000 აშშ დოლარიდან 90 000 აშშ დოლარამდე იქნება.

ბერლინის გიგაქარხნის გახსნა ილონ მასკმა ცეკვით აღნიშნა | რას შეცვლის Tesla-ს ევროპული საწარმო

ახლახან Tesla-მ გერმანიაში საკუთარი პირველი ევროპული საწარმოო ჰაბი გახსნა. $5.5-მილიარდიანი ქარხნის გახსნას Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, დიდი სიხარულით შეხვდა და წარმატება ცეკვითაც აღნიშნა. ბერლინის გიგაქარხანაში წარმოებული Model Y-ების გადაცემის პროცესს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი თავად დაესწრო და პირველ ეგზემპლარზე საკუთარი ხელმოწერაც დატოვა.

Reuters

30 მომხმარებელი საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად ხმამაღალი მუსიკის ფონზე უყურებდა ქარხნის გახსნით აჟიტირებული ილონ მასკის ცეკვასა და პუბლიკასთან ხუმრობას. „ეს უდიდესი დღეა საწარმოსათვის, კიდევ ერთი ნაბიჯი განვითარებადი მომავლის მიმართულებით“.

სფეროს ექსპერტების მოლოდინით, ბერლინში Tesla-ს საწარმოს გახსნა ინდუსტრიაში ბევრ რამეს შეცვლის. კომპანიას ქარხნის გასახსნელად ბრძოლა დიდხანს მოუწია. მარეგულირებელი ორგანოებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების გამო პროცესი დაახლოებით 8 თვით გაჭიანურდა.

დიდი ამბიციების მქონე Tesla ევროპულ ბაზარზე, როგორც იქნა, შევიდა. ახლა კი მისთვის რეგიონში ფეხის მოკიდება ბევრად უფრო მარტივი იქნება. კომპანიისათვის მნიშვნელოვნად გამარტივდება ლოგისტიკური საკითხებიც. აქამდე ევროპული შეკვეთებისათვის Tesla ავტომობილებს შანხაის საწარმოდან გზავნიდა, რაც ტრანსპორტირების ხარჯებსაც ზრდიდა. ახლა კი ყველაფერი ერთ კონტინენტზე იქნება მობილიზებული. ეს საკითხი კონკურენტებისათვის საქმეს ართულებს. მოგეხსენებათ, Volkswagen-ი ევროპულ ბაზარზე ელექტრომობილების ინდუსტრიაში დომინაციას გეგმავს, Tesla-ს ადგილობრივი წარმოება კი ამ მიზნის მიღწევას გაართულებს.

ამჟამად ევროპაში ელექტრომობილების ბაზრის 25%-ს სწორედ გერმანული ავტომწარმოებელი ფლობს. გაყიდული ელექტრომობილების 13% კი Tesla-ზე მოდის. JPMorgan-ის პროგნოზით, Tesla-ს გიგაქარხანა 2022 წელს 54 000 ავტომობილს აწარმოებს, 2023 წელს  – 280 000-ს, ხოლო 2025 წლისათვის 500 000 ერთეული ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს.

საწარმო ახალ შეკვეთებს უკვე აპრილიდან მიიღებს. 12000 პოტენციური თანამშრომლიდან კი 3000 უკვე დაქირავებულია.

Apple-ის ციფრული მანქანის გასაღების ფუნქციის გამოყენება Hyundai-ს ზოგიერთ მოდელზეც იქნება შესაძლებელი

2020 წელს Apple-ის საკმაოდ საინტერესო ფუნქციის, ციფრული მანქანის გასაღების გამოშვებიდან, აღნიშნული პრივილეგიით სარგებლობა მხოლოდ BMW-ის ბრენდის ავტომობილებზე შეიძლებოდა. იანვარში გავრცელებული ინფორმაციით კი ამერიკული Apple-ი უახლოეს პერიოდში Hyundai-სთან თანამშრომლობას დაიწყებდა და Genesis-ის  მოდელებზე ზაფხულიდან მანქანის ციფრული გასაღების ფუნქციას შემოგვთავაზებდა. როგორც ჩანს, კომპანიები თანამშრომლობაზე იმაზე სწრაფად შეთანხმდნენ, ვიდრე დაანონსებული იყო.

BMW

Apple-მა საკუთარი CarPlay ვებგვერდის განახლების შემდეგ ფუნქციონალით სარგებლობის შესაძლებლობა 2022 წლის Hyundai Genesis GV60 და G90 მოდელებისა და 2022 წლის KIA Niro მოდელების მძღოლებს მისცა. ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნულ მოდელებზე ციფრული გასაღების ოფციით სარგებლობაც შესაძლებელია თუ არა.

KIA-ს პრესსპიკერის განცხადებით, კომპანიას მანქანის ციფრული გასაღების შესაძლებლობაზე უფრო მეტი ინფორმაცია უახლოეს პერიოდში ექნება.

ცნობისათვის, ავტომობილის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა სმარტფონების დახმარებით უკვე არაერთმა ავტომწარმოებელმა შემოგვთავაზა. თუმცა Apple-ის ციფრული გასაღები სრულიად სხვა განზომილებაა. ეს ფუნქციონალი თქვენს iPhone-სა და Apple-ის საათს ფიზიკურ გასაღებად აქცევს.

ასეთი ფუნქციით სარგებლობისას საკმარისია, თქვენი ტელეფონი ან საათი კარის სახელურთან ახლოს მიიტანოთ და ის მაშინვე გაიღება. Apple-ის ახალი მოდელებისათვის კი უკვე ტელეფონის ჯიბიდან ამოღებაც კი აღარ იქნება საჭირო.

Nikola-მ საკუთარი პირველი სრულად ელექტროსატვირთო ავტომობილის წარმოება დაიწყო

მძიმე ელექტროსატვირთოების მწარმოებელმა სტარტაპმა Nikola-მ გასულ კვირას საკუთარი პირველი სრულად ელექტრო ნახევრადსატვირთოს, Tre-ს, წარმოება დაიწყო. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ელექტროსატვირთო არიზონის საწარმოში აიწყობა.

Nikola Motor Company

ანალიტიკოსებისთვის განკუთვნილი პრეზენტაციისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ელექტროსატვირთოების საკუთარი მომხმარებლებისათვის მიწოდება მეორე კვარტალში დაიწყება. შეგახსენებთ, რომ წარმოება მხოლოდ გასულ ორშაბათს დაიწყო.

საინტერესოა, რომ სიახლის საზოგადოებისათვის გაცნობის შემდეგ, Nikola-ს აქციათა ფასები 4%-ით გაიზარდა. ელექტრო ნახევარსატვირთოს, Tre-ს ძირითადი ფუნქცია ტვირთების მოკლე მანძილზე გადატანა იქნება. Nikola-ს ელექტროსატვირთოებს ერთი სრული დამუხტვით მხოლოდ 560 კილომეტრის გავლა შეეძლებათ, რაც ტვირთების გადასატანად ძალიან მცირე მანძილს წარმოადგენს.

კომპანია წელს 300-დან 500-მდე ამგვარი ელექტროსატვირთოს წარმოებას გეგმავს. მომავალი წლიდან კი წარმოების უფრო მძლავრ რეჟიმზე გადაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ინვესტორები Nikola-ზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. შესაბამისად, მისი აქციათა ფასებიც ძალიან მზარდი იყო. თუმცა ყოფილ აღმასრულებელ დირექტორთან დაკავშირებულმა თაღლითობის ამბავმა კომპანიაზე ცუდი გავლენა იქონია.

სამომავლოდ Nikola წარმოებაში წყალბადზე მომუშავე სატვირთოების ჩაშვებასაც გეგმავს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაამართლებს მათი ამჟამინდელი Tre მოდელი.

Stellantis-ი და LG-ი კანადურ ელექტროსაწარმოში 4.1 მლრდ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ

ამერიკული ავტომწარმოებელი Stellantis-ი და LG-ის ენერგოგადაწყვეტების დანაყოფი ელექტრომობილების ერთობლივ საწარმოში 4.1 მილიარდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებენ. კომპანიების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადებით, ეს იქნება პირველი სრული დატვირთვის, ელექტრომობილების მწარმოებელი ადგილობრივი საწარმო, რომელიც კანადაში გაიხსნება.

Alex Wong | Getty Images

საწარმოს აშენება ონტარიოში მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება. თავად ქარხანა კი ფუნქციონირებას 2024 წლიდან დაიწყებს. მას შემდეგ, რაც საწარმო სრული დატვირთით ამუშავდება, მისი წლიური წარმოების მოცულობა 45 გიგავატ საათზე მეტი იქნება. გარდა ამისა, კომპანიები დამატებით 2 500 სამუშაო ადგილს შექმნიან.

აღნიშნული საწარმოს გახსნა Stellantis-ის ახალი სტრატეგიის ნაწილია. კომპანია 2030 წლისათვის ყოველწლიურად 5 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს. თითქმის ყველა სხვა ავტომწარმოებლის მსგავსად სრულად ელექტროსაწარმოო ხაზზე გადასვლას Stellantis-იც 2030 წლისათვის გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ Stellantis-ი მსოფლიოში მეოთხე ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელია და ისეთ ავტობრენდებს აერთიანებს, როგორიც Alfa Romeo, Chrysler-ი, Dodge-ი, Fiat-ი, Jeep-ი და Peugeot არიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *