გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირა მეცნიერების სფეროს მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა განაცხადა, რომ ადამიანები მარსზე მიმდინარე ათწლეულის დასასრულამდე იმოგზაურებენ. მეცნიერებმა კი იმ ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დაადგინეს, რომელსაც წლის დასაწყისში ღორის გული ისტორიაში პირველად გადაუნერგეს. გარდა ამისა, გასულ დღეებში ორი მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა – ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, კოვიდის მძიმე ფორმამ შესაძლოა, ადამიანის IQ 10 ერთეულით შეამციროს; მეორეს თანახმად, სოციალური მედიის გამოყენებაზე მხოლოდ ერთი კვირით უარის თქმაც კი ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 14.9 მილიონს შეადგენს; სანქციების გამო რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო; ჩინელი მეცნიერების განცხადებით, მთვარეზე გაგზავნილი ეკიპაჟის წევრები დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გრუნტში არსებული ნივთიერებების ჟანგბადისა და საწვავის საწარმოებლად გამოყენებას შეძლებენ.

მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.

SpaceX-ის პრეზიდენტის თქმით, ადამიანები მარსზე ამ ათწლეულში იმოგზაურებენ

SpaceX-ის პრეზიდენტმა და მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა, გვინ შოტველმა CNBC-ისთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ადამიანები მარსზე მიმდინარე ათწლეულის დასასრულამდე იმოგზაურებენ.

„ვფიქრობ, ეს ამ ათწლეულში მოხდება. ჩემი აზრით, ხუთ ან ექვს წელიწადში ხალხი დაინახავს, რომ იქ [მარსზე] გამგზავრება რეალურად არის შესაძლებელი”, – განაცხადა შოტველმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში მარსზე მოგზაურობის ვადებთან დაკავშირებით განცხადება SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმაც გააკეთა. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა მაშინ თქვა, რომ ამისთვის დაახლოებით ერთი ათწლეული იქნებოდა საჭირო. კომპანიის პრეზიდენტის ბოლო განცხადებამ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ SpaceX-ი მარსზე ეკიპაჟიანი მისიის განხორციელებას 2020-იანი წლების დასასრულამდე ეცდება.

ფოტო: NASA

ილონ მასკის კომპანია წლებია, მუშაობს იმკოსმოსური ხომალდის შექმნასა და განვითარებაზე, რომელიც ადამიანების, ასევე ტვირთვის მთვარესა და მარსზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აპარატი, რომელიც Starship-ის სახელწოდებით არის ცნობილი, სწორედ ამ მიზნით, მრავალჯერადი გამოყენებისთვის შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ Starship-ის სადებიუტო ფრენა დედამიწის ორბიტაზე გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა ამის შემდეგ აპარატის გაშვება არაერთხელ გადაიდო. როგორც ცნობილია, სატესტო მისიის განსახორციელებლად SpaceX-მა აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან ნებართვა უნდა მიიღოს. პროცედურის დასრულება მაისის ბოლომდეა მოსალოდნელი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Starship-ს ტეხასის შტატში მდებარე Starbase-ის სახელწოდებით ცნობილი ბაზიდან, ნებართვის მიღებიდან მალევე გაუშვებენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ NASA-მ პროგრამა „არტემისის“ ფარგლებში SpaceX-თან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მწარმოებელი Starship-ით ასტრონავტების მთვარეზე დასმას უზრუნველყოფს. ბოლო ინფორმაციით, ისტორიული მისიის განხორციელება 2026 წელს იგეგმება.

ადამიანი, რომელსაც ღორის გული პირველად გადაუნერგეს, შესაძლოა, ამ ცხოველის ვირუსმა იმსხვერპლა

მერილენდის მკვიდრი დევიდ ბენეტი, რომელსაც ქირურგებმა, ისტორიაში პირველად, ღორის გული გადაუნერგეს, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ, მარტში გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. გამოცემა MIT Technology Review-ის თანახმად, ცოტა ხნის წინ პაციენტის ექიმმა აღმოაჩინა, რომ ქსენოტრანსპლანტაციის წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა, ღორის ვირუსი გამხდარიყო, რომელიც ინფიცირებული ორგანოს გადანერგვის შედეგად ბენეტის სხეულში გავრცელდა.

დევიდ ბენეტს, რომელსაც გულის ბოლო სტადიის დაავადება ჰქონდა, ოპერაცია ბალტიმორში მდებარე მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 7 იანვარს ჩაუტარდა. როგორც ექიმები აცხადებდნენ, ორგანიზმმა ღორის გული წარმატებით მიიღო, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და ის 8 მარტს გარდაიცვალა.

ფოტო: AP

სპეციალისტებმა პაციენტის გარდაცვალების მიზეზის გამოკვლევა დაიწყეს. ბარტლი გრიფიტის განცხადებით, რომელიც გადანერგვის ოპერაციას უძღვებოდა, გული ღორის ციტომეგალოვირუსით დაინფიცირდა, რაც შესაძლოა, ბენეტის გარდაცვლების მიზეზად იქცა.ღორი, რომლის გულიც დევიდ ბენეტს გადაუნერგეს, ბიოტექნოლოგიური კომპანია Revivicor-ის მიერ იყო გამოზრდილი. კომპანიაში მომუშავე მეცნიერებმა ცხოველის გენეტიკა ისე შეცვალეს, რომ მას არ ჰქონდა გენი, რომელიც ალფა-გალაქტოზაზეა პასუხისმგებელი. ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანიზმი ვერ ეთვისება.

ბარტლი გრიფიტის განცხადებით, თუკი ქსენოტრანსპლანტაციის წარუმატებლობის მიზეზი ნამდვილად ვირუსია, მომავალი ოპერაციების დროს ამ დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელი იქნება.

კოვიდის მძიმე ფორმამ შესაძლოა, ადამიანის IQ 10 ერთეულით შეამციროს

კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, კოვიდის მძიმე ფორმით გადატანის შემთხვევაში შესაძლოა, ადამიანის კოგნიტიური შესაძლებლობები დაქვეითდეს და IQ 10 ერთეულით შემცირდეს. მეცნიერების განცხადებით, მიყენებული კოგნიტიური ზიანი შესაძლოა, 20 წლით დაბერების მსგავსი ეფექტის მქონე იყოს.

სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა კიდევ ერთ ახალ მტკიცებულებას იძლევა იმის შესახებ, რომ კორონავირუსული ინფექცია გრძელვადიან კოგნიტიურ და მენტალურ პრობლემებს იწვევს.

სამეცნიერო ჟურნალ eClinicalMedicine-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში იმ დაკვირვების ობიექტების შესახებაა საუბარი, რომელთაც კოვიდი მძიმე ფორმით გადაიტანეს და იმის მსგავსი კოგნიტიური დაბერება განიცადეს, როგორიც ადამიანებში, ჩვეულებრივ, 50-დან 70 წლამდე ასაკში იჩენს თავს. კვლევის მიხედვით, კოგნიტიური უნარების დაქვეითება განსაკუთრებით გამოკვეთილი იმ შემთხვევებში იყო, როდესაც პაციენტებმა კოვიდის დროს ხელოვნური სუნთქვის აპარატით ისარგებლეს.

ფოტო: WHO

გარდა ამისა, კვლევით დადგინდა, რომ კოვიდით მძიმედ დაავადებულთა კოგნიტიური დეფიციტის აღმოსაფხვრელად უფრო გრძელვადიანი მკურნალობაა საჭირო. მსგავს დასკვნამდე მეცნიერები აქამდე ჩატარებული არაერთი საუნივერსიტეტო-სამეცნიერო კვლევის შედეგად მივიდნენ. ზემოთ აღნიშნული კვლევის მიხედვით კი დადგინდა, რომ დაავადების სირთულე რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზეც ახდენს გავლენას.

თუმცა ზუსტად რა იწვევს გრძელვადიან კოგნიტიურ უარყოფით ეფექტს, ჯერჯერობით უცნობია. პოტენციურ გამომწვევ მიზეზად მეცნიერები ადამიანის იმუნურ სისტემას ასახელებენ. სპეციალისტები უფრო დაზუსტებული პასუხების გაცემას სამომავლოდ დაგეგმილი კვლევების შედეგად შეეცდებიან.

კვლევა: სოციალურ მედიაზე დროებით უარის თქმა მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ბათის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, სოციალური მედიის გამოყენების მხოლოდ ერთი კვირით შეწყვეტაც კი ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი ამერიკულ გამოცემა Cyberpsychology, Behavior and Social Networking-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში 18-დან 72 წლამდე ასაკის 154 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც სოციალურ მედიას – Facebook-ს, Twitter-ს, TikTok-ს ყოველდღიურად იყენებდნენ. მეცნიერებმა ცდისპირები ორ ჯგუფში გაანაწილეს. პირველ ჯგუფში შემავალ ადამიანებს სოციალური მედიის გამოყენებაზე ერთი კვირით უარის თქმა დაევალათ, მეორე ჯგუფში შემავალმა პირებმა კი მისით სარგებლობა ჩვეულებრივ გააგრძელეს.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა კვლევის დასაწყისში ცდისპირთა მენტალური კეთილდღეობა, ასევე შფოთვისა და დეპრესიის ხარისხი შეაფასეს.

ფოტო: Getty Images

ცდაში მონაწილეები კვლევის დაწყებამდე სოციალურ მედიაში კვირაში საშუალოდ 8 საათს ატარებდნენ. ცდისპირებს, რომლებსაც მისგან ერთკვირიანი შესვენება სთხოვეს, მათთან შედარებით, ვინც სოციალური მედიის გამოყენებას განაგრძობდა, ამ ვადის გასვლის შემდეგ მენტალური კეთილდღეობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ, ხოლო დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები საგრძნობლად შესუსტდა.

მეცნიერები მომავალში შეეცდებიან დაადგინონ, რა სარგებელს მოიტანს მენტალური ჯანმრთელობისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე უფრო ხანგრძლივად უარის თქმა. თუ ეფექტი გრძელვადიანად შენარჩუნდება, მკვლევრების ვარაუდით, ეს შესაძლოა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვაში დაგვეხმაროს.

WHO: კოვიდმა, რეალურად, თითქმის 15 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაადგინა, რომ კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 14.9 მილიონს შეადგენს, რაც თითქმის სამჯერ აღემატება ოფიციალურ მაჩვენებელს. WHO-მ დასკვნები ცოტა ხნის წინ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე პრესრელიზის სახით გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის გამოთვლით, COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების 84% სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ევროპასა და ამერიკაში ფიქსირდება. გარდა ამისა, საერთო სიკვდილიანობის 68% მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის. პრესრელიზში ეს სახელმწიფოები ნახსენები არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ 14.9 მილიონი გარდაცვლილიდან 81%-ს საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.

ფოტო: Shutterstock

WHO-ს ინფორმაციით, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ხანდაზმულებში. ამას გარდა, ჯანმოს ცნობით, კოვიდით გარდაცვლილთა 57%-ს მამაკაცები შეადგენენ, 43%-ს კი – ქალები.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული რიცხვი მოიცავს როგორც უშუალოდ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებელს, ასევე დაავადების თანამდევი, შემდგომი გართულებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობას. გარდა ამისა, ეს რიცხვი ასახავს ადამიანთა რაოდენობას, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვის გამო საჭირო მკურნალობა ვერ ჩაუტარდათ, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

მეცნიერების თქმით, მთვარის გრუნტიდან ჟანგბადისა და საწვავის წარმოებაა შესაძლებელი

ჩინეთში მდებარე ნანკინის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მთვარეზე გაგზავნილი ეკიპაჟის წევრები დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გრუნტში არსებული ნივთიერებების ჟანგბადისა და საწვავის საწარმოებლად გამოყენებას შეძლებენ. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემა Joule-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები აღნიშნულ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც 2020 წლის ბოლოს ჩინეთის კოსმოსური ხომალდის, Chang’e 5-ის მიერ შეგროვებული მთვარის ნიმუშები გააანალიზეს. სპეციალისტებმა ობიექტის ზედაპირიდან აღებულ მასალაში რკინითა და ტიტანით მდიდარი ნივთიერებები აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ეს ნივთიერებები შესაძლოა, მზის სინათლისა და ნახშირორჟანგის გამოყენებით კატალიზატორის მსგავსად მოქმედებდეს.

ფოტო: NASA

მეცნიერების განცხადებით, მთვარის გრუნტის წყლის ელექტროლიზისთვის გამოყენება და შედეგად, ჟანგბადისა და წყალბადის მიღებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, მთვარეზე მყოფი ეკიპაჟის წევრების მიერ ამოსუნთქული ნახშირორჟანგის წყლის ელექტროლიზის შედეგად მიღებულ წყალბადთან კომბინაციით ნახშირწყალბადები, მათ შორის მეთანი წარმოიქმნება, რომელიც საწვავად გამოიყენება.

ახალი მიგნება მთვარეზე მისიების განხორციელების ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და მკვლევრებს იქ ხანგრძლივად დარჩენის საშუალებას მისცემს. სასიცოცხლო რესურსების ადგილობრივად წარმოების შესაძლებლობა დედამიწიდან მათ ტრანსპორტირების საჭიროებს.

სანქციების გამო რუსეთი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დატოვებს

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორის, დმიტრი როგოზინის განცხადებით, ქვეყანამ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სახელმწიფოსთვის დაწესებულ ეკონომიკური სანქციებია.

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არ ვართ ვალდებულნი, ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს მოვალეობებს შევასრულებთ და პარტნიორებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამუშაოების შეწყვეტის შესახებ წლიური ანგარიშით შევატყობინებთ“, – განაცხადა დმიტრი როგოზინმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამის ფარგლებში სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ როგოზინმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა. მაშინ „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა თქვა, რომ პარტნიორობა მანამდე შეწყდებოდა, სანამ რუსეთის ფედერაციის მიმართ უკანონოდ დაწესებული სანქციები არ გაუქმდებოდა.

ფოტო: ESA

საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ორბიტაზე 1998 წელს გაიყვანეს. ეს არის მულტიეროვნული სამეცნიერო პროექტი, რომელიც აშშ-ის, რუსეთის, ევროპის, კანადისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების თანამშრომლობით ხორციელდება. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ სააგენტოების რიგებს მალე „როსკოსმოსი“ გამოაკლდება. ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2025 წლისთვის რუსეთი დედამიწის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგურის გაშვებას გეგმავს, ასევე ISS-ის 2024 წელს დატოვების გეგმამაც გაიჟღერა.

შეგახსენებთ, რომ NASA-მ ISS-ის ექსპლუატაციის თარიღის 2030 წლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტოს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წყნარ ოკეანეში ჩაძირავენ.