ღვინისა და ბრენდის უმსხვილესი მწარმოებლები

ღვინისა და ბრენდის უმსხვილესი მწარმოებლები

2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და ბრენდის ექსპორტით კომპანიებმა 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული მოცულობაა. მხოლოდ ღვინის ექსპორტმა $250 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში საქართველოდან ექსპორტზე 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ასევე ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. აქედან მიღებული თანხა ათასობით მევენახესა და ათობით კომპანიაზე გადანაწილდა.

მკვეთრი ზრდა იყო ბრენდის ექსპორტის მხრივაც: რაოდენობრივად ექსპორტზე 42.2 მილიონი 0.5-ლიტრიანი ბოთლი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 30%-ით მეტია.

$400-მილიონიანი საექსპორტო ბრუნვით ალკოჰოლური სასმელების სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სფეროდ იქცა. თუმცა ამ ზრდაში წამყვანი როლი რუსეთის ბაზარმა შეასრულა, სადაც ქართული პროდუქცია 2013 წლიდან დაბრუნდა. 2021 წელს რუსეთიდან მიღებულმა შემოსავალმა $172 მილიონ დოლარს მიაღწია.

თუმცა 2022 წლიდან ეს სექტორი უკვე ახალი რეალობის წინაშე დადგა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა განაპირობა. რუსეთში წელს 8%-იანი ეკონომიკური ვარდნაა მოსალოდნელი. IMF-ის პროგნოზით, უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება. არსებულ ვითარებაში რუსულ ბაზარზე მილიონობით დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი კიდევ უფრო მწვავე მორალურ პრობლემადაც იქცა, რის გამოც ბაზრის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ, “თბილღვინომ” რუსეთიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ალკოჰოლური სასმელების კომპანიები წლიდან წლამდე უფრო გამჭვირვალეები ხდებიან და საკუთარ ფინანსურ შედეგებს ასაჯაროებენ. ამ ანგარიშგებების თანახმად, ბაზრის #1 მოთამაშეა ჯგუფი Bolero & Company, რომელიც როგორც ღვინის, ასევე ბრენდის უმსხვილესი ექსპორტიორია. კომპანია აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოში მოყვანილი ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტს ამუშავებენ. ჯგუფის შემადგენელი კომპანიების ჯამური შემოსავალი 2020 წელს 186 მილიონ ლარს აღემატებოდა.

მეორე ადგილზეა ჯგუფი “კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) რომლის შემოსავალიც 108 მილიონ ლარს აღემატებოდა. მთლიანობაში ალკოჰოლური სასმელების ტოპ-25 მწარმოებლის ჯამური შემოსავალი 900 მილიონ ლარს აღწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *