გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება კულტურის სფეროში მომხდარმა რამდენიმე მნიშვნელოვანმა სიახლემ მიიპყრო. ოგიუსტ როდენის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ხელოვნების ნიმუშის, „მოაზროვნის“ ასლი პარიზში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე 10,7 მილიონ ევროდ გაიყიდა. Universal Music Group-მა კი ცნობილი ამერიკელი გიტარისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ფრენკ ზაპას მუსიკალური კატალოგი, ჩანაწერები და ფილმის არქივი შეიძინა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს – ბარბადოსელი მომღერალი და ბიზნესვუმენი, რიანა აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალი გახდა; ამასთანავე, Netflix-მა განაცხადა, რომ „Stranger Things“-ის მეოთხე სეზონს სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა საერთო ჯამში დაახლოებით 1.15 მილიარდი საათი დაუთმეს, რაც პლატფორმაზე ინგლისურენოვან სერიალებს შორის საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, ბიონსე ისტორიაში მესამე სოლო-შემსრულებელი გახდა, რომლის 20 სიმღერა Billboard-ის Hot 100-ის ტოპ-ათეულში მოხვდა.

მოცემული ბლოგი ბოლო დღეებში კულტურის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.

ოგიუსტ როდენის „მოაზროვნე“ Christie’s-ის აუქციონზე 10,7 მილიონ ევროდ გაიყიდა

ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ხელოვნების ნიმუშის, „მოაზროვნის“ ასლი პარიზში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე 10,7 მილიონ ევროდ გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ Christie’s-ის სააუქციონო სახლი „მოაზროვნის“ დაახლოებით 40 ავთენტური ნამუშევრიდან ერთ-ერთის გაყიდვას 9-დან 14 მილიონ ევრომდე იმედოვნებდა. აქვე გეტყვით, რომ როდენის „მოაზროვნეებს“ შორის რეკორდი იმ ასლს ეკუთვნის, რომელიც 2013 წელს ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 15,3 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ფოტო: Christie’s

როდენმა „მოაზროვნის“ პირველი ქანდაკება 1880 წელს შექმნა. მისი სიმაღლე დაახლოებით 70 სანტიმეტრს შეადგენს. რაც შეეხება აუქციონზე ახლახან გაყიდულ ხელოვნების ნიმუშს, ის, სავარაუდოდ, 1928 წელსაა შექმნილი. Christie’s-ის სააუქციონო სახლის ცნობით, აღნიშნული ასლი „მოაზროვნის“ ორიგინალი ქანდაკების ზომისაა.

რიანა აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალი გახდა

Forbes-ის მონაცემებით, რიანა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალი გახდა. ამ დრომდე ტიტულს კაილი ჯენერი ფლობდა, რომლის ქონებაც, Forbes-ის თანახმად, $1 მილიარდს ჩამოსცდა.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის რიანა აშშ-ში ერთადერთი 40 წლამდე ქალია, რომელიც თვითშემდგარი მილიარდერი ქალის სტატუსს ფლობს. ბარბადოსელი მომღერლისა და ბიზნესვუმენის წმინდა ქონება $1.4 მილიარდს უტოლდება. შედეგად, რიანა აშშ-ის ყველაზე მდიდარი თვითშემდგარი მილიარდერი ქალების რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს. ჩამონათვალში კაილი ჯენერი $600 მილიონით 41-ე ადგილზეა, ხოლო მისი და, 41 წლის კიმ კარდაშიანი $1.8 მილიარდით მე-16 ადგილს იკავებს.

ფოტო: Getty Images

Forbes-ის მილიარდერთა სიაში რიანა გასული წლის აგვისტოში მოხვდა. აღნიშნული კუთხით მომღერლის წარმატება არა მუსიკალურმა კარიერამ, არამედ მის მიერ დაარსებულმა კოსმეტიკის ბრენდმა Fenty Beauty-მ განაპირობა. Fenty Beauty რიანამ 2017 წელს, ფრანგულ კომპანია LVMH-ის მფლობელ ბერნარ არნოსთან ერთად დააარსა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანია.

Fenty Beauty-ის გარდა, თებერვალში, რიანას მიერ წარმოებული თეთრეულის ხაზის, Savage x Fenty-ს ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. მომღერალმა Savage x Fenty  2018 წელს წარადგინა, ინვესტიცია იმ დროისთვის მხოლოდ 115 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. რიანას აქციების წილი თეთრეულის ბრენდის 30%-ს მოიცავს.

„Stranger Things 4“-ს Netflix-ზე მაყურებლებმა 1 მილიარდზე მეტი საათი დაუთმეს

კომპანია Netflix-ის განცხადებით, „Stranger Things“-ის მეოთხე სეზონს სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა საერთო ჯამში დაახლოებით 1.15 მილიარდი საათი დაუთმეს. მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას მათ სერიალის ყურებაში 301 მილიონი საათი გაატარეს. შედეგად, სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა პლატფორმაზე ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან სერიალად იქცა.

აღსანიშნავია, რომ „Stranger Things 4“ სხვადასხვაენოვან სატელევიზიო შოუებს შორის გახდა მეორე სერიალი, რომელმაც 1-მილიარდიანი ნიშნული გადაკვეთა. მსგავს წარმატებას სამხრეთკორეულმა „Squid Game“-მაც მიაღწია, რომელსაც Netflix-ზე ნახვის ხანგრძლივობის კუთხით რეკორდი ეკუთვნის. სერიალის ნახვაში სტრიმინგ-სერვისის გამომწერებმა საერთო ჯამში 1,6 მილიარდი საათი გაატარეს. არ არის გამორიცხული, რომ „Stranger Things 4“-მა „Squid Game“-ის რეკორდი მოხსნას.

გამოსვლიდან დღემდე „Stranger Things 4“-მა უკვე ორი რეკორდი დაამყარა. სერიალის მეოთხე სეზონის პირველ ნაწილს Netflix-ის გამომწერებმა სადებიუტო უიკენდზე საერთო ჯამში 286.7 მილიონი საათი დაუთმეს, რაც ინგლისურენოვან სატელევიზიო შოუებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

„Stranger Things 4“-მა მეორე რეკორდი ნახვების ხანგრძლივობის კუთხით ერთკვირიან პერიოდში დაამყარა. მას სტრიმინგ-სერვისის მომხმარებლებმა, 23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, საერთო ჯამში 5.1 მილიარდი წუთი დაუთმეს, რაც Netflix-ის ინგლისურენოვან სატელევიზიო სერიალებს შორის ასევე საუკეთესო შედეგია.

ბიონსე მესამე შემსრულებელია, რომლის 20 სიმღერა Billboard-ის Hot 100-ის ტოპ-ათეულში მოხვდა

ბიონსე ისტორიაში მესამე სოლო-შემსრულებელი გახდა, რომლის 20 სიმღერა Billboard-ის Hot 100-ის ტოპ-ათეულში მოხვდა. ამერიკელ მომღერალს ამ წარმატების მიღწევაში მისი უკანასკნელი სინგლი, „Break My Soul“ დაეხმარა, რომელიც ჩარტში მე-7 ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, Billboard-ის Hot 100-ის ტოპ-ათეულში პოლ მაკარტნის, როგორც სოლო-შემსრულებლის 23 სიმღერაა შესული, ხოლო მაიკლ ჯექსონის – 30 სინგლი.

ფოტო: Getty Images

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „Break My Soul“ 2016 წლის შემდეგ ბიონსეს, როგორც სოლო-შემსრულებლის პირველი სინგლია, რომელიც Hot 100-ის ტოპ-ათეულში მოხვდა. თუმცა, 2020 წელს ჩარტის 10 საუკეთესო სიმღერას შორის მისი და ამერიკელი რეპერის, Megan Thee Stallion-ის ჰიტი „Savage“ შევიდა.

Billboard-ის Hot 100-ის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

  1. „As It Was“ – ჰარი სტაილზი
  2. „First Class“ – ჯეკ ჰარლოუ
  3. „About Damn Time“ – Lizzo
  4. „Wait 4 U“ – Future feat. Drake & Tems
  5. „Jimmy Cooks“ – Drake
  6. „Running Up That Hill (A Deal With God)“ – კეიტ ბუში
  7. „Break My Soul“ – ბიონსე
  8. „Me Porto Bonito“ – Bad Bunny & Chencho Corleone
  9. „Heat Waves“ – Glass Animals
  10. „Glimpse Of Us“ – Joji
ანიმაციურმა ფილმმა „Minions 2“ საშინაო დებიუტისას ოთხ დღეში $123-მილიონიანი შემოსავალი მიიღო

კინოკომპანია Universal Pictures-ისა და Illumination-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილმა ანიმაციურმა ფილმმა „Minions: The Rise of Gru“ ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში დებიუტიდან ოთხ დღეში, მათ შორის აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, ბილეთების გაყიდვით $123-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. ცნობისთვის, მონაცემები აშშ-სა და კანადაში არსებული 4,931 კინოთეატრის სალაროდან არის მოპოვებული.

შეგახსენებთ, „Minions 2“-ის გამოშვება ჯერ კიდევ 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი რამდენჯერმე გადასწიეს. საბოლოოდ, მისი პრემიერა ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 13 ივნისს შედგა, ხოლო „Minions: The Rise of Gru“ ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში 1-ელი ივლისიდან გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „Despicable Me“-ის ფრენჩაიზის უახლესი ფილმის ბიუჯეტი 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, გლობალურმა შემოსავალმა კი, მოცემული დროისთვის, უკვე 216.9 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

აქვე გეტყვით, რომ საერთაშორისო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, ანიმაციურ და მხატვრულ ფილმებს შორის „Top Gun: Maverick“ $1.116 მილიარდით ლიდერობს. მეორე ადგილზე $953.1 მილიონით „Doctor Strange in the Multiverse of Madness“-ია, მესამე პოზიციას კი „Jurassic World Dominion“ იკავებს, რომლის გლობალური შემოსავალი $831.3 მილიონს უტოლდება.

Universal Music-მა ფრენკ ზაპას მუსიკალური კატალოგი შეიძინა

გასულ კვირას, Universal Music Group-მა განაცხადა, რომ ცნობილი ამერიკელი გიტარისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, ფრენკ ზაპას მუსიკალური კატალოგი, ჩანაწერები და ფილმის არქივი შეიძინა, თუმცა კომპანიას გარიგების ფინანსური დეტალები არ გაუსაჯაროებია. აღნიშნული ინფორმაცია მედიასააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

ფოტო: edcyphers.com

როგორც ლეიბლმა განაცხადა, მისი მუსიკალური გამომცემლობა Universal Music Publishing Group-ი მიიღებს საავტორო უფლებებს ზაპას მუსიკალურ კატალოგზე, რომელშიც შედის ალბომი „Joe’s Garage“, ასევე სიმღერები „Cosmik Debris“, „Uncle Remus“ და სხვა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, UMG-ის გლობალური კომპანია Universal Music Enterprises-ისა და Zappa Trust-ის თანამშრომლობით ხელახლა გამოვიდა ფრენკ ზაპას არაერთი საკულტო ალბომი. გარდა ამისა, მისი მუსიკის კატალოგი ხელმისაწვდომი გახადა სტრიმინგისთვის და ჩამოტვირთვისთვის.

გასულ წელს საკუთარი მუსიკალური კატალოგი არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა გაყიდა. მაგალითად, ბრიუს  სპრინგსტინმა, რომელიც როგორც სოლო-შემსრულებელი, ასევე როკჯგუფ E Street Band-ის წევრია, 2021 წლის დეკემბერში Sony Music Group-ს სიმღერების კატალოგზე საავტორო უფლებები 500 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. გარდა ამისა, ბობ დილანის სიმღერების კატალოგზე უფლებები ივლისში Sony-ის $150 მილიონად გადაეცა.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ საკუთარი მუსიკალური კატალოგის სრულად გაყიდვას განიხილავს ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფი, Pink Floyd-ი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.