„ყომარბაზ-შულერები“ ტფილისისა

„ყომარბაზ-შულერები“ ტფილისისა

ყომარი“ – ოთხი კოჭით აზარტული თამაში (ცხვრის ფეხის კოჭი);
ყომარბაზი“ – ყომარის აზარტული მოთამაშე, მებანქოვე; ბაზი – მქნელი“

იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი.

„კლუბების უქონლობის გამო, ადგილობრივი საზოგადოება, ბანქოს თამაშით ერთობოდა. ეს თამაშები სპარსეთიდან გადმოიღეს და ქართველ მეფეთა დროიდან სხვადასხვა დასახელებით იყო ცნობილი: ასონასი, ცხრა, მუშქა შემდგომში გადაკეთებული რამსად. თამაშობდნენ ასევე ნარდს, ყომარს (კამათელს), კონჩინას, რომელიც გადმოიღეს თბილისში სხვადასხვა საქმეზე ჩამოსული ბერძნებისგან. ყველა ეს აზარტული თამაში რუსების შემოსვლის მერეც შემორჩა. აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში იჩენდნენ; მთავარი სათამაშო ბუნაგები იყო ყავახანები, დუქნები, სათამაშო სახლები. თამაშობდნენ ერთმანეთის სახლებშიც მორიგ, რიგის პურად წოდებულ თავყრილობებზეც“.

ასე აღწერს XIX საუკუნის 40-იან წლებში ტფილისში არსებულ ვითარებას იმ ეპოქის ერთ-ერთი ცნობილი სამხედრო სტეფანე ქიშმიშევი და მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში, ქალაქში კლუბები „ისე მრავლდებოდა, როგორც სოკოები“, „სამზღვარ გარეთის“ კლუბებისგან განსხვავებით, ტფილისურ კლუბთა უმეტესობას „თავის მოქმედების მიზნათა და დროების გასატარებელ საშუალებად მხოლოდ ქაღალდის თამაშობა და ტანციობა მიაჩნდა“.

ქალაქის ქუჩებში, ფარულად გახსნილ ქაღალდის სათამაშო ოთახებში/სახლებში, ყავახანებში, ხალხი მხოლოდ გართობის მიზნით როდი იყრიდა თავს. ამ სფეროში დიდი ფული ტრიალებდა და არაერთი ტფილისელი, თუ ტფილისის სტუმარი ცდილობდა, რომ საკუთარი ჯიბისთვის ამ გზით „ეშველა“, თუმცა, ვინც თამაშის არსს კარგად არ იცნობდა, ან უბრალოდ უიღბლო იყო, დიდი ალბათობით, ერთიანად გაფცქვნიდნენ, ან თამაშის დროს ატეხილი ჩხუბისა და აყალ-მაყალის მსხვერპლი შეიქნებოდა.

ზოგადად, „ყომარი“, ბანქო, თუ სხვადასხვა თამაშები – ფულზე, ქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებელი პირები ამ „უწესოებას“ ვერაფერს უხერხებდნენ. მით უფრო, რომ ტფილისში, კავკასიის ვაჭრობის ცენტრში, სადაც უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, იოლად გამდიდრების და ჯიბის გასქელების აზარტით შეპყრობილებს აბა რა დალევდა?!

თამაში სხვაც ბევრი იქნებოდა ქალაქში, სადაც ნესვს გაჭრიდნენ და ფულს იმის სიმწიფის გამოცნობაზე ჩამოვიდოდნენ, გაუჭრელ საზამთროზე სანაძლეოს დადებდნენ, თეთრი იქნებოდა, თუ წითელი…

ამ ამბებზე ძველი ქართული პრესა ხშირად წერდა. განსაკუთრებით ყომარსა და ბანქოს თამაშზე. თუმცა, სანამ ბაზრის მოედნებზე ჩაცუცქული ყომარბაზების ოინებსა და ლუდხანებსა თუ სასტუმროებში ფარულად გამართულ ქაღალდის თამაშობაზე გიამბობთ, ორი სიტყვით ვთქვათ თავად თამაშებზე.

ქართული სათამაშო ბანქოს შექმნის მცდელობა / ოსკარ შმერლინგი

იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული არაერთი ცნობა გვხვდება, მაგალითად:

„ავქაში“ – ქათმის მკერდიდან ჩამონაგლეჯი ორკაპა ძვალი (საწიწკნარა). არის ერთგვარი სანაძლეო-გასართობი, რომელსაც ამ ავქაშით თამაშობენ და თუ მოიგეს, ეუბნებიან მოგების ნიშნად: „ჰაი-დოსტ“, ე.ი. გაჯობე და სანაძლეო მოგიგეო; „ასონასი/ასუნასი“ – ძველებური ქართული ბანქოს თამაშია. თამაშობენ ოთხში, ხუთ-ხუთი ბანქო რიგდება. სულ არის ოცი ცალი, ათიანი, სალდათი, ქალი, ხელმწიფე და ტუზი ყველა მასტისა; „ბაიბურთი“ – ერთგვარი თამაშია კამათლებით; „ბეზიკი“, ფურთი“, ყოზი“ – ქაღალდის ერთგვარი თამაშობები; „განჯაფა“ – სპარსეთიდან შემოტანილი ბანქოს მსგავსი თამაშობა. ძვლის ფირფიტებიანი სათამაშო ქაღალდი. როგორც ქართულ სალიტერატურო ჟურნალ „ცისკრის“ 1857 წლის ერთ-ერთ ნომერშია აღნიშნული, „საქართველოში ვიდრე მეფობამდე ირაკლი მეორისა, ნაცვლად სათამაშო ქაღალდებისა, უხმარიათ მათივე მზგავსი ძვლის ფირფიტები, რომელნიცა მხატვრობითა თვისითა წარმოუდგენენ მოთამაშეთა სხვადასხვა მნიშვნელობითა და რომელსაცა ჰსწოდებია „განჯაფა“.

ტფილისში ხშირი უნდა ყოფილიყო კოჭით თამაშობანი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ყომარი“ ეწოდებოდა ოთხი კოჭით აზარტულ თამაშს. სათამაშო კოჭებს ოთხი მხარე ჰქონდა: ალჩუ, თოხანი, ჭიკი, თაფი.

იმავე სტეფანე ქიშმიშევის ცნობით, „მოთამაშე აგდებდა ოთხ კოჭს. თუ ყველა კოჭი ალჩუზე ჯდებოდა, მაშინ თამაშის მებანკეს მთლიანად მიჰქონდა ჩამოსული თანხა და პირიქით, აგებდა, თუ კოჭი რომელიმე სხვა მდგომარეობას მიიღებდა. თამაშში არც თაღლითობა იყო გამორიცხული. ჩვეულებრივად კოჭის ერთ მხარეს გაკეთებულ შეუმჩნეველ ნახვრეტში ტყვიას ასხამდნენ და კოჭიც სიმძიმის გამო ყოველთვის ალჩუზე დგებოდა“.

„ვარი გავარტყი“-ო, იტყოდნენ ყომარბაზობის დროს ოინის, ან სიყალბის მოხდენაზე“.

კოჭით ერთ-ერთ თამაშს „ოსმალო“ ერქვა – „დანიშნავენ მიჯნას, დაამწკრივებენ კაკლებს, დანიშნავენ ადგილს და იქიდან ესვრიან ჯილებს. თუ მიზანში ვერ ამოიღეს, მაშინ ისევ გაიმეორებენ ჯილის სროლას, მხოლოდ ახლა მეორე მხრიდან, სადაც დავარდა ეს ჯილა. წინ ის ესვრის, ვისი ჯილაც ახლოა“.

თუკი რომელიმე მოთამაშე ყველაფერს წააგებდა და თამაშის გაგრძელების სურვილი მაინც შერჩებოდა, მას ერთი-ორ კოჭს ასესხებდნენ. ამ სესხს „ჩური“ ეწოდებოდა.

ოსკარ შმერლინგის კარიკატურა / „ცნობის ფურცელი“. სურათებიანი დამატება“, 1904 წ.

პრესის ცნობით, ქაღალდის სათამაშო ოთახების ფარულად მოწყობა აკრძალული იყო, თუმცა ტფილისის რესტორანთა, სასტუმროთა, დუქანთა ნაწილში, თუ კერძო პირთა სახლებში, „გაცხარებული ქაღალდის თამაშობა“ მიმდინარეობდა:

„ტფილისის პოლიცმეისტერის თანამდებობის აღმასრულებელმა და ორმა ბოქაულმა ვიღაც მ-ის ბინაზედ აღმოაჩინეს ფარული საყომარბაზო სახლი, რომლის არსებობა დღემდე არ იცოდა. ამ სახლის პატრონი მ-ი წინადაც იყო პასუხის გებაში მიცემული თვისს სახლში დიდ ფულზედ ყომარბაზობის გამართვისათვის, მაგრამ საბუთის უქონლობისა გამო სასჯელი თავიდგან აიშორა. ამის შემდეგ მის ბინას პოლიციამ გაფაციცებით დაუწყო თვალ-ყურის დევნება. ამავე დროს პოლიციამ რამდენიმე განცხადება მიიღო სხვა-და-სხვა კაცებისაგან, რომლებიც აუწყებდნენ, რომ მ-მ დაარსა სათამაშო სახლი თავისთვის მეტად სასარგებლო პირობებით; მაგალითად, მოთამაშეთ მისთვის მოგებიდან 10 პროცენტი უნდა მიეცათ, ვახშამი უნდა გაემართათ და სხვ. 14 ოქტომბერს [1899 წ.] ღამით პოლიციამ მის ბინაზედ აუარებელ ხალხს მიასწრო, ბანქოს მოთამაშეს. მ-ი სცდილობდა დაერწმუნებინა პოლიცია, ეს ხალხი ჩემი სტუმრებია, მაგრამ თავი ვეღარ გაიმართლა, რადგან გამოკითხვის დროს ზოგიერთმა მოთამაშეებმა პირდაპირ განაცხადეს, ჩვენ მ-ის ბინაზედ სათამაშოდ მოვდივართო. პოლიციამ მოთამაშეთ ბანქო წაართვა და ჩვენებაც ჩამოართვა“.

თამაშის დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო თაღლითობა, „ბანქოს ჩაწყობა“ თუ სხვა მოთამაშეებთან შეკვრით, რომელიმე მონაწილის ისე გაყვლეფა, რომ „სულს აქეთ რაც ებადა“, ყველაფერი წაეგო.

ზოგადად, ტფილისელ მოთამაშეთათვის საუკეთესო მსხვერპლი ქალაქში სავაჭროდ, თუ სხვადასხვა საქმეზე ჩამოსული, გამოუცდელი, „ხამი“ ხალხი იყო, რომელთაც ფულზე სათამაშოდ სხვადასხვა ხერხით იტყუებდნენ:

„თათრის მეიდნის დუქნებში ძალიან გახშირებულია ქაღალდის თამაშობა. გამოუცდელ ხალხს იტყუებენ და ულუკმაპუროდ სტოვებენ. ბააბ იზმაილოვის დუქანში მოეგოთ ერთის კაცისათვის 160 მანათი. ამ საწყალს ბოლოს შეეტყო, რომ ქაღალდები ადრევე დანიშნული ჰქონიათ იმ „ჟულიკებსა“;

„იარმუკაში არის ერთი ფრიად ცნობილი ტრაქტირი, რომელშიაც თავს იყრის ყოველ დღე დღიური ხელოსანი და მუშა ხალხი. აქვე იყრიან თავს ტფილისის „ყომარბაზ-შულერები“. ესენი ჯერ თავიანთ შორის აჩაღებენ რამდენსამე სტოლზე თამაშობასა სხვათაგან ფულების საცინცლავად, მუშების ჩასატყუებლად; შემდეგ ჩაითრევენ კიდეცა და აცლიან ფულს უკანასკნელ კაპეიკამდე. ისე დღე არ გაივლის, რომ რამდენიმე მუშა არ გამოვიდეს თვალცრემლიანი ხსენებულის ტრაქტირიდან“;

30 ნოემბერს [1897 წ.], ქალაქის მე-9 ნაწილის საბოქაულოში მივიდა ს-შვილი და ბატონ ბოქაულს უთხრა, რომ მამა ჩემმა წყლის-პირის ქუჩაზედ, თამამშევის სახლში, მელიქ გრიქულის ძე აბაზოვთან 300 მანათი წააგოვო. ბოქაულმა მაშინვე პოლიციის მოხელენი გაგზავნა აბაზოვის სახლში. მოხელეები შევიდნენ თუ არა სახლში, დაინახეს, რომ რამდენიმე სტოლს გარშემო კაცები ესხდნენ და გაცხარებული ქაღალდს თამაშობდნენ. პოლიციამ ყველა მათ შესაფერი ოქმი შეუდგინა და დანიშნულებისამებრ გადასცა. ამბობენ, რომ აბაზოვის სახლში ყოველდღე აუარებელი ხალხი იყრიდა თავს და ქაღალდს თამაშობდა თურმე. წინად აბაზოვი მთაწმინდაში სცხოვრობდა და იქაც საყომარბაზო სახლი ჰქონდა გამართული, მაგრამ მეორე ნაწილის ბოქაულმა ბატონმა ნაცვლიშვილმა ოქმი შეუდგინა და სასამართლოს გადასცა, რის შემდეგაც აბაზოვი მეცხრე ნაწილში გადასახლდა და იქ დაიწყო თურმე თავისი ხელობა“, – ქალაქში მომხდარ ამგვარ შემთხვევებზე იმდროინდელი პრესა ხშირად წერდა.

„ყომარბაზ-შულერები“ და „ჟულიკები“ ტფილისისა ხალხის გასაფცქვნელად სხვადასხვა ხრიკებს იყენებდნენ. მაგალითად, 1876 წელს, გაზეთ „დროების“ ცნობის მიხედვით:

„შეითან-ბაზარში, მაედანთან, კიდევ გაჩნდნენ მატყუარა ქაღალდის მოთამაშენი. ვიღაც სპარსელები და კინტოები დასხდებიან თურმე ქუჩაზე; რამდენიმე ამხანაგი თან ახლავთ; დაიწყებენ სამი ქაღალდის შლას, და ვინც გამოიცნობს, აბაზს; ათ შაურს, მანეთს ნიძლავს სდებენ.

ჯერ ამითივე ამხანაგები იწყებენ ამათთან თამაშს; მოიგებენ; ამ დროს ხალხიც გარს შემოეხვევა; ამათში ერთი-ორი სოფლელი ხამი ვინმე გამოჩნდება, წაქეზდება მოგებით, ამოიღებს ფულს და იწყებს თამაშს; რასაკვირველია, წააგებს; ერთის მინუტის განმავლობაში ხშირად უკანასკნელს სამ-ხუთ მანეთს ააცლიან და ისტუმრებენ.

ამ უსინდისო მატყუარობაზე ჩვენსა და სხვა გაზეთებში რამდენჯერმე იყო ნათქვამი და გვგონია, დროა, რომ ქალაქის პოლიციამ ბოლოს ყურადღება მიაქციოს და ხამი ხალხი ამათგან დაიცვას“.

1889 წლის „ივერიის“ ერთ-ერთი ნომერი კი იუწყებოდა:

„ჩვენს დღეობებზე ერთი მეტად არა-სასიამოვნო ჩვეულება შემოუღიათ: ქალაქელი კინტოები და ჩარჩები ჰმართავენ ლატარიებს და ატყუებენ და ჰფცქვნიან საწყალსა და ღარიბს ხალხს. ლატარია წარმოადგენს რგვალ სტოლს, მართულებით შემოზღუდულს ნაპირებში, გარშემო რკალი ახვევია და რაკლს კიდევ ერთს ალაგას მართულის ნაჭერი ურევია. როცა მოთამაშე რკალს ატრიალებს, მართული რომელ ალაგასაც დადგება, იმ ალაგის ნივთი უნდა აიღოს გლეხ-კაცმა. სტოლზედ მართულების ალაგას უბრალო ნივთეულობა აწყვია, ორ-გროშიანი კალმები, სამ-კაპიკიანი ლამბაქები, კამფეტები და სხვანი, განსაკუთრებით იმ ალაგას, სადაც იციან, რომ ჩარხი დადგება.

სტოლი დედამიწაზედ ცოტა ალმაცერად არის დადგმული და დაბლობს მხარეს სულ უბრალო ნივთეულობაა დაწყობილი, მეორე მხარეს და სტოლის შუა ადგილას კი უფრო ძვირფასი ნივთეულობაა დალაგებული: მუსიკა, სპილენძის ტაშტი და სხვანი თვალის ასაჭრელებლად. თითო ჩარხის დატრიალება შაური ჰღირს. ამ გვარად ატყუებენ გლეხ-კაცებს და საკვირველია, რად აძლევენ ნებას ლატარიების გამართვისას. ლატარიები ყველგან აღკრძალულია, ხანდახან საქველ-მოქმედო აზრითაც-კი-ღა არ აძლევენ ნებას ლატარიის გამართვისას, და ამ ჩარჩებს რატომ არ უშლიან ხელს ამ ხალხის ყვლეფაში?!“

ოსკარ შმერლინგის კარიკატურა / „ცნობის ფურცელი“. სურათებიანი დამატება“, 1903 წ.

საგულისხმოა, რომ საყომარბაზოდ და ქაღალდის სათამაშოდ ტფილისელები არა მხოლოდ რესტორნებსა და სასტუმროში ფარულად გახსნილ ოთახებში, არამედ სხვადასხვა ლოკაციაზე იყრიდნენ თავს.

ამ თვალსაზრისით, 1890-იან წლებში, პოპულარული ადგილი ყოფილა მთაწმინდის უბანი, სადაც ერთ ტფილისელ მოქალაქეს გამართული ჰქონია მეწვრილმანის დუქანი, მაგრამ სავაჭროდ კი არა, უფრო საყომარბაზოდ – „ამ დუქანში დილიდგან მოკიდებული საღამომდე ბიჭ-ბუჭები იყრებიან, ხანდახან მოსწავლენიც-კი, და ქაღალდსა თამაშობენ ფულზედ. ღამეც-კი დარაბებ-მოხურულში ხლუსტით ერთობიან ამ მთაწმინდის „მონაკოში“ და ათას ურიგობასა და უწესობასა სჩადიან“.

მთაწმინდაზევე, ერთ პატარა გაშლილ მინდორზე, „როცა კი მზე სდგას და კარგი ამინდი, ქალაქის უქმად მოხეტიალე ბიჭები ბლომად იყრიან თავს, ლაზღანდარობენ. მათ შორის ხშირად იმყოფებიან სხვა-და-სხვა სასწავლებელთა მოსწავლე-მოწაფენი, რომელნიც ამ ბიჭებთან თამაშობენ ფულებზე „რეშკა-არიოლსა“.

უსაქმური „ბიჭბუჭა ხალხისა“ და ჯიბის ოსტატი კინტოების ყომარბაზობით შეწუხებული ყოფილან სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებლებიც. მაგალითად, ავლაბარში, დარიის მონასტერთან მცხოვრებ მოქალაქეებს „ცნობის ფურცლისთვის“ მიუმართავთ თხოვნით გაზეთში დაებეჭდათ, „ურიგო არ იქნებოდა, რომ ვისიც ჯერ არს, ყურადღებას მიაქცევდნენ და ხსენებულ უწესოებას ბოლოს მოუღებდნენ“-ო.

ამგვარი თხოვნები სხვა უბნების მოსახლეობასაც უნდა ჰქონოდა, ვინაიდან როგორც „ივერია“ წერდა 1899 წელს, „თამარის ქუჩაზედ მუდამ ალიაქოთი და ჩხუბია. უქმი დღე აქ არ გააჩნიათ და საქმე. ქუჩის მოცლილი ხალხი ბანქოობასა და ლოთობაში ატარებს დროს, და რითი ბანქოობს, ანუ რითი ლოთობს, ღმერთმა უწყის. ამ ნაირს მათს ცხოვრებას, რაღა თქმა უნდა, ხშირად მოსდევს ჩხუბი“.

ტფილისელ მოთამაშეთა შორის, XIX საუკუნის 90-იან წლებში, ცნობილი ადგილი უნდა ყოფილიყო „ქაშვეთის შენობის რესტორანი“, სადაც გამართული ყოფილა „საშინელი ბანქოს თამაში“:

„ხალხი დიდი სიხარულით ეტანება ამ სათამაშოს. მუშაობიდგან ხელის აღებისთანავე შურდულივით შერბიან ამ რესტორანში და ზოგჯერ შუადღის შემდეგაც რჩებიან, თუმცა საქმე აქვთ; ხოლო საღამოდგან დაწყებული (მრავალი გათენებამდინაც) შუაღამის მესამე საათამდის ვერ ახწევს თავს და რასაც მოიგებს ვინმე, იმასაც იქვე ხარჯავს სასმელში. მრავალჯერ მოხუცებული დედები შუაღამისას, შვილებს ევედრებიან ხოლმე ბინაზე წაყოლას, მაგრამ ამაოდ“.

ასევე, ამავე პერიოდში, დღევანდელი ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე „ანცერკას ლუდხანაში“, თურმე ყოველ ღამე იმართებოდა ქაღალდის თამაშობა – „მიდის საწყალი კაცი ქაღალდის სათამაშოდ და უკანასკნელს პურის ფულს აქ აგებს“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „რესტორნებსა და ტრახტირებში ბანქოს თამაშობა“ აკრძალული უნდა ყოფილიყო. პრესაც აქტიურად ითხოვდა, ვისიც ჯერ არს, ყურადღება მიექცია, რომ ეს აკრძალვა არავის დაერღვია.

თავის მხრივ, სამართალდამცავები, ზოგჯერ ჯეროვნადაც ასრულებდნენ ამ მოვალეობას. მაგალითად, როდესაც რესტორან „გურიაში“ ბანქოს თამაშობა შეუმჩნევიათ, რესტორნის პატრონისთვის ოქმი შეუდგენიათ, სასამართლოს კი „გურიის“ მეპატრონე, ბატონი ხუნდაძე 50 მანეთით დაუჯარიმებია. მაგრამ, ეს ჯარიმა აბა რა მოსატანია იმ შემოსავალთან, რაც რესტორანისთვის ბანქოს თამაშს მოჰქონდა?!

სხვადასხვა დროს, ბანქოსა თუ სხვა ტიპის თამაშების გამო, ტფილისის პოლიციას არაერთი დაწესებულებისთვის აუკრძალავს ვაჭრობა კონკრეტული საათის შემდეგ, მათ შორის „შვეიცარიის ბაღში“ მდებარე რესტორნისთვის, სადაც, როგორც იმდროინდელ გაზეთებში არაერთხელ იყო აღნიშნული, დიდი „უწესოება ჰსუფევდა“:

„ვიღაც ვენგრიელ ქალებს მოუყრიათ თავი და ხალხს სძარცვავენ, ქაღალდის თამაშობაა იქვე ფულზეო და სხვ.“.

ასევე, „ტფილისის პოლიციის პირველ განყოფილების ბოქაულის თანაშემწეს, თავად ივანე წულუკიძეს, ახალ ოლგას ქუჩაზედ, ალი-ყულის ტრაქტირში, აღმოუჩენია ქაღალდის თამაშობა და ზოგიერთს ნომრებში საიდუმლოდ დაფარულნი მეძავნი ქალნი“.

ივანე წულუკიძეს, ტფილისის პოლიცმეისტერს, თუ რიგით პოლიციელებს რა ზომებიც არ უნდა გაეტარებინათ ქალაქში ყომარბაზობის, ბანქოს თამაშის და ამ პროცესების თანამდევი მოვლენებისა თუ უკანონობის აღმოსაფხვრელად, ფაქტია, ეს მცდელობები ფუნდამენტურად ვერაფერს ცვლიდა, რადგან ფულზე თამაშს, ხალხის მოტყუებასა და ყვლეფას, ტფილისში ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული.

თუმცა, როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით, არც საქართველოს სხვა ქალაქები ჩამორჩებოდნენ ტფილისს. 1887 წლის იანვარში, გაზეთი „ივერია“ გორში მომხდარ ერთ უჩვეულო ამბავზე წერდა:

ერთ საღამოს, ლხინისა და ქეიფის დროს, ორ იმერელს ჩხუბი მოსვლიათ, რის შედეგადაც ერთს-მეორე ხანჯლით დაუჭრია. ადგილზე მისულ პოლიციას კაცი გაუგზავნია მაზრის ექიმთან, რომელიც იმ ღამეს თურმე „გორის კრუჟოკში“, საცეკვაო საღამოზე, „ქაღალდს შეექცეოდა“ – „რამდენჯერმე სთხოვეს, რომ მიჰპატრონებიყო დაჭრილსა, მაგრამ იგი „მწვანე სტოლს“ თავს არ ანებებდა. გავიდა თითქმის ორ საათამდის, კაცი კაცზე მოდიოდა, მაგრამ არ იქნა. ბოლოს მიიჭრა თურმე „კრუჟოკში“ თვით ქალაქის პოლიციის უფროსი ბოქაული და როგორც იყო წაიყვანა დაჭრილთანაო“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *