ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკური კალენდარი ნაკლებად დატვირთული იქნება. თუმცა მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იქნება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი რაუნდის სანქციების დაწესების  შესახებ დისკუსიები. ევროპა ახლოსაა ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, რაც რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს გამოიწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ნავთობის ახალი მიმწოდებლების მოძიება მოუწევთ.

გარდა ამისა, ევროკავშირში ინდუსტრიული წარმოების მარტის მაჩვენებელი გახდება ცნობილი. რუსეთი კი თებერვლის სავაჭრო ბალანსს გამოაქვეყნებს.

მიმდინარე კვირას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთიც მარტის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ. ასევე ბრიტანეთი პირველი კვარტალის მშპ-ს და ბიზნესის ინვესტიციების მონაცემებს გაასაჯაროებს. მშპ-ის პირველი კვარტალის მაჩვენებლის გამოქვეყნებას ელოდებიან ჰონკონგშიც.

პარალელურად, ჩინეთი გეგმავს ვაჭრობისა და ინფლაციის განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას. აღნიშნული მონაცემებით კიდევ ერთხელ ნათელი გახდება, თუ რა გავლენა მოახდინა კოვიდრეგულაციებმა ბოლო პერიოდში მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე. ეკონომისტების პროგნოზით, ექსპორტის ზრდა 2020 წლის შუა პერიოდის შემდეგ ყველაზე დაბალი იქნება. აღსანიშნავია, რომ შანხაიში ლოკდაუნმა არაერთი ისეთი ქარხნის მუშაობა შეაფერხა, რომლებიც გლობალურ ბაზრებს ამარაგებენ.

რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირას საქსტატი 2022 წლის აპრილის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს და სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს (2022 წლის აპრილი) გამოაქვეყნებს.