გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. შვეიცარიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სხეულის გარეთ სამი დღის განმავლობაში შენახული ღვიძლი, რომელიც ერთი წლის წინ პაციენტს გადაუნერგეს, წარმატებით ფუნქციონირებს. ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ წამლების ახალმა კომბინაციამ ფილტვის კიბოთი დაავადებული ადამიანების სიცოცხლე გაახანგრძლივა.

ბოლო დღეებში სიახლეებით განსაკუთრებით დატვირთული კოსმოსის ათვისების მიმართულება აღმოჩნდა. ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა თავისი რიგით მე-5 ეკიპაჟიანი სუბორბიტული ფრენა შეასრულა. ამასთანავე, ჩინეთმა ახალ კოსმოსურ სადგურ Tiangong-ზე სამი ასტრონავტი გაგზავნა. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ რუსი კოსმონავტი SpaceX-ის Crew-5-ის მისიის ფარგლებში ISS-ზე NASA-ს ასტრონავტებთან ერთად გაემგზავრება – ის ფრენის წინა მომზადებას აშშ-ში გადის. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტების სკაფანდრებს, რომლებსაც ისინი ღია კოსმოსში გასვლისას და მთვარის მისიის დროს გამოიყენებენ, ორი ამერიკული კომპანია, Axiom Space-ი და Collins Aerospace-ი დაამზადებს.

მოცემულ ბლოგში გასული კვირის განმავლობაში მეცნიერების სფეროში მომხდარ სწორედ ამ მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობით.

ქირურგებმა სხეულის გარეთ სამი დღის განმავლობაში შენახული ღვიძლი ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს

მოცემული დროისთვის მხოლოდ აშშ-ში ორგანოს ტრანსპლანტაციას 100,000-ზე მეტი ადამიანი ელოდება. აქედან 11,403-ს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება. ყოველდღიურად კი დონორის მოლოდინში მყოფი დაახლოებით თორმეტი ადამიანი იღუპება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ღვიძლი ყინულში მაქსიმუმ 12 საათის განმავლობაში ინახება. მეცნიერების ახალმა მიგნებამ შესაძლოა, მომავალში ეს სურათი რადიკალურად შეცვალოს.

გამოცემა Nature Biotechnology-ში ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, პაციენტი, რომელსაც ახალი მეთოდის გამოყენებით სხეულის გარეთ სამი დღის განმავლობაში შენახული ღვიძლი გადაუნერგეს, ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ თავს კარგად გრძნობს, ორგანო კი გამართულად ფუნქციონირებს.

შვეიცარიაში მდებარე ციურიხის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მომუშავე მეცნიერებმა ღვიძლის სამი დღის განმავლობაში ორგანიზმის გარეთ შენახვა მანქანური პერფუზიის მეშვეობით შეძლეს – ტექნოლოგიის, რომელიც ორგანოსთვის სისხლის შემცვლელის მიწოდებას უზრუნველყოფს.

მოცემული ტექნოლოგია, სავარაუდოდ, ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის ხელმისაწვდომი დონორი ორგანოების რაოდენობას გაზრდის. გარდა ამისა, შესაძლებელს გახდის, ოპერაცია რამდენიმე დღით ადრე დაინიშნოს, რაც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

ფოტო: Getty Images

აღსანიშნავია, რომ ქირურგებმა მანქანური პერფუზიის გამოყენებით შენახული ორგანო გადაუნერგეს პაციენტს, რომელსაც ღვიძლის რამდენიმე სერიოზული დაავადება, მათ შორის ციროზი და მძიმე პორტალური ჰიპერტენზია აწუხებდა. ტრანსპლანტაციის შემდეგ, ახალ ორგანიზმში გადანერგილმა ღვიძლმა ფუნქციონირება წარმატებით დაიწყო.

მეცნიერების განცხადებით, ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი ღვიძლის შესანახად აღნიშნული მეთოდის დანერგვამდე კიდევ არაერთი კვლევაა საჭირო, თუმცა უკვე მიღებული შედეგი იმედის საფუძველს ნამდვილად იძლევა.

Blue Origin-მა თავისი მე-5 ეკიპაჟიანი სუბორბიტული ფრენა შეასრულა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა თავისი რიგით მე-5 ეკიპაჟიანი სუბორბიტული ფრენა შეასრულა. მისიის ფარგლებში New Shepard-ის სახელწოდებით ცნობილი ხომალდით ექვსმა ადამიანმა იმოგზაურა.

აპარატი აშშ-ის ტეხასის შტატის დასავლეთ ნაწილში მდებარე Blue Origin-ის კუთვნილი კოსმოდრომიდან 4 ივნისს გაუშვეს. მისგან გამოყოფილმა სამგზავრო კაფსულამ ჩვენი პლანეტისა და კოსმოსის გამყოფი, ხმელეთიდან 100 კილომეტრით დაშორებული ე.წ. კარმანის ხაზი გადაკვეთა და გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

ცნობისთვის, 4 ივნისს შესრულებული ფრენა ბეზოსის კომპანიისთვის, საერთო ჯამში, 21-ე მისიაა. სწორედ ამიტომ, უკანასკნელ მისიას Blue Origin-მა NS-21 უწოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიამ უკვე ხუთი ეკიპაჟიანი სუბორბიტული ფრენა შეასრულა, აქედან ორი – მიმდინარე წელს. ბოლოს წინა მისია 31 მარტს განხორციელდა. დანარჩენი სამი ფრენა კი New Shepard-მა ეკიპაჟთან ერთად 2021 წლის ივლისში, ოქტომბერსა და დეკემბერში შეასრულა.

ფოტო: spaceflightnow.com

Blue Origin-ის სადებიუტო ეკიპაჟიანი მისიაში, რომელიც გასული წლის 20 ივლისს შედგა, მონაწილეობა კომპანიის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა საკუთარ ძმასთან, მარკ ბეზოსთან ერთად მიიღო.

ბეზოსის კომპანიას არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენის გადახდა მოუწიათ New Shepard-ის უკანასკნელი მისიის მგზავრებს ხომალდის ბორტზე მოსახვედრი ბილეთის სანაცვლოდ. აქვე აღსანიშნავია, რომ Blue Origin-ის მთავარი კონკურენტი სუბორბიტალური კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიაში, ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-ი, მოცემული დროისთვის, VSS Unity-ის სახელწოდებით ცნობილ აპარატზე ერთ ადგილს 450,000 აშშ დოლარად ჰყიდის.

ბრენსონის კომპანია, რომელმაც უკვე ოთხი ეკიპაჟიანი ფრენა შეასრულა, სრულად კომერციული მისიების განხორციელებას 2023 წლიდან გეგმავს.

ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე სამი ასტრონავტი გაუშვა

ჩინეთმა ახალ კოსმოსურ სადგურ Tiangong-ზე სამი ასტრონავტი გაგზავნა. Shenzhou 14-ის სახელწოდებით ცნობილი ხომალდი, რომლის ბორტზეც ეკიპაჟი იმყოფებოდა, გობის უდაბნოში მდებარე ბაზიდან რაკეტა Long March 2F-ით 4 ივნისს გაუშვეს.

როგორც ირკვევა, Shenzhou 14-ის ეკიპაჟის სამი წევრი ჯერ კიდევ მშენებარე Tiangong-ის ძირითად მოდულ Tianhe-ზე ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.

Shenzhou 14-ის მისიის მეთაური 43 წლის ჩენ დონგია, რომელსაც მანამდე მონაწილეობა მიღებული აქვს 2016 წელს განხორციელებულ Shenzhou 11-ის მისიაში. ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი ასევე 43 წლის ლიუ იანგია. ლიუ 2012 წელს გახდა პირველი ქალი ჩინეთში, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა – ის Shenzhou 9-ის ბორტზე იმყოფებოდა. ეკიპაჟის მესამე წევრი, 46 წლის კაი ქსუჟესთვის კი ეს კოსმოსში სადებიუტო მოგზაურობაა.

ფოტო: REUTERS

ასტრონავტების დავალება დედამიწის ორბიტაზე გაშვებული Tiangong-ის ორი მოდულის, Wentian-ისა და Mengtian-ის მანევრირების გაკონტროლებაა. პირველ მათგანს კოსმოსში ივლისის ბოლოს, მეორეს კი ოქტომბერში გაგზავნიან. გარდა ამისა, ეკიპაჟი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ღია კოსმოსში გასვლას, სადგურზე მოწყობილობების დამონტაჟებასა და სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებას გეგმავს.

წინასწარი ინფორმაციით, ჩინეთის კოსმოსურ სადგურზე მომდევნო ეკიპაჟიანი მისია, Shenzhou 15 დეკემბერში განხორციელდება.

წამლების ახალმა კომბინაციამ ფილტვის კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლე გაახანგრძლივა

Lung-MAP-ის სახელწოდებით ცნობილი კვლევის ფარგლებში ჩატარებული ცდის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი დაავადებული პაციენტების სიცოცხლე ორი მედიკამენტის, Cyramza-სა და Keytruda-ს კომბინაციით გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა. წამლების ეს კომბინაცია ბევრად ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამ ტიპის სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული სტანდარტული თერაპია.

მეცნიერებმა კვლევის შედეგები 3 ივნისს კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების (ASCO) ყოველწლიურ შეხვედრაზე წარმოადგინეს. რაც შეეხება ნაშრომს, ის გამოცემა Journal of Clinical Oncology-შია გამოქვეყნებული.

ფოტო: medicalnewstoday.com

Lung-MAP-ის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში, სახელწოდებით S1800A-ში ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი დაავადებულმა 136-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Cyramza-სა და Keytruda-ს კომბინაციით გამოყენების შემთხვევაში პაციენტების სიცოცხლე 14.5 თვემდე გახანგრძლივდა, სტანდარტული მკურნალობის შემთხვევაში კი 11.6 თვემდე. პირველი მეთოდით 69 ადამიანს, მეორით კი 67 პაციენტს უმკურნალეს.

აღსანიშნავია, რომ წამლების კომბინაციის შემთხვევაში უკუჩვენებები ცდისპირების 43%-ში გამოვლინდა. მკურნალობის  სტანდარტული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში კი თანმდევმა მოვლენებმა თავი ცდაში მონაწილე პირთა 60%-ში იჩინა.

რუსი კოსმონავტი SpaceX-ის Crew-5-ის მისიისთვის მზადებას აშშ-ში გადის

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. თუმცა, როგორც ჩანს, ოფიციალური პირების ნაწილი ცდილობს, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური მშვიდობისა და თანამშრომლობის სიმბოლოდ შეინარჩუნოს.

ამის მაგალითი ისაა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს მომდევნო, Crew-5-ის სახელწოდებით ცნობილი მისიის ფარგლებში SpaceX-ის ხომალდ Crew Dragon-ით ამერიკელ ასტრონავტებთან ერთად რუსი კოსმონავტი, ანა კიკინა გაემგზავრება. უნდა ითქვას, რომ NASA-მ და „როსკოსმოსმა“ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომამდე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ კიკინა პირველი კოსმონავტი გახდება, რომელიც ISS-ზე SpaceX-ის ხომალდით გაემგზავრება.

ფოტო: Maxim Blinov

ორბიტული სადგურის პროგრამის მენეჯერმა, ჯოელ მონტალბანომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსი კოსმონავტი გასულ კვირას ჰიუსტონში იმყოფებოდა და Crew-5-ის მისიისთვის მზადებს გადიოდა. როგორც ცნობილია, ის ივნისის შუა რიცხვებში მომზადებას SpaceX-ის საწვრთნელ ბაზაზეც გაივლის, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს.

გეგმის მიხედვით მისია Crew-5 მიმდინარე წლის სექტემბერში განხორციელდება. ამავე თვეში დაგეგმილ მისია Soyuz MS-22-ის ფარგლებში კი „როსკოსმოსის“ კუთვნილი ხომალდით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ასტრონავტი, ფრენკ რუბიო გაემგზავრება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა Tass-სა და RIA Novosti-ს განუცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ქვეყანა ISS-ის პროგრამას გამოეთიშება. თუმცა, როგოზინმა განმარტა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამუშაოების შეწყვეტის შესახებ პარტნიორებს ერთი წლით ადრე ოფიციალურად შეატყობინებს.

NASA-ს მთვარის მისიისთვის ასტრონავტების სკაფანდრებს ორი კერძო კომპანია დაამზადებს

ამიერიდან, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტების სკაფანდრებს, რომლებსაც ისინი ღია კოსმოსში გასვლისას და მთვარის მისიის დროს გამოიყენებენ, ორი ამერიკული კომპანია, Axiom Space-ი და Collins Aerospace-ი დაამზადებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, წლების განმავლობაში, ასტრონავტების სკაფანდრებს თავად NASA კერავდა.

ახალი სკაფანდრები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება NASA-ს პროგრამა “არტემისისთვის”, რომელიც 2025 წლისთვის მთვარის ზედაპირზე ადამიანის დაბრუნებას ისახავს მიზნად. აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ამ მისიის განხორციელების თარიღი 2024 წლით განისაზღვრა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის 2025-შიც ვერ შესრულდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაბრუნდება ადამიანი მთვარეზე, NASA-ს სურს, მისი ასტრონავტები იქ არსებული გარემოსთვის შესაფერისი სკაფანდრებით იყვნენ აღჭურვილნი.

ფოტო: Getty Images

საინტერესოა, რომ Artemis-ის პროგრამის ამ ნაწილის გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ NASA-ს ასტრონავტების სკაფანდრების წარმოების შეფერხებაა, რაც არაერთი აუდიტორული დასკვნით დასტურდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, 15-წლიანი წვალების შემდეგ, ასტრონავტების სკაფანდრების წარმოება NASA-მ კონტრაქტორებს დაუკვეთა. აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება $3.5 მილიარდს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *