გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ HBO „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟ ჯონ სნოუზე სერიალს გამოუშვებს. „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა კი ნობელის მედალი აუქციონზე $103.5 მილიონად გაყიდა – ამ თანხით ის უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს დაეხმარება. ასევე ცნობილი გახდა, რომ ფრენსის ბეკონის ნამუშევარი მიმდინარე თვეში შესაძლოა, Sotheby’s-ის აუქციონზე $42 მილიონად გაიყიდოს.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ჰარი სტაილზმა Gucci-სთან ერთად 70-იანი წლებით შთაგონებული ტანსაცმლის კოლექცია შექმნა; ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) კი განაცხადა, რომ უკრაინა 2023 წელს ევროვიზიის მასპინძლობას ვერ შეძლებს. ამის პარალელურად, კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენით იზარალეს ევროპულმა კინოთეატრებმა კორონავირუსის პანდემიის გამო.

მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

HBO „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟ ჯონ სნოუზე სერიალს გამოუშვებს

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, HBO პოპულარული სატელევიზიო შოუს, „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟ ჯონ სნოუს შესახებ სერიალს გამოუშვებს. მისივე ცნობით, ახალ სერიალში სნოუს როლს კვლავ კიტ ჰარინგტონი შეასრულებს. როგორც The Hollywood Reporter-ი იუწყება, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, „სამეფო კარის თამაშებში“ შესრულებული როლისთვის კიტ ჰარინგტონი Emmy-ზე ორჯერ იყო ნომინირებული. პოპულარული სერიალის რვა სეზონის გადაღების დასრულების შემდეგ ჰარინგტონი Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში გამოჩნდა – ამერიკელმა მსახიობმა 2021 წელს გამოსულ ფილმ „Eternals“-ში მიიღო მონაწილეობა. $200-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კინოსურათმა შემოსავლის კუთხით არც ისე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა – მან მსოფლიო კინოთეატრების სალაროებიდან საერთო ჯამში $402 მილიონზე ოდნავ მეტი თანხა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ HBO-მ „სამეფო კარის თამაშებით“ შთაგონებული კიდევ რამდენიმე სერიალი დააანონსა. მათ შორის ერთ-ერთის, „House of the Dragon“-ის დებიუტი 21 აგვისტოს შედგება.

ფრენსის ბეკონის ნამუშევარი შესაძლოა, აუქციონზე $42 მილიონად გაიყიდოს

ირლანდიაში დაბადებული ფერმწერის, ფრენსის ბეკონის ნამუშევარი, სახელწოდებით „Study for Portrait of Lucian Freud“ შესაძლოა, მიმდინარე თვეში ლონდონში დაგეგმილ Sotheby’s-ის აუქციონზე 42 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდოს.

ხელოვნების ნიმუში 1964 წელს არის შექმნილი. ის დიდი ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. თითოეულ ტილოზე ბრიტანელი მხატვარი ლუსიენ ფროიდია დახატული, რომელიც ერთ დროს ბეკონის მეგობარი იყო, თუმცა მოგვიანებით, 1980-იანი წლების შუა პერიოდში, მის მტრად იქცა.

1965 წელს, დასრულებიდან მალევე, სამივე ნამუშევარი სტოკჰოლმსა და ჰამბურგში გამოიფინა. ამჟამად ერთ-ერთი ტილო იერუსალიმის მუზეუმს ეკუთვნის, მეორე კი კერძო კოლექციაში ინახება.

ფოტო: SOTHEBY’S

ბეკონის ნამუშევრები აუქციონებზე საკმაოდ ძვირად იყიდება, ზოგჯერ კი წინასწარ შეფასებულ თანხაზე გაცილებით მაღალ ფასად. მაგალითად, 2020 წელს, ფერმწერის მიერ 1981 წელს შესრულებული ნამუშევარი, სახელწოდებით „Triptych Inspired by the Oresteia of Aeschylus“ აუქციონზე 84 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ხელოვნების ნიმუში გაყიდვამდე 60-დან 80 მილიონ აშშ დოლარამდე იყო შეფასებული.

2013 წელს კი ლუსიენ ფროიდით შთაგონებული კიდევ ერთი ტრიპტიქი 142 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. შედეგად მან აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრის ტიტული მოიპოვა. ახლა ამ სტატუსს ლეონარდო და ვინჩის  ფერწერული ტილო Salvator Mundi“ ატარებს – 2017 წელს ის 450 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

დმიტრი მურატოვმა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ნობელის მედალი აუქციონზე გაყიდა

რუსმა ჟურნალისტმა და გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა ნობელის პრემიის ჯილდო, 23-კარატიანი ოქროს მედალი აუქციონზე 103.5 მილიონი აშშ დოლარად გაყიდა. მიღებული თანხით ის ომის გამო უკრაინიდან ლტოლვილ ბავშვებს დაეხმარება.

ჯილდო, რომელიც დმიტრი მურატოვს გასულ წელს მშვიდობის დარგში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის“ გადაეცა, გაეროს ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით Heritage Auctions-ის ონლაინპორტალზე გამართულ აუქციონზე გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ძვირად ღირებული ნობელის მედალია, რომელიც აუქციონზე ოდესმე გაყიდულა.

ცნობისთვის, წინა რეკორდი მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მომუშავე მეცნიერის, ამერიკელი ჯეიმს უოტსონის ჯილდოს ეკუთვნის. მედალი, რომელიც ამ უკანასკნელს 1962 წელს, დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურის აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა, 2014 წელს გამართულ აუქციონზე 4.76 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ფოტო: Getty Images

დმიტრი მურატოვი აუქციონის შედეგად მიღებულ თანხას გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოს, UNICEF-ს გადაურიცხავს, რომელიც მას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად გამოიყენებს.

ომის შედეგად დაზარალებული ქვეყნის დასახმარებლად ჯილდო ნობელის კიდევ ერთმა ლაურეატმა, დანიელმა მეცნიერმა ნილს ბორმა 1940 წელს გაყიდა. მისი მიზანი ფინეთისთვის ფინანსური სახსრების მოზიდვა იყო, მას შემდეგ, რაც 1939 წელს სახელმწიფოში საბჭოთა კავშირის ჯარი შეიჭრა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ნოვაია გაზეტას“ გამოცემა მარტში, კრემლის მხრიდან ზეწოლის გამო შეჩერდა – გაზეთი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს დაუფარავად აშუქებდა.

ჰარი სტაილზმა Gucci-სთან ერთად 70-იანი წლებით შთაგონებული კოლექცია შექმნა

ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, ჰარი სტაილზმა და იტალიური მოდის სახლმა, Gucci-მ ტანსაცმლის ერთობლივი კოლექციის გამოშვების შესახებ განაცხადეს. აღნიშნული ინფორმაცია Vogue-მა და Wall Street Journal-მა გაავრცელეს.

კოლექცია, სახელწოდებით „HA HA HA“ Gucci-ს კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელესა და ჰარი სტაილზის კოლაბორაციითაა შექმნილი. როგორც ცნობილია, ის მაღაზიებში ოქტომბრიდან გამოჩნდება.

ალესანდრო მიკელეს განცხადებით, ხაზი არცთუ ისე იაფია და „ლამაზ ქსოვილზეა“ ორიენტირებული. კოლექციაში შედის სპორტული ქურთუკები, ყელსახვევები და მოკლე ქურთუკები – ყველაფერი 70-იანი წლების ლუქის შთაგონებით.

ფოტო: Getty Images

28 წლის სტაილზს „გუჩისთან“ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. მან და მიკელემ საქმიანი ურთიერთობა 2015 წლიდან დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ სტაილზი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც წითელ ხალიჩაზე მიკელეს მიერ შექმნილი სამოსით გამოჩნდა. 2020 წელს ბრიტანელი მომღერალი Vogue-ის გარეკანზე Gucci-ს ბრენდის კაბით იყო წარმოდგენილი. სტაილზს ამ ბრენდის ლუქი რამდენიმე მუსიკალურ კლიპშიც აქვს მორგებული.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ჰარი სტაილზმა კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების გენდერულად ნეიტრალური ხაზი, Pleasing-ი გამოუშვა.

EBU: უკრაინა 2023 წლის ევროვიზიის მასპინძლობას ვერ შეძლებს

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) განცხადებით, უკრაინა 2023 წელს ევროვიზიის მასპინძლობას ვერ შეძლებს. EBU-ის განმარტებით, ქვეყანაზე რუსეთის სამხედრო იერიშების გამო, იქ ღონისძიების ჩატარება უსაფრთხო არ არის.

შეგახსენებთ, წლევანდელ ევროვიზიაზე უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა. ტრადიციის შესაბამისად კი კონკურსის მომდევო ღონისძიებას წინა წლის გამარჯვებული სახელმწიფო მასპინძლობს.

„ESC-ის (ევროვიზიის მმართველი ორგანო) მმართველმა საბჭომ ღრმა სინანულით დაასკვნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებელი (UA:PBC) ევროვიზიის მასპინძლობისთვის საჭირო უსაფრთხოებისა და ოპერაციულ გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს“ – ვკითხულობთ ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.

ფოტო: Getty Images

როგორც ირკვევა, EBU-მ 2023 წლის ევროვიზიის მასპინძლობა დიდ ბრიტანეთს შესთავაზა, რომლის წარმომადგენელმაც წლევანდელ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ევროვიზიის სამგზის გამარჯვებულია. მან კონკურსი 2004 და 2016 წლებშიც მოიგო. შესაბამისად, ევროვიზიის ღონისძიებას ქვეყანამ 2005 და 2017 წლებში უმასპინძლა.

„Lightyear“-მა საშინაო დებიუტისას $51-მილიონიანი შემოსავალი მიიღო

Pixar-ის ანიმაციურმა ფილმმა „Lightyear“-მა, რომელიც „Toy Story“-ის პერსონაჟ ბაზ ლაიტიერის თავგადასავალზე მოგვითხრობს ჩრდილოეთ ამერიკაში სადებიუტო უიკენდის განმავლობაში $51-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. ცნობისთვის, მონაცემები აშშ-სა და კანადაში მდებარე 4255 კინოთეატრის სალაროდან შეგროვდა.

მიღებული შემოსავლით, „Lightyear“-ი ჩრდილოეთ ამერიკის სალაროებში გასულ უქმეებზე მხოლოდ მე-2 ადგილს დასჯერდა. პირველი ადგილი კი გამოსვლიდან მეორე უიკენდზე „Jurassic World: Dominion“-მა $58.6-მილიონიანი შემოსავლით შეინარჩუნა. აქვე შეგახსენებთ, Jurassic Park-ის ფრენჩაიზის მეექვსე და, სავარაუდოდ, ბოლო ფილმის საშინაო დებიუტისას მიღებულმა თანხამ 143.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საერთაშორისო გაყიდვებით მიღებული თანხა კი, ბოლო მონაცემებით, 637 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ფოტო: Pixar

რაც შეეხება „Lightyear“-ს, ანიმაციურმა ფილმმა გამოსვლიდან მოცემულ დრომდე ბილეთების გაყიდვით საერთო ჯამში 91.7 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ფილმის ბიუჯეტი 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოსვლამდე „Lightyear“-ის ჩვენება მსოფლიოს 14-მა ქვეყანამ აკრძალა, რისი მიზეზიც ანიმაციურ ფილმში ერთნაირსქესიანი პერსონაჟების კოცნის სცენაა. მას არ აჩვენებენ ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ლიბანში, ქუვეითში, ეგვიპტეში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და ჩინეთში.

პანდემიის გამო ევროპულმა კინოთეატრებმა $20 მილიარდით იზარალეს

პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნებისა და სხვა დაწესებული შეზღუდვების გამო, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს კინოთეატრებმა, სულ მცირე, $20 მილიარდით იზარალეს, – ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების (UNIC) ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების ინფორმაციით ირკვევა, ევროპული კინოთეატრების ზარალი უმეტესწილად იძულებითი ლოკდაუნებითა და პანდემიის შეკავების მიზნით შემოღებული შემდგომი რეგულაციებით, მათ შორის სეანსზე დამსწრეთა რაოდენობის შემცირებით და პირბადეების შემოღებით მიადგათ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ევროპული კინოთეატრების საკასო შემოსავლებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია – $9.3 მილიარდი შეადგინა, მაგრამ 2020 წელს ეს მაჩვენებელი $2.8 მილიარდამდე შემცირდა. შემდეგ წელს კინოთეატრებმა $3.9 მილიარდის შემოსავალი მიიღეს, რაც პანდემიამდელ ნიშნულს 70%-ით ჩამორჩება.

ფოტო: GETTY IMAGES

საინტერესოა, რომ ლოკდაუნების გარდა, ევროპული კინოთეატრების შემცირებული შემოსავალი და, შესაბამისად, შემცირებული მოგება, ნაწილობრივ, კონტენტის დეფიციტითაც არის გამოწვეული. UNIC-ის ინფორმაციით, 2019 წელს ევროპულ კინოთეატრებში 480 ფილმის პრემიერა შედგა, ხოლო 2020-ში – 250-ისა. ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა 2021 წელს, როცა 270 ფილმის პრემიერა შედგა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირისა და ბრიტანეთის კინოთეატრების შემოსავლების უდიდესი ნაწილი ხუთ ფილმზე გადანაწილდა, ესენია: კერი ფუკუნაგას „სიკვდილის დრო არ არის“, ჯონათან უოტსის „ადამიანი ობობა: არავითარი გზა შინისკენ“, დენი ვილნიოვის „დიუნი“, ჯასტინ ლინის „ფორსაჟი 9“ და ენდი სერკისის „ვენომი 2: დაე იყოს კარნეიჯი“.

აღსანიშნავია, რომ კინოთეატრების საერთაშორისო გაერთიანების დათვლებით, 2022 წელს, ევროპული კინოთეატრების შემოსავლები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. ზრდის ტენდენცია, უმეტესწილად, პანდემიური რეგულაციების გაუქმებით და ფილმების წარმოების გაზრდითაა განპირობებული. ანალიტიკური კომპანიის, Gower Street Analytics-ის ვარაუდით, ევროპული კინოთეატრები წელს $8.1 მილიარდის ოდენობის შემოსავალს მიიღებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *