როგორ გამოიმუშავა ოთხმა ცნობილმა როკვარსკვლავმა 2021 წელს $1 მილიარდი

როგორ გამოიმუშავა ოთხმა ცნობილმა როკვარსკვლავმა 2021 წელს $1 მილიარდი

Forbes-ის ყურადღების ცენტრში ცნობილი როკვარსკვლავები – ბრიუს სპრინგსტინი, ნილ იანგი, ბობ დილანი და პოლ საიმონი მოექცნენ, რომლებმაც 2021 წლის განმავლობაში საერთო ჯამში 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავეს. გამოცემა გვთავაზობს მიმოხილვას, თუ როგორ იშოვეს გასულ წელს მუსიკოსებმა ამ რაოდენობის თანხა.

ბრიუს სპრინგსტინმა, რომელიც როგორც სოლო-შემსრულებელი, ასევე როკჯგუფ E Street Band-ის წევრია, დეკემბერში Sony Music Group-ს 500 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა საავტორო უფლებები საკუთარი სიმღერების კატალოგზე. ამ უკანასკნელში შედის მულტიპლატინის 11 ალბომი და ხუთი ოქროს სინგლი. აღსანიშნავია, რომ, Forbes-ის შეფასებით, სპრინგსტინს მთელი ცხოვრების განმავლობაში 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული.

„გრემის“ 20-გზის გამარჯვებული ამ გარიგების წყალობით Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ შოუბიზნესის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლების რეიტინგში, რომელშიც სულ 25 პოზიციაა მოცემული, მეორე ადგილს იკავებს. მას ჩამონათვალში „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორი, პიტერ ჯექსონი უსწრებს, რომელმაც ნოემბერში, ვიზუალური ეფექტების ფირმა Weta Digital-ის ნაწილი $1.6 მილიარდად Unity Software-ს მიჰყიდა და $600-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

ბრიუს სპრინგსტინი, რომელსაც ასევე „ბოსს“ უწოდებენ, ერთადერთი როკვარსკვლავი არ არის, რომლისთვისაც გასული წელი შემოსავლების კუთხით წარმატებული აღმოჩნდა. 2021 წლის განმავლობაში საკუთარ მუსიკალურ კატალოგებზე საავტორო უფლებები ბობ დილანმა, პოლ საიმონმა და ნილ იანგმაც გაყიდეს. შედეგად, საერთო ჯამში მათ 500 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლეს, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Forbes-ის შოუბიზნესის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან წარმომადგენლების რეიტინგში მოხვედრილიყვნენ.

ფოლკ-როკმუსიკოსმა პოლ საიმონმა, რომელიც რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, გასული წლის მარტში მუსიკალური კატალოგი Sony Music Publishing-ს 250 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. რაც შეეხება ჩამონათვალში მე-10 პოზიციაზე მყოფ ბობ დილანს, მან საკუთარ სიმღერების კატალოგზე უფლებები ივლისში Sony-ის $150 მილიონად გადასცა.

Forbes-ის რეიტინგში მე-19 ადგილზე მყოფმა ნილ იანგმა საკუთარ მუსიკალურ კატალოგზე, რომელშიც 1,180 სიმღერა შედის, საავტორო უფლებები საინვესტიციო ფირმა Hipgnosis-ის მიჰყიდა და შედეგად, $80-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *