გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. ემბერ ჰერდმა მასა და ჯონი დეპს შორის გამართულ სასამართლო დავაზე გამოტანილი ვერდიქტი ოფიციალურად გაასაჩივრა. გარდა ამისა, ჯორდან პილის რეჟისორობით გადაღებულმა ფილმმა „Nope“ ჩრდილოეთ ამერიკაში სადებიუტო უიკენდის განმავლობაში თითქმის $44.4-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის ევროვიზიას უკრაინის სახელით დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს.

რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს – უილიამ შექსპირის პიესების კრებული, რომელიც დაახლოებით 400 წლის წინ გამოიცა, Sotheby’s-ის აუქციონზე $2.4 მილიონად გაიყიდა; მიშელ ობამამ განაცხადა, რომ მისი ახალი წიგნი – „The Light We Carry“ – 15 ნოემბერს გამოიცემა; ამასთანავე, 2022 წლის MTV VMA-ის ნომინანტები გამოვლინდნენ.

მოცემული ბლოგი გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარ აღნიშნულ სიახლეებსა და მოვლენებს ეთმობა.

ემბერ ჰერდმა ჯონი დეპთან სასამართლო დავაზე გამოტანილი ვერდიქტი გაასაჩივრა

ამერიკული Forbes-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ემბერ ჰერდმა მასა და ჯონი დეპს შორის გამართულ სასამართლო დავაზე გამოტანილი ვერდიქტი ოფიციალურად გაასაჩივრა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჰერდი აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით ახალი სასამართლო პროცესის გამართვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც ემბერ ჰერდის წარმომადგენელმა Forbes-ს განუცხადა, მათ „სჯერათ, რომ სასამართლომ დაუშვა შეცდომები, რამაც ხელი შეუშალა სამართლიანი განაჩენის გამოტანას“ და მსახიობი ვერდიქტს სწორედ ამის საფუძველზე ასაჩივრებს.

თავის მხრივ, ჯონი დეპის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულნი არიან, მიღებული ვერდიქტი ძალაში დარჩება. მან ასევე დაამატა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს მკაფიო და ერთსულოვანი გადაწყვეტილება ჰერდის ბრალეულობასთან დაკავშირებით.

ფოტო: Jim Lo Scalzo/AFP/Getty Images

შეგახსენებთ ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სასამართლო დავის შესახებ დეტალებს – დეპმა ცილისწამების ბრალდებით ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აპრილის შუა რიცხვებში შეიტანა. ის ყოფილი ცოლისგან კომპენსაციის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.

ყველაფერი 2018 წელს The Washington Post-ში გამოქვეყნებული ოპ-ედით დაიწყო, რომელშიც ჰერდი წერდა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ ოპ-ედში ჯონი დეპის სახელი ნახსენები არ არის, თუმცა, როგორც მსახიობის ადვოკატები ამტკიცებდნენ, ტექსტი სწორედ მას მიემართებოდა.

აგორებული სკანდალის გამო ჯონი დეპის სამსახიობო კარიერას სერიოზული საფრთხე შეექმნა. მან დაკარგა მნიშვნელოვანი როლები ფილმებში: „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და „ჯადოსნური ცხოველები“.

სწორედ რეპუტაციის შელახვის მცდელობისა და ცილისწამების გამო უჩივლა დეპმა ყოფილ ცოლს. ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლო დავაზე ვერდიქტი 1-ელ ივნისს გამოაცხადეს. მათ ემბერ ჰერდი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნეს და ჯონი დეპისთვის $10-მილიონიანი კომპენსაციის, ხოლო სადამსჯელო ზომის სახით $5 მილიონის გადახდა დაავალეს. თუმცა ვირჯინიის კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელიც სადამსჯელო ზომის სახით მაქსიმუმ  $350 ათასის მოთხოვნას ითვალისწინებს, მოსამართლემ $5-მილიონიანი სასჯელი სწორედ მოცემულ თანხამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის გადახდა ჯონი დეპსაც დაევალა – როგორც ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, მისმა ადვოკატმა, ერთ ეპიზოდში, ემბერ ჰერდს ცილი დასწამა. ამის გამო დეპს ყოფილ ცოლისთვის $2 მილიონის გადახდა დაევალა.

ფილმის Nope“ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $44.4 მილიონს მიაღწია

ჯორდან პილის რეჟისორობით გადაღებულმა ფილმმა „Nope“ ჩრდილოეთ ამერიკაში სადებიუტო უიკენდის განმავლობაში თითქმის $44.4-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. ცნობისთვის, მონაცემები აშშ-სა და კანადაში მდებარე 3,785 კინოთეატრის სალაროდან შეგროვდა.

„Nope“-ის პრემიერა 18 ივლისს ლოს-ანჯელესში შედგა, კინოთეატრებში კი ფილმი 22 ივლისიდან გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ კინოსურათის ბიუჯეტი 68 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

$44.4-მილიონიანი შემოსავლით გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრების სალაროებში პირველი ადგილი სწორედ „Nope“-მა დაიკავა. მეორე ადგილს კი „Thor: Love and Thunder“-ი იკავებს, რომელმაც 22.6 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. მესამე პოზიციას დასჯერდა „Minions: The Rise of Gru“, რომელმაც $18-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.

„Nope“ სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრის ფილმია. კინოსურათი რანჩოს მფლობელი და-ძმის შესახებ მოგვითხრობს. ისინი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შესახებ ვიდეომტკიცებულების მოპოვებასა და მის გაყიდვას ცდილობენ.

შექსპირის პიესების კრებული Sotheby’s-ის აუქციონზე $2.4 მილიონად გაიყიდა

უილიამ შექსპირის პიესების კრებული, რომელიც დაახლოებით 400 წლის წინ გამოიცა, Sotheby’s-ის აუქციონზე $2.4 მილიონად გაიყიდა. წიგნი, რომელშიც მწერლის 36 პიესაა შესული, კერძო კოლექციონერმა შეიძინა.

ფოტო: Sotheby’s

ცნობისთვის, ზემოხსენებული კრებულის მხოლოდ 750 ეგზემპლარია გამოცემული. აქედან, როგორც ცნობილია, ამ დრომდე მხოლოდ 220-მდე ასლმა მოაღწია. აღსანიშნავია, რომ ამ კრებულის გამოცემის გარეშე შექსპირის 18 ცნობილი პიესა, მათ შორის „მაკბეტი“, „იულიუს კეისარი“ და „მეთორმეტე ღამე“, დაიკარგებოდა.

წიგნი ინგლისელმა მსახიობებმა, ჯონ ჰემინჯისმა და ჰენრი კონდელმა შეადგინეს და 1623 წელს, შექსპირის გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ გამოსცეს.

შექსპირის პიესების კრებულის ზემოხსენებული ეგზემპლარი ბოლოს 1996 წელს გაიყიდა და კერძო კოლექციონერის მფლობელობაში გადავიდა. აქვე აღსანიშნავია, კერძო კოლექციაში ამ კრებულის მხოლოდ 20 ასლი ინახება, დანარჩენი კი საჯარო არქივებშია დაცული.

2023 წლის ევროვიზიას უკრაინის სახელით ბრიტანეთი უმასპინძლებს

2023 წლის ევროვიზიას უკრაინის სახელით დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს. უკრაინის ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებელი ღონისძიებაზე BBC-სთან ერთად მუშაობას დასთანხმდა.

შეგახსენებთ, წლევანდელ ევროვიზიაზე უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა. ტრადიციის შესაბამისად კი კონკურსის მომდევო ღონისძიებას წინა წლის გამარჯვებული სახელმწიფო მასპინძლობს. თუმცა ივნისში ევროვიზიის მმართველი ორგანოს საბჭომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ქვეყნის ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებელი (UA:PBC) ევროვიზიის მასპინძლობისთვის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა.

ფოტო: telegraph.co.uk

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინის ხელისუფლებაში. ქვეყნის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ გასულ თვეში Guardian-ს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროვიზიის მასპინძლობისთვის მზად არის. მისი თქმით, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU), რომელიც ამ ღონისძიების ორგანიზატორია, უნდა განიხილოს, თუ როგორ შეცვალოს კონკურსის გამართვის წესები იმ ქვეყნისთვის, რომელიც დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის იბრძვის.

საბოლოოდ მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს, რის შემდეგაც ევროვიზიის მასპინძლობის უფლება დიდ ბრიტანეთს მიენიჭა, რომლის წარმომადგენელმაც წლევანდელ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ცენტრში უკრაინა იქნება – ის 2023 წლის ევროვიზიის ფინალში ავტომატურად მოხვდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ლოგო, რომელიც კონკურსის გამართვის უჩვეულო გარემოებებზე მიანიშნებს.

ნოემბერში მიშელ ობამას ახალი წიგნი გამოვა

მიშელ ობამამ მეორე ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით „The Light We Carry“ დაწერა, რომელიც 15 ნოემბერს გამოიცემა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ სოციალურ მედიაში გაავრცელა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ უნდა დარჩე კონცენტრირებული სამყაროში, რომელიც სავსეა გაურკვევლობებით. ამ პროცესმა მიბიძგა დამეწერა ახალი წიგნი – „The Light We Carry“ – რომელიც 15 ნოემბერს გამოვა“, – ასეთი ტექსტი დაურთო მიშელ ობამამ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც სწორედ ახალ წიგნზე საუბრობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობამას ახალ წიგნს საგამომცემლო სახლი Penguin Random House-ი დაბეჭდავს. საწყის ეტაპზე მისი 2.75 მილიონი ეგზემპლარის გამოშვება იგეგმება. აქვე აღსანიშნავია, რომ წიგნი 27 ქვეყანაში 14 ენაზე გამოიცემა.

როგორც გამომცემელმა Associated Press-ს განუცხადა, „The Light We Carry“ ობამას პირველი წიგნის გაგრძელებას არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის სადებიუტო ავტობიოგრაფიულ წიგნს „Becoming“, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გამოიცა, საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად. გამოქვეყნებიდან 15 დღეში, აშშ-სა და კანადაში, მისი 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. Penguin Random House-ის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში წიგნის 17 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

2022 წლის MTV VMA-ის ნომინანტები ცნობილია

2022 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდოს ნომინანტების ვინაობა ცნობილია. აღსანიშნავია, რომ წელს გამარჯვებულები 22 გენდერულად გაუმიჯნავ კატეგორიაში გამოვლინდებიან. მათ შორის ორი ახალი კატეგორიაა – საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეოკლიპი და საუკეთესო შესრულება მეტავერსში.

წელს ყველაზე მეტი, 7-7 ნომინაცია ჯეკ ჰარლოუმ, კენდრიკ ლამარმა და Lil Nas X-მა მიიღეს. 2022 წლის MTV-ის ჯილდოზე სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებული ასევე არიან ბილი აილიში, დრეიკი, ედ შირანი, დუა ლიპა, ტეილორ სვიფტი და The Weeknd-ი.

MTV-ის დაჯილდოების ცერემონია 28 აგვისტოს ნიუ-ჯერსიში გაიმართება, მანამდე კი პრესტიჟულ ჯილდოზე ძირითად კატეგორიებში ნომინირებულთა სიას წარმოგიდგენთ:

წლის საუკეთესო ვიდეოკლიპი
  • Doja Cat – „Woman“
  • დრეიკი ft. Future & Young Thug – „Way 2 Sexy“
  • ედ შირანი – „Shivers“
  • ჰარი სტაილზი – „As It Was“
  • Lil Nas X, ჯეკ ჰარლოუ – „INDUSTRY BABY“
  • ოლივია როდრიგო – „brutal“
  • ტეილორ სვიფტი – „All Too Well“ (10 Minute Version) (Taylor’s Version)
წლის საუკეთესო შემსრულებელი
  • Bad Bunny
  • დრეიკი
  • ედ შირანი
  • ჰარი სტაილზი
  • ჯეკ ჰარლოუ
  • Lil Nas X
  • Lizzo
წლის საუკეთესო სიმღერა
  • ადელი – „Easy On Me“
  • ბილი აილიში – „Happier Than Ever“
  • Doja Cat – „Woman“
  • ელტონ ჯონი & დუა ლიპა – „Cold Heart (PNAU Remix)“
  • Lizzo – „About Damn Time“
  • The Kid LAROI & ჯასტინ ბიბერი – „STAY“
საუკეთესო ახალბედა შემსრულებელი
  • Baby Keem
  • დოვ კამერონი
  • GAYLE
  • Latto
  • Måneskin
  • SEVENTEEN
საუკეთესო პოპსიმღერა
  • ბილი აილიში – „Happier Than Ever“
  • Doja Cat – „Woman“
  • ედ შირანი – „Shivers“
  • ჰარი სტაილზი – „As It Was“
  • Lizzo – „About Damn Time“
  • ოლივია როდრიგო – „traitor“
საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერა
  • ემინემი & Snoop Dogg – „From The D 2 The LBC“
  • Future ft. დრეიკი, Tems – „WAIT FOR U“
  • კენდრიკ ლამარი – „N95“
  • Latto – „Big Energy“
  • ნიკი მინაჟი ft. Lil Baby – „Do We Have A Problem?“
  • Pusha T – „Diet Coke“
საუკეთესო როკსიმღერა
  • Foo Fighters – „Love Dies Young“
  • ჯეკ უაიტი – „Taking Me Back“
  • Muse – „Won’t Stand Down“
  • Red Hot Chili Peppers – „Black Summer“
  • Shinedown – „Planet Zero“
  • Three Days Grace – „So Called Life“
საუკეთესო პერფორმანსი მეტავერსში
  • BLACKPINK The Virtual | PUBG
  • BTS | Minecraft
  • Charli XCX | Roblox
  • ჯასტინ ბიბერი – An Interactive Virtual Experience | Wave
  • Rift Tour ft. არიანა გრანდე | Fortnite
  • Twenty One Pilots Concert Experience | Roblox
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *