გასული კვირა მეცნიერების სფეროსთვის, განსაკუთრებით კი მედიცინის დარგისთვის სიახლეებით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. FDA-მ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა, რომელსაც ჭარბწონიანობასთან ბრძოლის პოტენციალი აქვს. ბრიტანელმა მეცნიერებმა კი განაცხადეს, რომ ახალი პრეპარატით კატარაქტისგან განკურნება ოპერაციის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის პარალელურად, Moderna-მ აფრიკაში აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო.
რაც შეეხება კოსმოსის კვლევის მიმართულებით მომხდარ სიახლეებს – გასულ კვირას გაირკვა, რომ ჩინეთი 2023 წლისთვის დედამიწის დაბალ ორბიტაზე თავისი პირველი ტელესკოპის გაშვებას გეგმავს; NASA-მ და Boeing-მა კი კოსმოსური კაფსულა Starliner-ი გამოცადეს. მოცემული ბლოგი მეცნიერების სფეროს სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მოვლენებს ეთმობა.
FDA-მ დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა, რომელსაც ჭარბწონიანობასთან ბრძოლის პოტენციალი აქვს
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცა. მედიკამენტი, სახელწოდებით Mounjaro კვირაში ერთხელ ინიექციის შემთხვევაში სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის სხვა თერაპიებთან შედარებით გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი ასევე შეიძლება იყოს სასარგებლო ჭარბწონიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც პაციენტები სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად აწყდებიან, Mounjaro-სთვის ავტორიზაციის მინიჭება მნიშვნელოვანი წინსვლაა მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ“, – განაცხადეს FDA-ს წარმომადგენლებმა.
Mounjaro მიეკუთვნება დიაბეტის სამკურნალო წამლების ახალ კლასს, რომელიც გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის (GLP-1) ჰორმონის მიბაძვით არის შექმნილი. ეს ჰორმონი ბუნებრივად გამოიყოფა ნაწლავებში და ცნობილია, რომ ის სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, ასევე მადას აკონტროლებს. პირველი მსგავსი პრეპარატი, სახელწოდებით Wegovy, მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ FDA-მ ჯერ კიდევ 2017 წელს დაამტკიცა.
ახალი მედიკამენტი Wegovy-ისგან ოდნავ განსხვავებულად მოქმედებს. იგი GLP-1-ისა და ნაწლავის კიდევ ერთი ჰორმონის, კუჭის ინჰიბიტორული პოლიპეპტიდის (GIP) იმიტაციისთვის არის შექმნილი. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ჰორმონების კომბინაცია მე-2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ უფრო ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ GLP-1-ზე დაფუძნებული თერაპია.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ Wegovy ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო ძლიერ მედიკამენტად აღიარეს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი აღნიშნულ პრობლემას იმ ადამიანებშიც ებრძვის, რომლებსაც დიაბეტი არ აწუხებთ. აქედან გამომდინარე, გასულ წელს FDA-მ Wegovy დაამტკიცა, როგორც ჭარბწონიანობის სამკურნალო საშუალება.
მეცნიერებმა ამ მიმართულებით Mounjaro-ს თვისებებიც შეისწავლეს. კვლევის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, პრეპარატის მომხმარებელ ცდისპირთა ორი მესამედის წონა ერთი წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, Mounjaro-სთვის ჭარბწონიანობასთან საბრძოლველი მედიკამენტის სტატუსის მინიჭებამდე ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი.
ახალი პრეპარატით კატარაქტისგან განკურნება ოპერაციის გარეშე იქნება შესაძლებელი
გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ანგლია რასკინის უნივერსიტეტში (ARU) მომუშავე მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, მათ კატარაქტის სამკურნალო ახალი მედიკამენტით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევისას დადებითი შედეგი მიიღეს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული თერაპიის მეშვეობით დაავადებისგან განკურნება მალე ქირურგიული ჩარევის გარეშე იქნება შესაძლებელი.
კატარაქტა თვალის ბროლის დაბინდვაა, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება და მხედველობის ხარისხზე ახდენს გავლენას. დაავადება ორგანოს აღნიშნულ რეგიონში ცილების დეზორგანიზაციით არის გამოწვეული, რაც ამ უკანასკნელის გროვების წარმოქმნას განაპირობებს. ეს გროვები სინათლეს ფანტავს და მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათ ბადურასკენ გადაგზავნას.
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ანგლია რასკინის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების მეთაურობით, ჩაატარეს ცდები ოქსისტეროლის ნაერთის გამოყენებით, რომელსაც, პოტენციურად, კატარაქტის სამკურნალო პრეპარატად მიიჩნევენ.
თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ VP1-001-ის სახელწოდებით ცნობილი ნაერთით მკურნალობამ თვალის ბროლების 61%-ის შემთხვევაში ფოკუსირების უნარის შესანარჩუნებლად საჭირო ძირითადი ოპტიკური პარამეტრის გაუმჯობესება განაპირობა. ეს ბროლში ცილოვანი დარღვევის აღმოფხვრით გახდა შესაძლებელი, რაც სინათლის ბადურასკენ გაგზავნას ხელს უშლიდა.
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დეტალური ინფორმაცია რეცენზირებად ჟურნალ Investigative Ophthalmology and Visual Science-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია მოცემული.
Moderna-მ აფრიკაში აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო
ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ აფრიკაში ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის, იმავე HIV-ის საწინააღმდეგო ვაქცინით კლინიკური კვლევის პირველი ფაზა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მედიკამენტი აშშ-ში უკვე გამოცადა და დამაიმედებელი შედეგებიც მიიღო.
Moderna-ს პრეპარატი mRNA-ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, ისევე როგორც კომპანიის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მწარმოებლის მიზანი მედიკამენტის დახმარებით bnAbs-ის სახელწოდებით ცნობილი ანტისხეულების წარმოქმნის სტიმულირებაა, რომლებიც HIV-1-ის მრავალ ვირუსულ შტამს ანეიტრალებენ. Moderna-ს ვაქცინა B ლიმფოციტებს, რომლებიც იმუნური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, ამ ანტისხეულების გამომუშავებას „ასწავლის“.
Moderna-მ HIV-ის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი კლინიკური ტესტირება აშშ-ში, მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაატარა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, იმუნური პასუხი ცდისპირთა 97%-ში გააქტიურა. აღსანიშნავია, რომ ცდები ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანებზე ჩატარდა.
რაც შეეხება აფრიკას, იქ ცდებს არაკომერციული ორგანიზაცია, შიდსის ვაქცინის საერთაშორისო ინიციატივა (IAVI) აფინანსებს. როგორც ცნობილია, კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში მონაწილეობას 18 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი მიიღებს. მათ Moderna-ს აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა გაუკეთდებათ. სპეციალისტები ცდისპირებს ექვსი თვის განმავლობაში დააკვირდებიან და ვაქცინის უსაფრთხოების, ასევე მისი ეფექტიანობის განსაზღვრას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
ჩინეთი შორეული გალაქტიკების შესასწავლად 2023 წელს კოსმოსში ტელესკოპს გაუშვებს
ჩინეთი 2023 წლის ბოლოსთვის დედამიწის ორბიტაზე თავისი პირველი კოსმოსური ტელესკოპის გაშვებას გეგმავს. აზიური სახელმწიფოს კოსმოსური სააგენტო (CNSA) მისი დახმარებით, შორეული გალაქტიკების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, ასევე ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის საიდუმლოებების ამოხსნას შეეცდება.
აპარატი, სახელწოდებით CSST ოპტიკური, ულტრაიისფერი კოსმოსური ობსერვატორიაა, რომელიც 2 მეტრი დიამეტრის მქონე ობიექტივით აღიჭურვება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ტელესკოპისა და NASA-ს კუთვნილი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გარჩევადობა ერთმანეთის მსგავსი იქნება, CSST-ის ხედვის არე ამ უკანასკნელისას 350-ჯერ აღემატება. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო ასტრონომიული ობსერვატორია ავრცელებს.
ზემოხსენებული იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებს CSST ერთდროულად ცის ბევრად უფრო დიდ მონაკვეთზე დაკვირვების საშუალებას მისცემს, ვიდრე 32 წლის „ჰაბლი“. წინასწარი ცნობით, ჩინური ტელესკოპი თავისი 2,5-მილიარდპიქსელიანი კამერით შორეულ კოსმოსურ ობიექტებს 10-წლიანი მისიის განმავლობაში შეისწავლის.
აღსანიშნავია, რომ ჩინური ტელესკოპი დედამიწის დაბალ ორბიტაზე პლანეტიდან იმავე დისტანციაზე განლაგდება, რომელზეც აზიური ქვეყნის კოსმოსური სადგური Tiangong-ი იმყოფება.
ევროპასა და ამერიკაში ინფექციური დაავადება „მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელგიაში, იტალიასა და შვედეთში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე – კანადასა და აშშ-ში „მაიმუნის ყვავილის“ სახელწოდებით ცნობილი ინფექციური დაავადების შემთხვევები გამოვლინდა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „მაიმუნის ყვავილით“ დაავადების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 1958 წელს დაფიქსირდა. დაავადება, რომელსაც ორთოპოქსვირუსი იწვევს, კვლევითი მიზნებისთვის განკუთვნილ მაიმუნში გამოვლინდა. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება.
რაც შეეხება ადამიანებს, „მაიმუნის ყვავილით“ დაავადების პირველი შემთხვევა 1970 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. ამის შემდეგ ვირუსული დაავადება ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაში: კამერუნში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კოტ-დ’ივუარში, გაბონში, ლიბერიაში, ნიგერიასა და სიერა-ლეონეში გავრცელდა. „მაიმუნის ყვავილის“ გამომწვევი ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა უმეტესობა დღემდე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია გამოვლენილი.
ვირუსის ძირითად გამავრცელებლად მღრღნელები მიიჩნევიან. ის ადამიანის ორგანიზმში სავარაუდოდ ცხოველის ნაკბენის ან ნაკაწრის გზით აღწევს. დაავადების ტიპური სიმპტომებია ცხელება და სითხით სავსე, ბუშტუკების მსგავსი გამონაყარი მთელ სხეულზე. დაავადების ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები იშვიათია, თუმცა ეს ინფიცირებულის სხეულზე არსებულ გამონაყართან უშუალო კონტაქტის შედეგად ხდება.
„მაიმუნის ყვავილით“ დაავადების შემთხვევები აფრიკის კონტინენტის გარეთ აქამდეც დაფიქსირებულა, თუმცა ინფიცირებულებს აფრიკულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. ახლა კი, როგორც ირკვევა, დაავადებულთა ნაწილს შეხება არ ჰქონია არც აფრიკასთან და არც „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსით ინფიცირებულ პირთან. გარდა ამისა, მეცნიერების ყურადღებას დაავადების გავრცელების სწრაფი ტემპიც იპყრობს.
NASA-მ და Boeing-მა კოსმოსური კაფსულა Starliner-ი გამოცადეს
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) და აეროკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია Boeing-მა კაფსულა, სახელწოდებით Starliner-ი გამოცადეს. ეკიპაჟის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი აპარატი სატესტო მისიის ფარგლებში კომპანია United Launch Alliance-ის რაკეტა Atlas V-ით ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული ბაზიდან დედამიწის ორბიტაზე 19 მაისს გაუშვეს. ეს Starliner-ის რიგით მე-2 ორბიტული საცდელი ფრენაა.
Boeing-ის მიერ დამზადებული კაფსულა 21 მაისს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. Starliner-მა აღნიშნული მანევრი პირველად შეასრულა. გეგმის მიხედვით, აპარატი ISS-ზე ოთხი ან ხუთი დღის განმავლობაში დარჩება, შემდეგ კოსმოსურ სადგურს გამოეყოფა და პარაშუტის დახმარებით აშშ-ის დასავლეთ ნაწილში დაეშვება.
შეგახსენებთ, რომ Starliner-ის პირველი ორბიტული მისია 2019 წელს განხორციელდა. მაშინ კაფსულამ დედამიწის დაბალ ორბიტას მიაღწია, თუმცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთება გარკვეული პროგრამული ხარვეზების გამო ვერ შეძლო.
NASA-მ Boeing-თან კონტრაქტი 2014 წელს გააფორმა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი კაფსულის შექმნისთვის კომპანიას $4.2 მილიარდი გამოუყო. ბოლო ტესტირების წარმატებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, Starliner-ი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას მალე შეუდგება.